არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს პარლამენტში კვლევის: „მოქალაქეები მთავრობის საჯარო პოლიტიკის პროცესში“ პრეზენტაცია გამართა. ორგანიზაციის მიერ ჩატარებული მონიტორინგის ფარგლებში, რომელიც ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, საქართველოს მთავრობის 19 სამინისტროდან თანამშრომლობის სურვილი 18 სამინისტროს უფლებამოსილმა პირმა გამოთქვა. დაუზუსტებელი გარემოებით, ორგანიზაციის მიმართვა გამოხმაურების გარეშე დატოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
ორგანიზაცია დაინტერესდა საქართველოს მოქალაქეების საჯარო უწყებებისადმი მიმართვიანობის სტატისტიკის გამოკვლევით და 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ცვლილებების პროცესში, მონიტორინგის მიზნად დაისახა:
- ყოფილი და მოქმედი მთავრობების საჯაროობის შემოწმება;
- მოქალაქეების საჯარო უწყებებისადმი მიმართვიანობის მაჩვენებლის დადგენა
- საჯარო უწყებების მხრიდან მოქალაქეების მიმართ ჯეროვანი კომუნიკაციის დადგენა
- ადმინისტრაციული საჩივრების მომზადებისა და განხილვის სტატისტიკა
- საჯარო უწყებების გამოვლენა, მოქალაქეებთან მათი ანგარიშვალდებულების მიხედვით
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“, თითოეული სამინისტროსგან მოითხოვეს შემდეგი სახის საჯარო ინფორმაცია:
- 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 27 სექტემბრის მდგომარეობით, რამდენი მოქალაქის განცხადება დარეგისტრირდა?
- 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 27 სექტემბრის მდგომარეობით, რამდენი რეგისტრირებულ განცხადებას უპასუხა საჯარო ადმინისტრაციულმა ორგანომ?
- 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 27 სექტემბრის მდგომარეობით, რეგისტრირებული რამდენი განცხადებაა ამჟამად განხილვის პროცესში?
- 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 27 სექტემბრის მდგომარეობით, რამდენი ადმინისტრაციული საჩივარი შემოვიდა? რა სტატისტიკა არსებობს მათი განხილვის დროს?
- 2011 წლის 1 ოქტომბრიდან 2012 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, რამდენი მოქალაქის განცხადება იყო რეგისტრირებული?
- 2011 წლის 1 ოქტომბრიდან 2012 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, თქვენმა უწყებამ რამდენი ადმინისტრაციული საჩივარი განიხილა?
„ახალგაზრდა ადვოკატების“ მონიტორინგმა ცხადყო, რომ მოქალაქეთა მიმართვიანობა საქართველოს სამინისტროებისადმი 2012 წლის 1 ოქტომბრიდან - 2013 წლის 27 სექტემბრის მდგომარეობით, შედარებით 2011 წლის 1 ოქტომბრიდან 2012 წლის 1 ოქტომბრამდე, გაორმაგებულია.
2011 წლის 1 ოქტომბრიდან 2012 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, ცხრამეტივე სამინისტროს, ერთად, მოქალაქეებმა 159 009 განცხადებით/წერილით მიმართეს, ხოლო 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 27 სექტემბრის მდგომარეობით, სამინისტროებში 295 033 განცხადება/წერილია რეგისტრირებული. მოქალაქეთა აქტიურობა ორჯერ უფრო მეტია ადმინისტრაციული საჩივრების მიხედვითაც. 2011 წლის 1 ოქტომბრიდან 2012 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, სამინისტროებმა დაარეგისტრირეს 402 ადმინისტრაციული საჩივარი, ხოლო 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 27 სექტემბრის მდგომარეობით - 885.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ მონიტორინგით გამოვლინდა, რომ 2011–2013 წლებში, საქართველოს მთავრობის სამინისტროებს მიმართა 454 042 მოქალაქემ, ხოლო ადმინისტრაციული საჩივრით 1287 ადამიანმა.
ორგანიზაციის მონიტორინგით, რეალობა ცხადყოფს, რომ გამოკვლეულ წლებში შეცვლილია მოსახლეობის დამოკიდებულება სამინისტროებისადმი, რაც გამოიხატება გაორმაგებული მიმართვიანობით. მოქალაქეების ასეთი აქტიურობა გამოწვეული უნდა იყოს იმ საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცვლილებებით, რომელიც ქვეყანამ 2011–2013 წლებში განიცადა.
ყოფილი და მოქმედი მთავრობების საჯაროობის შემოწმებამ გამოკვეთა ის ტენდენცია, რომ თუკი მოქალაქეები 2012–2013 წლებში უფრო მეტად მიმართავდნენ საჯარო უწყებებს, ვიდრე 2011–2012 წლებში, მიუთითებს ინტერესების დაკმაყოფილების მოლოდინებზე ახალი ხელისუფლების პირობებში და ნდობის გაზრდას სახელმწიფო ინსტიტუციებთან ურთიერთობის დროს, რაც წარსულში, მართალია, არსებობდა, თუმცა აკლდა სიმტკიცე და მთავრობის ანგარიშვალდებულება. ამასთან, მონიტორინგმა ცხადყო, რომ სხვადასხვა პერიოდში დაწინაურებული საჯარო უწყებების მიმართ მოქალაქეების მიმართვიანობა პირდაპირ გამოკვეთს საზოგადოებაში აქტუალური სფეროების არსებობას, 2012 წლის 1 ოქტომბრის პოლიტიკური ცვლილებების განხორციელების შემდეგ კი, სამართლიანობის აღდგენის სურვილს. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, ამ პროცესში, მოქალაქისა და საჯარო დაწესებულების კომუნიკაცია არ დარჩეს ცალმხრივი და კანონმდებლობის დაცვით მოხდეს ყველა საჯარო ინტერესზე დროული რეაგირება.
მნიშვნელოვანია, საზოგადოება სამომავლოდაც აქტიური გახდეს საჯარო უწყებებთან კომუნიკაციის დროს, რაც ხელს შეუწყობს აღმასრულებელი ხელისუფლების საზოგადოებრივი კონტროლის სისტემის ჩამოყალიბებას, საჯარო პოლიტიკის განხორციელების პროცესში, მოქალაქე დაიჭერს ცენტრალურ ადგილს და გაზრდის მთავრობის სტრუქტურული რგოლის ანგარიშვალდებულებას დემოკრატიული მმართველობის პროცესში.