არჩილ კაიკაციშვილი - ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შელახული ავტორიტეტი უნდა გასწორდეს

15 აგვისტო, 2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლა, რაც მორიგი საკადრო ცვლილება არ არის. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საქმიანობა, ბოლო წლებში, არასახარბიელო და გამჭვირვალობის პრობლემის წინაშე დადგა. ინსტიტუციის შელახულ ავტორიტეტს ყველაზე მეტად იურიდიული საზოგადოება და უწყებაში დასაქმებული თანამშრომლები გრძნობდნენ. სამწუხაროდ, მამუკა ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობის დროს მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დადგა სწორი მენეჯმენტის, საექსპერტო საქმიანობის საზოგადოებრივი ნდობის, დასაქმებულთა უფლებების და საექსპერტო დასკვნების დასაბუთებულობის საკითხი - აღნიშნულის შესახებ განცხადებას ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი ავრცელებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, გამოკვეთილი ფაქტები, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები და საერთო სასამართლოებშიც მიმდინარე საქმეები, მათი შინაარსით, ღიად აჩვენებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ყოფილი უფროსის ხისტი, ხშირ შემთხვევაში კი - გაუგებარი მმართველობითი პოლიტიკის შედეგებს. ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, ყველაზე მძიმე და არაორდინალური შედეგები სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში, ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტსა და უფუნქციოდ, პირადი ინტერესებით მოქმედ შიდა ინსპექტირების დეპარტამენტშია, სადაც დოკუმენტურად მტკიცდება 1. ხელმძღვანელი პირების მხრიდან განზრახი და მიზანმიმართული კანონდარღვევის შემთხვევები, 2. დასკვნების ხელოვნურად შეცვლის ფაქტები, რომელსაც არაერთ შემთხვევაში, სახელმწიფო ინტერესები ეწირება, 3. დასაქმებულთა შრომითი უფლებების სისტემური დარღვევა, შევიწროვება, დისკრიმინაციული მოპყრობა და ბულინგის ფაქტები. სამწუხაროდ, თითოეულ შემთხვევასა და ფაქტზე, ბიუროს დასახელებული დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებსა და ბიუროს ყოფილ უფროსს არ გააჩნდათ დარეგულირების, რეაგირებისა და გამოსწორების ინტერესი.

არჩილ კაიკაციშვილის განმარტებით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სჭირდება კეთილსინდისიერი, იურიდიულ საზოგადოებასთან დიალოგის უნარის მქონე, ბიუროს შელახული ავტორიტეტის დაძლევაზე ორიენტირებული ხელმძღვანელი. ამასთან, შეუძლებელია წესრიგისა და შიდა თანასწორუფლებიანობის დაცვის გარეშე წარმატებული შედეგების მიღება. საჭიროა, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში განხორციელდეს გადაუდებელი საკადრო ცვლილებები. თანამდებობიდან უნდა გათავისუფლდნენ სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის, ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტისა და შიდა ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსები, რომლებიც ასრულებენ პოლიტიკურად მგრძნობიარე დავალებებს.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, რომლის ძირითადი ამოცანაა სისხლის სამართლის, სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციულ საქმეებზე სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის, საქმეში მონაწილე მხარის ან უფლებამოსილი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით, აგრეთვე საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირების, ადმინისტრაციული ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე მეცნიერების, ტექნიკის ან ხელოვნების დარგში საჭირო გარემოებების დასადგენად სპეციალური გამოკვლევების ჩატარება და შესაბამისი დასკვნების ან ცნობების მომზადება, გამჭვირვალობის, საჯაროობისა და ინსტიტუციური პასუხისმგებლობის შესრულების სერიოზული პრობლემის წინაშე დგას. ბიურო, ხშირ შემთხვევაში, მართლმსაჯულებას ვერ ეხმარება სადავო საკითხების გადასაჭრელად, რადგანაც დასახელებულ სფეროებში მომზადებული დასკვნები კრიტიკას ვერ უძლებს. აღნიშნული, პირდაპირ ასახვას ჰპოვებს ადამიანის უფლებების დაცვის გაუარესებულ ხარისხზე. ამდენად, მთლიანობაში, საკითხი დგას უწყებრივი ფუნქციის აღდგენასა და განხორციელებაში, რასაც პროფესიონალები, დარგის სპეციალისტები და შესაბამისი სპეციალიზაციის მქონე ადამიანური რესურსი სჭირდება.

შესაბამისად, ხარვეზები და ჩავარდნები უმოკლესს დროშია აღმოსაფხვრელი და თუ ახალი ხელმძღვანელი გამოწვევებზე სათანადო რეაგირებას ვერ შესძლებს, დამოუკიდებელი საექსპერტო ბიუროს იდეა, საბოლოოდ, გაჩანაგდება.

სამწუხაროდ, ამ აზრს პროფესიულ საზოგადოებაში, ბოლო წლებში, სულ უფრო მეტი ადვოკატი, მოსამართლე და მოქალაქე იზიარებს. იმედია, რეალობა შეიცვლება და ექსპერტიზის ეროვნული ბიურო შელახული ავტორიტეტს აღიდგენს.  



კომენტარები