კამპანია სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისთვის

6 დეკემბერი, 2013

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისთვის სამოქალაქო კამპანია გამართა. ორგანიზაციამ თბილისში, პარლამენტის ყოფილ შენობასთან, პრეზენტაცია მოაწყო და მოქალაქეებს გზამკვლევი „ჩემი უფლებები“ დაურიგა.

გზამკვლევში წარმოდგენილია საკითხები სამოქალაქო უფლებების, ადმინისტრაციული, სისიხლის–სამართლებრივი, საოჯახო, შრომის სამართლის შესახებ. ამასთან, ცალკე ყურადღება ეთმობა სახელმწიფო ორგანოებთან/ინსტიტუციებთან, სასამართლოსთან კომუნიკაციის საკითხს. გზამკვლევში მოცემულია საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების საკონტაქტო ბაზაც, რაც მოქალაქეებს გაუადვილებს კომუნიკაციას საჯარო უწყებებთან.

ორგანიზაციის ერთ–ერთი ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია მოქალაქეები სათანადოდ ერკვეოდნენ იურიდიულ/სამართლებრივ საკითხებში, ჰქონდეთ შესაბამისი წარმოდგენა კერძო და საჯარო პირებთან ურთიერთობის დროს და შესაბამის სამართლებრივ ურთიერთობებში შეეძლოთ თანმდევი რისკებისა და გამოწვევების შეფასება.

ორგანიზაციამ გზამკვლევის შექმნის გადაწყვეტილება არაერთი მოქალაქის ადვოკატირების პრაქტიკიდან გამომდინარე მიიღო და მოიცვა თემები, რომელიც იურიდიული კონსულტაციების გაწევის პროცესში გამოიკვეთა. გზამკვლევი, ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან, სამოქალაქო საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისთვის, პირველ ნამუშევარს წარმოადგენს, რომელიც ორგანიზაციის სამართლის ჯგუფმა პროექტ: „ინსტიტუციური დიალოგი აღმასრულებელ, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლებასთან“ ფარგლებში მოამზადა.

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ მომავალშიც გეგმავს საზოგადოებას გზამკვლევის ახალი რედაქცია შესთავაზოს, მათ შორის გზამკვლევი გამოიცემა და გავრცელდება ეთიკურად არაქართულენოვან რეგიონებში. ამ მიმართულებით, ორგანიზაცია დონორებთან უკვე მუშაობს.

 



კომენტარები