2024 წლის 20 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა გარდაცვლილი ბიზნესმენ არსენ კუტალაძის ოჯახის საქმის განხილვას გააგრძელებს, რომელიც რესტორან „ურმულისა“ და საცხოვრებელი სახლის, მისამართზე: თბილისი, ესმა ონიანის ქუჩა, ნამდვილი მესაკუთრისთვის დაბრუნების საკითხს შეეხება. გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დასახელებული ქონებები გარდაცვლილი არსენ კუტალაძის ძმის - მერაბ კუტალაძისა და ძმისშვილის - გიორგი კუტალაძის სახელზე გადაფორმება თვალთმაქცურ და მოჩვენებით გარიგებებად არ იქნა მიჩნეული.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ საქმე ეხება სარესტორნო, მოძრავი ტექნიკისა და დისტრიბუციის სფეროში ცნობილი ბიზნესმენის არსენ კუტალაძის გარდაცვალების შემდეგ გაცხადებულ ფაქტებს, რა დროსაც მეუღლე მარინე წამალაიძემ აღმოაჩინა, რომ შპს ,,A M D“-ის 100% წილი არსენ კუტალაძის მიერ უსასყიდლოდ იქნა დათმობილი ძმის - მერაბ კუტალაძის მიმართ, ხოლო მშენებარე სახლი - ჩუქების ხელშეკრულებით არასრულწლოვანი ძმისშვილის - გიორგი კუტალაძის მიმართ. ამდენად, ოჯახმა გამოკვეთილი ფაქტების ფონზე, დავა დაიწყო წილის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით.
„ახალგაზრდა ადვოკატები“, საქმის მასალებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ 2011 წლის 13 აპრილის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერით, შპს „A M D“-ს 100%-იანი წილის მფლობელად რეგისტრირებული იყო მხოლოდ არსენ კუტალაძე. აღნიშნული მონაცემი, სადავო გარიგებით, შეიცვალა მხოლოდ 2016 წლის 29 ივნისს. ამასთან, 2016 წლის 24 ივნისის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერის თანახმად, მისამართზე: ქ. თბილისი, ესმა ონიანის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრედ რეგისტრირებული იყო მხოლოდ არსენ კუტალაძე. აღნიშნული მონაცემი, სადავო გარიგებით, შეიცვალა მხოლოდ 2016 წლის 29 ივნისს.
დადგენილია, რომ 2016 წლის 20 ივნისს, 21:31 საათზე, მეუღლეებს შორის მოხდა კონფლიქტი. მარინე წამალაიძემ ოჯახური ძალადობის ფაქტი დააფიქსირა პოლიციასთან. შეტყობინების ოფიციალურ ამონაწერში ვკითხულობთ, რომ მეუღლეებს შორის ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას. არსენ კუტალაძის მიმართ გამოწერილი იქნა შემაკავებელი ორდერი, ხოლო 2016 წლის 30 ივნისს, მარინე წამალაიძემ განცხადებით მიმართა პოლიციას და არსენ კუტალაძის მიმართ მოსალოდნელი სისხლისამართლებრივი ბრალდების თავიდან არიდების მიზნით, მოითხოვა სამართლებრივი რეაგირება აღარ მისცემოდა 20/06/2019 განცხადებას. ერთმნიშვნელოვნად, 2016 წლის 20 ივნისიდან 2016 წლის 30 ივნისამდე პერიოდი, უკიდურესად მძიმე და რთული იყო მეუღლეების ცხოვრებაში. საკითხი დაისვა მეუღლეებს შორის განქორწინების შესახებ. მერაბ კუტალაძემ, რომელსაც გარდაცვლილ ძმაზე მნიშვნელოვანი დარწმუნების მოხდენის საშუალება ჰქონდა, არსენ კუტალაძე განაწყო, რომ განქორწინების შემთხვევაში, მარინე წამალაიძე მიმართავდა სასამართლოს და მოითხოვდა წილს სახლიდან და ბიზნესიდან. სწორედ ამ მოლოდინის გათვალისწინებით, არსენ კუტალაძე შპს-ს წილსა და მასზედ არსებულ ბიზნესს აფორმებს მერაბ კუტალაძის მიმართ, ხოლო სახლს - ჩუქების ხელშეკრულებით ძმისშვილის - გიორგი კუტალაძის მიმართ. განქორწინების ფაქტის ნამდვილობას საქმეზე წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულება ადასტურებს.
2016 წლის 20 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში ხდება სადავო გარიგებების წარმოქმნა, გადამალვა ან მოტყუებით დაუფლება, იმ ობიექტური განსჯის საფუძველზე, თუ რა მიზანი ამოძრავებდა არსენ კუტალაძეს და რა მიზანი ამოძრავებდა, მათ შორის დღემდე მერაბ კუტალაძეს, სადავო პერიოდში ჩუქების ხელშეკრულების არასრულწლოვანი მხარის, ასევე კანონიერ წარმომადგენელს.
სადავო გარიგებები და სადავო ქონებები მერაბ კუტალაძის სახელზე აღირიცხა ყოველგვარი სასყიდილიანი პირობის გარეშე, რაც ასევე მიუთითებს გარიგების მიზანზე. დგინდება, რომ ამ ნდობისა და განსაკუთრებული ურთიერთობის გამოძახილს წარმოადგენდა არსენ კუტალაძის ოჯახის თანხმობაც მერაბ კუტალაძის ოჯახი დროებით საცხოვრებლად გადასულიყო სადავო სახლში. მერაბ კუტალაძე ოჯახთან ერთად სადავო ფართში მას შემდეგ გადავიდა, რაც მიწისძვრის შედეგად დაზიანდა მისი ძირითადი საცხოვრებელი კორპუსი თემქაზე. არსენ კუტალაძის ოჯახი შემოსავალს იღებდა სარესტორნო ბიზნესიდან მუდმივად, რომელიც შპს „A M D“-ს ეკუთვნოდა. შესაბამისად, სადავო გარიგების წარმოქმნის დროსაც და ახლაც, მერაბ კუტალაძე ფლობდა და ფლობს ინფორმაციას, რომ სადავო ქონებები წარმოადგენდა მეუღლეთა თანასაკუთრებას და გარიგებები მოსაჩვენებლად დაიდო.
აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილი ბიზნესმენის მეუღლისთვის სადავო რესტორნისა და საცხოვრებელი სახლის გასხვისების თაობაზე ცნობილი არსენ კუტალაძის დაღუპვის შემდეგ, 2019 წლის 9 იანვრის შემდეგ, სამკვიდრო ქონებაზე სანოტარო მოქმედებების შედეგად გახდა. დავაში მონაწილე მოპასუხე მხარე - მერაბ კუტალაძე აცხადებდა, რომ სასარჩელო მოთხოვნები ხანდაზმული იყო, სადავო აქტების გასაჩივრება სადავო გარიგებების წარმოქმნის თარიღიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა სასამართლომ აღნიშნული მტკიცება უარყო და ცალსახად დაადასტურა, რომ მარინე წამალაიძემ გასხვისებული ქონებების შესახებ სწორედაც 2019 წლის 9 იანვრის შემდეგ შეიტყო. შესაბამისად, სარჩელი არ მიიჩნია ხანდაზმულად. ასევე, სასამართლომ მოწინააღმდეგე მხარეს არ დაუკმაყოფილა მოთხოვნა, რომლითაც უფლებამონაცვლეობის დადგენის უარყოფასა და საქმისწარმოების შეწყვეტას ისახავდა მიზნად.
მიუხედავად ასეთი მიდგომებისა, თბილისის საქალაქო სასამართლო ვერ აღმოჩნდა გავლენებისგან თავისუფალი და გარიგებების ბათილად ცნობა მხოლოდ ერთადერთი მოტივაციით არ მოახდინა - დაეყრდნო მოწმეთა ჩვენებებს, რომლებიც სადავო სახლის მშენებლობის პროცესში მონაწილეობდნენ, როგორც მშენებლები, როგორც არქიტექტორები და ამბობდნენ, რომ დამკვეთს მხოლოდ მერაბ კუტალაძე წარმოადგენდა. რაც შეეხება სარესტორნო წილის უსასყიდლოდ გადასვლის გარემოებას, სასამართლომ აღნიშნა, რომ არსენ კუტალაძეს თავისუფალი ნება ჰქონდა გამოვლენილი. მართალია, სასამართლომ უდავო ფაქტობრივ გარემოებად დაადგინა კონფლიქტი და განქორწინების წინაპირობა, მაგრამ სამართლებრივი შეფასება შეგნებულად არ მიუცია მისი თანმდევი შედეგისთვის.
ცნობისთვის: 2019 წლის 9 იანვარს, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის დეპარტამენტის მე-4 განყოფილებაში დაიწყო და დღემდე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანის მე-9 კმ.-ზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურ „რომპეტროლის“ ტერიტორიაზე არსენ კუტალაძის გარდაცვალების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. არსენ კუტალაძე ეწეოდა მრავალმხრივ ბიზნეს-საქმიანობას. კერძოდ, 2013 წლის 29 მაისიდან გახლდათ დაფუძნებული შპს „LTD.NAN“-ის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი, რომელიც ბაზარზე წარმოდგენილი იყო მძიმე ტექნიკის გაქირავებით ცნობილი კომპანია. იმავდროულად, არსენ კუტალაძე წილს ფლობდა 2005 წლის 28 სექტემბერს დაფუძნებულ შპს „კ.მ.კ % კომპანია“-ში, 2006 წლის 2 მაისს დაფუძნებულ შპს „რადამოტორს“-სა და 2017 წლის 15 სექტემბერს დაფუძნებულ შპს „ა. მ. ტრანს“-ში. მას დარჩა სამი შვილი და იმ პირობებშიც, როდესაც არასრულწლოვანებს სჭირდებოდათ სათანადო სოციალური გარემო, დამაჯერებლობას მოკლებულია უსასყიდლოდ სარესტორნო წილის დათმობა და საცხოვრებელი სახლის გაჩუქება, თუნდაც ოჯახის ახლო წევრის მიმართ. დღეს არასრულწლოვანები სოციალურ შემწერობას იღებენ და მერაბ კუტალაძესთან ერთად, პაპა-ბებიამაც უარი თქვა სარჩელოს ვალდებულების შესრულებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმე მოსამართლე ლიანა კაჟაშვილმა განიხილა. გასაჩივრებული 2023 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება მოპასუხე მხარის დარბაზში გამოუცხადებლობის ფონზე, მანდატურის სამსახურის წარმომადგენლების მოხმობით გამოაცხადა. სასამართლოს ასეთი წინსწრები ზომების მიღება თავად მეტყველებს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მოსამართლის მიუკერძოებლობის ხარისხზე. საქმე თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლე გელა ქირიას გადაეცა, რომელმაც აპლენატს საქმის დასრულებამდე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი გადაუვადა. 2024 წლის დასაწყისში, ყველასთვის მოულოდნელად, მოსამართლე გელა ქირია საქმეს ჩამოშორდა, მიზეზად კი საქმეთა განხილვის კატეგორიის შეცვლა დასახელდა. ამჟამად, საქმეს მოსამართლეები: გია ბერაია (თავმჯდომარე), მერაბ ლომიძე და გოჩა ჯეირანაშვილი განიხილავენ.