2024 წლის 11 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის საოქმო განჩინებით, არ დაკმაყოფილდა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის შუამდგომლობა საზოგადოებრივი ადვოკატების სააპელაციო საჩივარზე, დავის საგნის არარსებობის გამო, საქმისწარმოების შეწყვეტის თაობაზე და სასამართლომ განმარტა, რომ მომჩივანს აქვს იურიდიული ინტერესი სამსახურის შინაგანაწესში განხორციელებული ცვლილებების კანონიერების შემოწმებისა და უფლებრივი მდგომარეობის დარღვევის შემოწმების საკითხზე.
„ახალგაზრდა ადვოკატები“, საქმის მასალებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს წესით გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც კანონიერად შეფასდა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის შინაგანაწესში განხორციელებული 2020 წლის 7 სექტემბერს განხორციელებული ცვლილებები. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურმა, 2023 წელს დღეს, დამდგარი შედეგების გამო, სადავო ნორმები გააუქმა და ახალი შინაგანაწესი მიიღო, მაგრამ დებულებები და მოთხოვნები, რომელიც სადავო პერიოდში იქნა განხორციელებული, თანაბრად იწვევდა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურში დასაქმებული საზოგადოებრივი ადვოკატების თანასწორუფლებიანობის პრინციპის დარღვევას და შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის პროცესში გაუმართლებელი ჩარევის დაშვებას. ცვლილება მაშინ განხორციელდა სამსახურის შინაგანაწესში, შინაგანაწესის მოქმედების შედეგად კი, ანონიმური შეტყობინებების საფუძველზე, დაიწყო საზოგადოებრვი ადვოკატების დევნა და დასჯის პროცესი, რაც გახდა კიდეც სარჩელის აღძვრის საფუძველი.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ფართო გაგებით, მართალია, აღარ არსებობს დავის საგანი, მაგრამ არსებობს იურიდიული ინტერესი, რომელიც სადავო პერიოდში მიღებული ცვლილებების კანონიერების დადგენას შეეხება. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, ამჟამად განხილვის საგანია 2020 წლის 7 სექტემბერს განხორციელებული ცვლილებების მართლზომიერების შეფასება:
- სადავო პერიოდში მოქმედი ბრძანების მე-9 ნაწილის 6.3.3.1 პუნქტის „ბ" ქვეპუნქტის თანახმად, დისციპლინური გადაცდომად ითვლებოდა სამსახურის შინაგანაწესის, სამსახურის დებულების, იურიდიული დახმარების საბჭოს გადაწყვეტილებების, დირექტორის ბრძანებებისა და სამსახურის სხვა აქტების დარღვევა, მათი შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება.
- სადავო პერიოდში პერიოდში მოქმედი ბრძანების მე-9 ნაწილის 6.3.4.2 პუნქტის „ა" ქვეპუნქტის თანახმად, დისციპლინურ გადაცდომად ითვლებოდა მძიმედ, თუ დისციპლინურმა გადაცდომამ გამოიწვია დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის რეპუტაციის შელახვა, რაც გამორიცხავს ამ პირის მიერ მომავალში სამსახურეობრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას ან/და სამსახურს აკარგვინებს ნდობას დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ.
- სადავო პერიოდში პერიოდში მოქმედი ბრძანების მე-9 ნაწილის 6.3.4.2 პუნქტის „ბ" ქვეპუნქტის თანახმად, დისციპლინური გადაცდომა ითვლებოდა მძიმედ, თუ დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა სამსახურის რეპუტაციას.
- სადავო პერიოდში პერიოდში მოქმედი ბრძანების მე-9 ნაწილის 6.3.4.2 პუნქტის „ე" ქვეპუნქტის თანახმად, დისციპლინური გადაცდომა ითვლებოდა მძიმედ, თუ თანამშრომელმა არ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა იურიდიული დახმარების საბჭოს გადაწყვეტილებები ან/და ამ გადაწყვეტილებების საფუძველზე სამსახურის დირექტორის მიერ გამოცემული აქტები.
- სადავო პერიოდში პერიოდში მოქმედი ბრძანების მე-9 ნაწილის 6.3.5.1 პუნქტის თანახმად, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები იყო: ა) გაფრთხილება, ბ) საყვედური, გ) თანამდებობრივი სარგოს 10 პროცენტიდან 50 პროცენტამდე დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით, დ) სამსახურიდან გათავისუფლება.
- სადავო პერიოდში პერიოდში მოქმედი ბრძანების მე-9 ნაწილის 6.3.12.1 პუნქტის თანახმად, დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველს წარმოადგენდა სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის თაობაზე საჩივრის ან განცხადების ან სხვა დოკუმენტის ან ინფორმაციის არსებობა.
„ახალგაზრდა ადვოკეტების“ განმარტებით, გაუქმებული ცვლილებების მიუხედავად, კრიტიკას ვერ უძლებს სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომელიც ახალისებდა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ქცევას თავისუფალი აზრის მქონე საზოგადოებრივი ადვოკატების დასჯაზე. მით უფრო, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის შინაგანაწესში ცვლილებებს წინ უძღვოდა საქმიანობის შეფასების ახალი სისტემის მიღება. დოკუმენტში არსებით მნიშვნელობას იძენდა „სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული კონსულტაცია და იურიდიული დახმარების ხარისხის სტანდარტი", „სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების კრიტერიუმები", „სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების წესი", „იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის შეფასების უფლებამოსილება და პროცედურა". აღნიშნული დოკუმენტიც, ადვოკატის დამოუკიდებლობის სამართლებრივი გარანტიების შეზღუდვისა და პროფესიული საქმიანობაში ჩარევის საშიშროებიდან გამომდინარე, გასაჩივრებულია სასამართლო წესით.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება და ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება გარანტირებულია კანონით. სახელმწიფოს მცდელობა ჩაეროს ადვოკატის თავისუფალ პროფესიაში მისი საქმიანობის შეფასების ან/და კონტროლის კუთხით, ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ პრინციპს და წარმოადგენს განსაკუთრებული დაცვის სფეროს. სასამართლომ, ერთხელ უკვე მიუთითა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურს, რა დროსაც მკაფიო დასკვნები გაკეთდა იდენტური ხასიათის სადავო საკითხზე - „ადვოკატის დამოუკიდებლობის პრინციპი სახელმწიფოს ავალდებულებს, დაიცვას და შექმნას ქმედითი მექანიზმი ადვოკატის დამოუკიდებლობის სტანდარტის, როგორც ნორმატიული, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით და სრულიად მიუღებელია თვისობრივად განსხვავებული ამოცანების მქონე რეგულაციების, სათანადო და საფუძვლიანი გააზრების გარეშე დამკვიდრება. ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული რეგულაციების დამდგენი წესები უნდა იყოს ნათელი და განსაზღვრულობის მოთხოვნებთან შესაბამისი, პირს უნდა შეეძლოს, ზუსტად გაარკვიოს, თუ რას მოითხოვენ მისგან და მიუსადაგოს ამ მოთხოვნას თავისი ქცევა" (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება, საქმეზე: #3/3094-16), თუმცა ახალი შეფასების სისტემა, კვლავ ახალი გამოწვევევის წინაშე ამყოფებს საზოგადოებრივ ადვოკატებს.
ცნობისთვის: სარჩელი სამსახურის შინაგანაწესში არსებული ცვლილებების ბათილად ცნობის მოთხოვნით სასამართლოში წარდგენილი იქნა 2020 წლის 27 ოქტომბერს. საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ია ლაბაძემ განიხილა, ხოლო ამჟამად, თბილისის სააპელაციო სასამართლოში მას მოსამართლეები: მერაბ ლომიძე (თავმჯდომარე), გია ბერაია და ლაშა თავართქილაძე განიხილავენ. საზოგადოებრივი ადვოკატების ინტერესებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი წარმოადგენს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში დავას თავდაპირველი 22 საზოგადოებრივი ადვოკატიდან 8 საზოგადოებრივი ადვოკატი აგრძელებს, მათ შორის 1 მათგანი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ 2023 წლის 19 ივლისიდან სამსახურიდან გათავისუფლდა სწორედ იმ მუხლების საფუძველზე, რომელიც სადავო შინაგანაწესში იქნა მიღებული და აღნიშნული მომჩივანის მიმართ უსაფუძვლოდ გამოყენებული. გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობაზე ცალკე სამართალწარმოებაც მიმდინარეობს.