ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ ყველა პოლიტიკური პარტია ვალდებულია პატივი სცეს საქართველოს ხალხის არჩევანს, რადგანაც დემოკრატიის წესები მოითხოვს დამარცხებულმა გამარჯვებული აღიაროს.
„საქართველო არის დემოკრატიული რესპუბლიკა - საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო. სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. ხალხი ძალაუფლებას ახორციელებს თავისი წარმომადგენლების, აგრეთვე რეფერენდუმისა და უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმების მეშვეობით. არავის აქვს უფლება მიითვისოს ხელისუფლება. პოლიტიკური პარტიები მონაწილეობენ ხალხის პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში. პოლიტიკური პარტიების საქმიანობა ეფუძნება მათი თავისუფლების, თანასწორობის, გამჭვირვალობის და შიდაპარტიული დემოკრატიის პრინციპებს - მინდა მჯეროდეს, რომ ყველა ამომრჩეველი ამ შეგრძნებებით და თვითშეგნებით გააკეთებს თავის არჩევანს და ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპზე, შეასრულებს კონსტიტუციურ მოვალეობას და გამოავლენს მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას“ - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირად სოციალურ გვერდზე ავრცელებს.
2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნები მოქალაქეებისთვის მსოფლმხედველობითი და ღირებულებითი მნიშვნელობის არჩევნებია. შედეგები ყოველთვის აჩვენებს პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი ცხოვრების მოწყობის მომავალსა და პერსპექტივებს. ჩვენი საზოგადოება, უმცირესი გამონაკლისების გარდა, გაცილებით გონიერი, ინფორმირებული და კრიტიკული აზროვნების მქონეა, ვიდრე საქართველოს პოლიტიკოსები და ველზე მოქმედი პარტიები. რეალობაც ასეთია - ადამიანებს არჩევანი არა - ახალ სახეებსა და ახალ პარტიებს შორის უწევთ, არამედ სტაბილურად ორი ათეული წლის განმავლობაში პოლიტიკაში მოღვაწე ლიდერშიფს შორის. ამიტომაც, ხალხი გაკეთებულსაც ხედავს და იმ გასაკეთებელსაც, რომლის გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანაც და ერთი მოქალაქეც.
„დარწმუნებული ვარ, რომ დაცული იქნება თითოეული მოქალაქის ხმა და მანდატი. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა - საქართველო პირველად ატარებს სრულად პროპორციული წესით და ელექტრონული სისტემით არჩევნებს. მოიგებს ის, ვინც ნდობას დაიმსახურებს, მაგრამ მოიგებს ის, ვისი სიმპათიაც მეტ ამომრჩეველს მიიყვანს საარჩევნო უბანთან. ასეთ ვითარებაში, არ მაქვს არავითარი რწმენა, რომ არჩევნების შედეგები სამართლიანი ან დამაჯერებელი არ იქნება. ყველა პოლიტიკური პარტია ვალდებულია პატივი სცეს საქართველოს ხალხის არჩევანს, რადგანაც დემოკრატიის წესები მოითხოვს დამარცხებულმა გამარჯვებული აღიაროს“ - აცხადებს არჩილ კაიკაციშვილი.
ჩვენ ვირჩევთ პარლამენტს, რომელმაც უნდა განსაზღვროს ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკა, დააკომპლექტოს მთავრობა, ქვეყანაში სოციალური პოლიტიკის გაძლიერებასთან ერთად, უზრუნველყოს ევროინტეგრაცია - საქართველოს მომზადება ევროკავშირის 2030 წლის გაფართოების შესაძლებლობებისთვის, ნატო-სთან თავსებადობა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის სამშვიდობო პოლიტიკა, რეგიონალური თანამშრომლობის გაძლიერება, ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ქვეშ არსებული მდგომარეობების ინსტიტუციური დაცვა.
„მერწმუნეთ, ხალხი მკაფიოდ ხედავს და აფასებს, რომელ პოლიტიკურ ლიდერს ან ჯგუფს შეუძლია შექმნილ გეო-პოლიტიკურ რეალობასა და შექმნილ საინფორმაციო სინამდვილეში ხელისუფლების განხორციელება, რომელ პოლიტიკურ ძალას გააჩნია რესურსი და მკვეთრი სამოქმედო გეგმა ხვალინდელ საქართველოზე. 26 ოქტომბრის არჩევნები მისი შედეგებით ამდენად უტოლდება რეფერენდუმის მნიშვნელობას, რეფერენდუმი კი სხვა არაფერია, თუ არა - საერთო-სახალხო გამოკითხვა კენჭისყრით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების საბოლოოდ გადასაწყვეტად. რა საკითხი აქვთ ხვალ ჩვენს პოლიტიკოსებს და ჩვენს პარტიებს? ვინ და რატომ იმსახურებს მხარდაჭერას? ამას, არა - მიკერძოებული პარტიული სოციოლოგიური კვლევები განსაზღვრავენ, არამედ კენჭისყრის დასრულებიდან დაახლოებით 2-3 საათში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგები - ხალხის გადაწყვეტილება“ - აღნიშნავს არჩილ კაიკაციშვილი.
ცნობისთვის: 26 ოქტომბერს საქართველო XI მოწვევის პარლამენტს აირჩევს. პირველად საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება - პარლამენტის 150-ვე მანდატი პროპორციული წესით იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის განაწილდება, ვინც 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს. ასევე პირველად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული არჩევნები იქნება, სადაც ამომრჩეველთა დაახლოებით 90% ხმას ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით მისცემს. ცესკოს ინფორმაციით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით კი არჩევნებში 3 113 747 ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას.