2024 წლის 4 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ პლასტიკური, ესთეტიკური ქირურგიისა და დერმატო-კოსმეტოლოგიის საერთაშორისო კლინიკების ქსელის საქართველოს წარმომადგენლობის - „ტოტალ შარმისა“ და კლინიკის ექიმ კონსტანტინე სულამანიძის წინააღმდეგ ახალ დავაზე სამართალწარმობა განაახლა. აღნიშნული საქმე კლინიკისა და ექიმის წინააღმდეგ ერთ-ერთი გახმაურებულია, რა დროსაც დაზარალებული პაციენტი - თამარ ც. საექიმო შეცდომის შედეგების გამო, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს.
სასამართლომ დააკმაყოფილა მხარეთა შუამდგომლობები საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების დართვის თაობაზე. ამასთან, სასამართლომ დააკმაყოფილა დაზარალებული მხარის მოთხოვნა და საქმეზე სპეციალისტის სახით გამოიკითხება საექსპერტო დასკვნის ავტორები, ასევე ექიმ კონსტანტინე სულამანიძის პირადი ასისტენტი, რომელიც სადავო პერიოდში აქტიურ მონაწილეობას იღებდა პაციენტისა და ექიმის ურთიერთობებში. ასევე, სასამართლოს ეცნობა, რომ კლინიკაში ჩატარებული ოპერაციის შედეგები მით უფრო მძიმე და სავალალო აღმოჩნდა პაციენტისთვის. სარძევე არხების ჩაჭრის შედეგად, რაც შეთანხმებული არ ყოფილა პაციენტთან, ქალბატონი მოკლებული გახდა შესაძლებლობას ახლადდაბადებული შვილი ბუნებრივი კვებით უზრუნველყო, რაც დამატებითი მორალური ტანჯვა შეუქმნა მოსარჩელეს, როგორც ქალს და როგორც დედას.
„ახალგაზრდა ადვოკატები“, საქმის მასალებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ მოქალაქე თამარ ც.ს კლინიკისა და ექიმის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ნდობის პირობებში, სწორედ გააჩნდა მოლოდინი, რომ მიიღებდა აღიარებული და დანერგილი პროფესიული და მომსახურების სტანდარტების შესაბამისს მომსახურებას. დოკუმენტებით დგინდება, რომ ვერც კლინიკამ დაიცვა ხელშეკრულების პირობები და ვერც ექიმმა შეასრულა საჭირო სამედიცინო ჩარევა. შედეგად, ვერ მოხდა ხარისხიანი ქირურგიული მომსახურების გაწევა - არ დადგა პაციენტისთვის სასურველი შედეგი. კერძოდ, 2021 წლის 18 მაისს ჩატარებულმა ქირურგიულმა ჩარევამ განაპირობა 2022 წლის 5 სექტემბრის დამატებითი ქირურგიული ოპერაციის ჩატარება, ვინაიდან მოქალაქე აღმოჩნდა სარძევე ჯირკვლის ასიმეტრიისა და სარძევე ჯირკვალზე, უხეში ნაწიბურების წინაშე. მეორე ოპერაცია დაიგეგმა პირველი ოპერაციის დროს დაშვებული უხეში დარღვევების აღმოსაფხვრელად, რაც არსებული შედეგებით, კვლავ მიღწევადი არ არის. ზიანის არსებობის ფაქტი აღიარებულია ექიმ კონსტანტინე სულამანიძის მიერ.
ჯერ, ექიმი განმარტავდა, რომ მოქალაქეს პირველი ოპერაციიდან მეორე ოპერაციამდე გართულება არ ჰქონია, რაც წარმოადგენს სიცრუეს. ქალბატონის 2022 წლის 5 სექტემბრის სამედიცინო დოკუმენტაცია ადასტურებს, რომ მის მიმართ ხელახალი ქირურგიული ჩარევა განპირობებულია პირველი ოპერაციის წარუმატებლობით და სახეზე იყო სარძევე ჯირკვლის ასიმეტრია და სარძევე ჯირკვალზე, უხეში ნაწიბურები. შემდეგში, ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში, ექიმი აღნიშნავდა, რომ ქალბატონის შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა კანის მოჭიმულობას, აღნიშნული იყო ნორმალური სიტუაცია პირველ სარეაბილიტაციო პერიოდში, თუმცა სამედიცინო დოკუმენტაცია ადასტურებს, რომ ქალბატონს არ გააჩნდა პირველი სარეაბილიტაციო პერიოდი. მას უკვე ხელახალი ოპერაცია დასჭირდა ზემოთ დასახელებული მიზეზთა გამო. კიდევ ერთ ეპიზოდში, რა დროსაც ქალბატონი ექიმს პასუხობს, რომ დროის არც ერთ ეტაპზე მას არ უსაუბრია, რომ საჭირო გახდებოდა განმეორებითი ოპერაცია და რომ შესაძლებელი გახდებოდა ასიმეტრია და უხეში ნაწიბური მეორე ოპერაციის შედეგადაც შენარჩუნდებოდა, ექიმი მომჩივანს პასუხობს, რომ რაც არ უნდა არაადეკვატური, აბსურდული და ბოროტული იყოს თამარ ც.-ს ქმედება, მომხდარზე იღებდა პასუხისმგებლობას და საკუთარ თავს აბრალებდა იმას, რაც მოხდა (სტილი დაცულია).
„ახალაგზრდა ადვოკატები“, საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიუთითებს, რომ ექიმი კონსტანტინე სულამანიძე სხვადასხვა ფორმატში ცდილობს საკუთარი პროფესიული პასუხისმგებლობის არიდებას და სხვადასხვა განმარტების წარმოდგენას, ხოლო ფაქტი - ქალბატონს პლასტიკური ქირურგიის შედეგად მიეღო სასურველი შედეგი, არის მიუღწეველი. მეტიც, თამარ ც. საჭიროებს შემდგომ მკურნალობას, რასაც ადასტურებს საქმეზე წარმოდგენილი ალტერნატიული სამედიცინო ცნობები. აგრეთვე, არსებული ქართველი და უცხოელი სპეციალისტების წინასწარი შეფასება. ამდენად, ქალბატონის მიმართ, როგორც ზიანი, ასევე მართლსაწინააღმდეგო ქმედება, სახეზეა.
ერთმნიშვნელოვანია მიზეზობრივი კავშირიც, ვინაიდან 2021 წლის და 2022 წლის სამედიცინო სტაციონარული დოკუმენტაცია ცალსახად მიუთითებს, რომ ქალბატონი სრულიად ჯანმრთელი გამოცხადდა სამედიცინო დაწესებულებაში. ამასთან, ხელმოწერილი ინფორმირებული თანხმობის პირობებშიც კი, ოპერაციების ჩატარების შემდგომ, მას არ განუვითარდა არც ერთი უკუჩვენება, რომელიც რაიმე ავადობიდან შეიძლება ყოფილიყო ინსპირირებული და გამოწვეული. მხარის დღევანდელი შედეგი, ყველა მონაცემით დასტურდება, რომ მთლიანად კლინიკისა და ექიმ კონსტანტიბე სულამანიძის არასწორი მანიპულაციის შედეგია.
მეტიც, ჩატარებული აბდომინოპლასტიკის კორექციის და ლიპოსაქციის შედეგად, მხარის მუცლის მარცხენა მხარეს აღენიშნება ნაკეცი, რომელიც მას არ ჰქონდა ბოლო ქირურგიულ ჩარევამდე. გარდა ამისა, მეორე ოპერაციის შედეგად, სხეულზე ჭრილობის განაკვეთი გაიზარდა. ამასთან დაკავშირებით, ინფორმირებული არ ყოფილა წინაწარ - კერძოდ, ექიმმა ქალბატონს მისი წინასწარი თანხმობის გარეშე ჩაუტარა იმგვარი ჩარევა, რომელმაც მის სხეულზე ჭრილობის განაკვეთის გაზრდა გამოიწვია, შესაბამისად გაიზარდა შრამიც.
ცნობისთვის: დაზარალებული ქალბატონი არის აქტიური, ცნობილი და საქმიანი ადამიანი საქართველოში ეკო-სალონის კულტურის ჩამოყალიბებისა და განვითარების სფეროში. ქართველი და უცხოელი სპეცილისტების განმარტებით, პაციენტი კვლავ საჭიროებს მკურნალობის კურსს. საქმეზე, მორიგების შესაძლებლობა, ამ ეტაპზე, გამორიცხულია. საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე უჩა თოდუა განიხილავს. მომდევნო სხდომა 2024 წლის 30 ოქტომბერს გაიმართება.