იურიდიული პირების მიერ დენის, წყლისა და გაზის მოხმარების დარღვევაზე კანონი და 15 000-ლარიანი ჯარიმა გაუქმდა

20 ოქტომბერი, 2024

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, რომლითაც მოთხოვნილი იქნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით იურიდიული პირებისა და დაწესებულებების მხრიდან ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისა და წყალარინების ქსლით უკანონო სარგებლობის შემთხვევებში, 15 000 ათასი ლარით დაჯარიმების რეგულაცია. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით (თანასწორობის პრინციპი) არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს იურიდიული პირის დაჯარიმებას 15000 ლარის ოდენობით და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს იურიდიული პირის დაჯარიმებას 15000 ლარის ოდენობით.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, მაშინ, როდესაც იურიდიული პირისა და დაწესებულების დაჯარიმება 15000 ლარის ოდენობით ხდებოდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ აშკარაა არსებითად თანასწორ პირთა შორის სადავო ნორმებით დადგენილი უთანასწორობის მაღალი ინტენსივობა. გასაჩივრებული ნორმებით იურიდიული პირისთვის განსაზღვრული ადმინისტრაციული სახდელი 150-ჯერ აღემატება ინდივიდუალური მეწარმეებისთვის (ფიზიკური პირებისთვის) გათვალისწინებულ სახდელს. ამასთან, ჯარიმის სახით, 15 000 ლარის გადახდა არაერთი იურიდიული პირისთვის მნიშვნელოვანი ტვირთი შეიძლება იყოს, რაც თავის მხრივ, საფრთხეს შეუქმნის ორგანიზაციის ფუნქციონირებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები არსებითად თანასწორ პირებს მნიშვნელოვნად აცილებს ერთმანეთისგან და ინტენსივობა აღწევს იმ ხარისხს, რომ უთანასწორობა შეფასდეს „მკაცრი ტესტის“ გამოყენებით.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 და 149-ე მუხლებში განხორციელებული ცვლილებები, რომლის თანახმად, ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის უკანონო მოხმარებისთვის ფულადი ჯარიმის ნაცვლად, გამოიყენება გაფრთხილება, ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს დასახული ლეგიტიმური მიზნების მიღწევის უფრო მსუბუქ საშუალებას, თუმცა ამით ვერ აიხსნება სადავო ნორმებით დადგენილი უთანასწორო მოპყრობა. ის ფაქტი, რომ სახელმწიფო ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის კონკრეტული უკანონო ქმედების პირველად ჩადენის შემთხვევაში, სანქციის სახით აღარ იყენებს ფულად ჯარიმას და, ამის ნაცვლად, სამართალდამრღვევების მიმართ გამოიყენება უფრო მსუბუქი ადმინისტრაციული სახდელი - გაფრთხილება, ვერ გამოდგება იმის სამტკიცებლად, რომ მათ მიერ იგივე ქმედების განმეორებით ჩადენისას, per se გამართლებულია განსხვავებული სახდელების დაწესება. აღნიშნული მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ სახელმწიფოს რეაქცია კონკრეტული სამართალდარღვევის პირველად ჩადენისას, ორივე სუბიექტის მიმართ უფრო მსუბუქი გახდა. თუმცა, განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს კონკრეტული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენისთვის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მიმართ დაწესებული განსხვავებული სანქციები წარმოადგენს, რაზეც, პრინციპში, გავლენას ვერ იქონიებს კანონმდებლის ლიბერალური მიდგომა, კონკრეტული სამართალდარღვევის პირველად ჩადენასთან დაკავშირებით.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ სასამართლოში წარდგენილი სარჩელით მიუთითებდა, რომ სამართალგამოყენების ეტაპზე, ჯარიმის შეფარდება უნდა მომხდარიყო სამართალდარღვევის სიმძიმისა და დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე. ჯარიმა წარმოადგენდა სანქციის სახეს, რომლის მიზანიც შეიძლება იყოს სპეციალური, ანუ სამართლდამრღვევი პირის მიერ ქმედების ხელმეორედ ჩადენის პრევენცია. ასევე, საერთო, სხვა პირების მიმართ პრევენციაც, თუმცა მისი ოდენობა არ უნდა ყოფილიყო იმდენად არაგონივრული, რომ ირიბად მისი მიზანი გამხდარიყო იურიდიული პირის სამომავლოდ შესაძლო ფუნქციონირების შეწყვეტაც, რადგანაც საქართველოში არსებული სამოქალაქო ბრუნვიდან გამომდინარე, 15 000 ლარის გადახდის დავალდებულება, ძალიან ბევრი იურიდიული პირისთვის, შესაძლოა, წარმოადგენდეს მისი ლიკვიდაციის ტოლფას ქმედებას. სასამართლომ განმარტა, რომ აშკარაა, რომ სადავო ნორმებით დადგენილი სანქციის მხოლოდ იურიდიულ პირებზე გავრცელება, არათუ ლეგიტიმური მიზნის მიღწევას არ ემსახურება, არამედ, პირიქით, ამცირებს გამოყენებული სანქციის ეფექტურობას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების განსახორციელებლად, კანონმდებელს და შესაბამის ორგანოებს უნდა მიეცეთ გარკვეული ვადა გადაწყვეტილების იმპლემენტაციისათვის. ამდენად, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 96მუხლის მე-2 ნაწილისა და 149- მუხლის მე-2 ნაწილის სადავო ნორმატიული შინაარსების ძალადაკარგულად ცნობა გადავაადდეს 2025 წლის პირველ აპრილამდე და სადავო ნორმების ძალადაკარგულად ცნობის თარიღად განისაზღვრა 2025 წლის 1 აპრილი.

ცნობისთვის: ორგანიზაციამ სარჩელი სასამართლოში 2018 წლის 22 აგვისტოს წარადგინა. საქმე სასამართლოს II კოლეგიამ - მანანა კობახიძემ (თავმჯდომარე), ირინე იმერლიშვილმა (მომხსენებელი მოსამართლე), თეიმურაზ ტუღუშმა და ხვიჩა კიკილაშვილმა განიხილეს. ორგანიზაციის ინტერესები საკონსტიტუციო სასამართლოში 2017-2020 წლებში აღმასრულებელი გუნდის წევრმა, გიორგი ლაბაძემ წარმოადგინა. მოპასუხე მხარეს საქართველოს პარლამენტს წარმოადგენდა ქრისტინე კუპრავა. საქმეზე მოწმის სახით გამოკითხული იქნა შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მარეგულირებელთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მაკა სალხინაშვილი. ორგანიზაცია სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმება და მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს მარეგულირებელ სფეროში სამართლიანი წესებით მომხმარებელსა და სახელმწიფოს შორის მიდგომებისა და ურთიერთობების ჩამოყალიბებას.



კომენტარები