სასამართლოს დახმარებით, 7-წლიანი განშორების შემდეგ, დედამ შვილთან ურთიერთობა აღადგინა და ბავშვი ზაფხულის არდადეგებზე გაიყვანა

22 აგვისტო, 2024

2024 წლის 9 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის დროებითი განკარგულებით, დაკმაყოფილდა მოთხოვნა, რომლითაც 7-წლიანი განშორების შემდეგ, დედამ შვილთან ურთიერთობა სრულფასოვნად პირველად აღადგინა და სასამართლოს ჩართულობის შედეგად, ზაფხულის არდადეგებზე გაყვანის შესაძლებლობა მიეცა. პრეცედენტული დავის შუალედურ გადაწყვეტილებზე ინფორმაციას ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“, საქმის მასალებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით დადგენილია, რომ არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილი, პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, განსაზღვრულია მამის - საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომელიც მდებარეობს მარტვილის მუნიციპალიტეტში. ბავშვი ფიზიკურად ცხოვრობს და იმყოფება სწორედ დასახელებულ მისამართზე. დადგენილია, რომ დედა - ცხოვრობს და იმყოფება ქ. თბილისში. თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის შედეგად, სასამართლოს ჩართულობისა და ძალისხმევის შედეგად, ხანგრძლივი ხელოვნური წყვეტის შედეგად, რამდენჯერმე შესაძლებელი გახდა დედის - შეხვედრის ორგანიზება და უზრუნველყოფა შვილთან - მარტვილის მუნიციპალიტეტში. მოგვიანებით,   შვილთან დედის ურთიერთობა გაგრძელდა სატელეფონო და სოციალური ქსელის მეშვეობით. ბავშვთან ურთიერთობა შედგა ქ. თბილისშიც. ხოლო საქმეზე ბოლო სხდომის - 2024 წლის 16 მაისის შემდეგ, ისევ სასამართლოს მითითებისა და ჩართულობის შედეგად შესაძლებელი გახდა დედის შვილთან შეხვედრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, წარმოდგენილი მასალებით ცალსახად დგინდება შვილის დედასთან ურთიერთობის ნება და ძლიერი სურვილი, რასაც, ერთის მხრივ, ხელს უშლის ტერიტორიული სიშორე, მეორეს მხრივ, მამის და მისი წარმომადგენლის კომბინირებული ხელოვნურად შექმნილი ბარიერები. 2024 წლის 16 მაისის სხდომაზე, არასრუწლოვანმა ცალსახად დააფიქსირა პოზიცია, რომ სურს დედასთან ურთიერთობა, დარჩენა, დედა დაახასიათა და მოიხსენია განსაკუთრებული სიყვარულით და სითბოთი. ბავშვის ასაკიდან, ნათელი ცნობიერებიდან და ინტერესების შესაბამისად, არსებითად მნიშვნელოვანია კიდევ უფრო მეტად აღდგეს და ორგანული გახდეს დედა-შვილს შორის ურთიერთობა. მით უფრო, როდესაც სასამართლოს არ გააჩნია არავითარი საწინააღმდეგო სამხილი და მტკიცებულება, რომ არასრულწლოვანის დედასთან ყოფნის გარემო, ან პერიოდი იქნება არაკეთილსაიმედო და საფრთხის შემცველი.

პალატა განჩინებაში მიუთითებს, რომ დავის არსიდან გამომდინარე, სასამართლომ უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უნდა გაამახვილოს არასრულწლოვანი ბავშვების საუკეთესო ინტერესებზე და სწორედ მისი დაცვის უზრუნველყოფის გათვალისწინებით გააკეთოს დასკვნა შუამდგომლობასთან მიმართებით. სასამართლომ  სარწმუნოდ უნდა  დაადგინოს  მიღებული  გადაწყვეტილების  ბავშვის  ინტერესებისათვის ყველაზე უკეთ შესაბამისობა. სასამართლოს ამგვარ დამოკიდებულებას განაპირობებს ბავშის უფლებათა კოდექსი, ასევე „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3 მუხლი, რომლის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლებების უკეთ უზრუნველყოფას.

კანონმდებლობით აღიარებულია ბავშვის უფლება ცხოვრობდეს ოჯახში, ასევე საუკეთესო ინტერესია მისი, ურთიერთობა ჰქონდეს ორივე მშობელთან, თუკი მშობლების ერთ ოჯახად ცხოვრება შეუძლებელია და ასევე თუკი თითოეული მშობელი შეესაბამება თავისი მრწამსით, ქცევით და შვილთან დამოკიდებულებით, მშობლის სტატუსს. პალატა მხედველობაში იღებს ბავშვთან გასაუბრებას, რომელიც შედგა თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2024 წლის 16 მაისს.

პალატა ყურადღებას ამახვილებს მასზედაც, რომ რაიმე შეზღუდვა მშობლის უფლებისა სასამართლოს მხრიდან დადგენილი არ არის. შესაბამისად, დედას პირველად მიენიჭა უფლება 2024 წლის აგვისტოს თვეში 10 დღის განმავლობაში წაიყვანოს არასრულწლოვანი მამის საცხოვრებელი ადგილიდან (მარტვილი) თავის საცხოვრებელ ადგილას (ქ. თბილისი) და ასევე თავისუფლად გადაადგილდეს საქართველოს ტერიტორიაზე, მამის საცხოვრებელ ადგილას (მარტვილი) ბავშვის დაბრუნების ვალდებულებით. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება 2024 წლის 21 აგვისტოდან დაიწო.

ცნობისთვის: წარმოებული დავა, მისი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების მხედველობაში მიღების, ერთგვაროვანი სასამართლოს პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია. ორგანიზაცია, დავის დასრულებამდე არ ახდენს საქმის კონკრეტული შინაარსის გადმოცემას, თუმცა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში დამდგარი შედეგის უზრუნველყოფა, როგორც დედის არასათანადო დაცვის, ასევე სოციალური სამსახურის მხრიდან მკვეთრად მიკერძოებული დასკვნების შედეგად დადგა. დედის კანონიერ ინტერესებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი წარმოადგენს, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოში, საქმის დამასრულებელ ეტაპზე ჩაერთო. საქმეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეები: ეკა ზარნაძე (თავმჯდომარე), ნატა ნაზღაიძე და მაია სულხანიშვილი განიხილავს.



კომენტარები