მოსამართლე ნონა ზარქუას წინააღმდეგ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დისციპლინური საჩივარი შევიდა

26 ივნისი, 2025

საქართველოს იუსტიციი უმაღლეს საბჭოში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ნონა ზარქუას წინააღმდეგ დისციპლინური წარმოების დაწყების მოთხოვნით საჩივარი შევიდა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს.

მომჩივან მხარეს მიაჩნია, რომ სახეზეა მოსამართლის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ბღალავს სასამართლოს ავტორიტეტს და ზიანს აყენებს სასამართლოსადმი ნდობას. ასევე, სახეზეა მოსამართლის მოვალეობების არაჯეროვანი შესრულება, რაც გამოუსწორებელი შედეგების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს მომჩივანი მხარის დარღვეული უფლებების აღდგენისა და საკუთრების უფლების წინააღმდეგ. კერძოდ, საჩივრის ავტორი ასაბუთებს, რომ მოსამართლე ნონა ზარქუას მიერ დარღვეულია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე პრიმა მუხლის არაერთი პირობა, რაც გულისხმობს ა) მოსამართლის მიერ სხვა მოსამართლის საქმიანობაში ჩარევას საქმის შედეგზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით, ბ) მოსამართლის მიერ წესიერების პრინციპის დარღვევას პროცესის მონაწილისთვის უპირატესობის მინიჭების კუთხით, თუ მას ჰქონდა ინფორმაცია მხარის შესახებ, გ) ქმედებას, რომელიც არღვევს თანასწორობის პრინციპს დ) მოსამართლის მიერ კომპეტენციისა და გულისხმიერების პრინციპის დარღვევას ე) მოსამართლის ქმედებას, რომელიც არ შეეფერება მოსამართლის მაღალ სტატუსს, ჩადენილს სასამართლოში, რომელიც ლახავს სასამართლოს ავტორიტეტს ან ზიანს აყენებს სასამართლოსადმი ნდობას.

საქმის მასალებით დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია მოქალაქე ხ. ბ-ს სარჩელი დავის საგანზე - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. აღნიშნული საქმე მოსამართლე ნონა ზარქუას წარმოებაშია. დგინდება, რომ უძრავი ქონება, რომლის გადაცემასაც ხ.ბ. მოითხოვს, 2000 წლის 19 აგვისტოს, 25 აგვისტოსა და 27 სექტემბერს დადებული გარიგების საფუძველზე, ნასყიდობის თანხის გადახდისა და მიღების ხელმოწერილი დოკუმენტების საფუძველზე, გადაეცა მომჩივან მხარეს, მაგრამ უძრავ ნივთზე მაშინ ვერ გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება. კერძოდ, ხ. ბ.-მ მხარეს წარუდგინა პრივატიზაციის ხელშეკრულება და განუმარტა, რომ ბინა ეკუთვნოდა თავის გარდაცვლილ ბებიას, მისი გარდაცვალებიდან არ იყო გასული 6 თვე და შესაბამისად, აღებული არ ჰქონდა სამკვიდრო მოწმობა. თუ მყიდველი ასეთ მდგომარეობაში არსებულ უძრავ ნივთს მოიწონებდა, ხ.ბ-მ აიღო ვალდებულება, რომ სამკვიდროს გახსნის შემდეგ მოხდებოდა უძრავი ნივთის შემძენისთვის საკუთრების უფლებით გადაცემა. მყიდველი დასთანხმდა პირობას, გაფორმდა ზემოაღნიშნული გარიგებები, ხ.ბ-მ მიიღო ნასყიდობის საფასური და 2000 წლის სექტემბრიდან - დღემდე, მხარე ცხოვრობს და უწყვეტად ფლობს სადავო ქონებას. თავის მხრივ, მთელი 25 წლის განმავლობაში, ხ. ბ. არ გამოჩენილა მომჩივან მხარესთან და მხარის სისტემატიურ მოთხოვნებსაც ემალებოდა - შეესრულებინა პირობა და მოეხდინა ქონების კანონიერი შემძენისთვის გადაფორმება.

2024 წლის ოქტომბერში, ხ.ბ-მ სამკვიდრო მოწმობა მიიღო, ქონება აისახა საკუთრებაში და იმის ნაცვლად, რომ საკუთრების უფლება 2000 წლის გარიგებების საფუძველზე გადაეცა მხარისთვის, იმ მოჩვენებითი საფუძვლით, რომ მხარე თოთქოსდა უკანონოდ ფლობს ფართს, მომართა სასამართლოს ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მისაღებად.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბინის ნამდვილმა და კანინიერმა შემძენმა, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის სასამართლო დავის პარარელურად, მიკუთვნებითი სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა უძრავ ნივთზე საკუთრების ცნობა. სასამართლომ სარჩელზე გამოიყენა უზრუნველყოფის ღონისძიება და ცრუმაგიერ მესაკუთრე ხ.ბ-ს აეკრძალა ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა. აგრეთვე, სასამართლომ ხ.ბ.-ს აუკრძალა ფართში კომუნალური მომსახურებების შეწყვეტის განხორციელება. სასამართლოში, მიკუთვნებით სარჩელს სხვა მოსამართლე განიხილავს, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება შემდეგ შემთხვევებში: თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.

განსახილველ შემთხვევაში, მხარე მიუთითებდა, რომ დავის საგანზე: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, სახეზე იყო საქმის შეჩერების პირდაპირი და სამართლებრივი საფუძველი. მხარეს აღძრული აქვს მიკუთვნებითი სარჩელი. ხ.ბ-ს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება იქნა შედავებული. სასამართლოს, უპირველეს ყოვლისა, უნდა დაედგინა, თუ ვინ არის უძრავი ქონების ნამდვილი მესაკუთრე. მით უფრო, საქმეზე წარმოდგენილი იქნა უძრავი ქონების ნასყიდობის ღირებულების გადახდისა და მიღების დოკუმენტაცია, რასაც ხ.ბ. მალავდა და საერთოდ არ ახსენებდა მოსამართლე ნონა ზარქუასთან წარმოებულის საქმის მასალებში. ამდენად, უძრავი ნივთის ვინმეს მიერ უკანონოდ ფლობის შეფასებამდე, სიცხადე უნდა შევიდეს უძრავი ნივთის ნამდვილი მესაკუთრის პრეზუმციაში, რასაც მხარის მიკუთვნებითი სარჩელი ისახავს მიზნად, მოსამართლე ნონა ზარქუამ კი სრულიად მოულოდნელად, 2025 წლის 10 ივნისს, საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მომჩივანი მხარის მიმართ შეუფერებელი ქმედებები განახორციელა.

მხარე აღნიშნავს, რომ მოსამართლემ დაარღვია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე (1) პრიმა მუხლის მე-8 მუხლის ა.ბ) ქვეპუნქტი, რაც გულისხმობს მოსამართლის მიერ სხვა მოსამართლის საქმიანობაში ჩარევას საქმის შედეგზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით. კერძოდ, მოსამართლემ წინასწარი შეცნობით არ შეაჩერა ვინდიკაციური სარჩელის განხილვა მიკუთვნებითი სარჩელის შედეგის განჭვრეტადობამდე, სხვა მოსამართლის წარმოებაში არსებულ სამართალწარმოებაში ნეგატიური პროცესუალური როლით შემოვიდა. ვინდიკაციური სარჩელი ზეგავლენის მომხდენად იქნა დასახული მიკუთვნებითი სარჩელის განხილვის პროცესში, რაც დაუშვებელია. ამასთან, მხარეს აქვს დასაბუთებული ეჭვი იმის შესახებ, რომ მოსამართლე ნ. ზარქუას ყველა მოქმედება ემსახურებოდა მხოლოდ ერთი მხარისთვის, ამ შემთხვევაში, ხ.ბ.-სთვის უსაფუძვლოდ უპირატესობის მინიჭებას. მხარეს აქვს ვარაუდი, რომ მოსამართლე კარგად იცნობს მოსარჩელის წარმომადგენელს (ადვოკატს) ან უშუალოდ მოსარჩელე ხ.ბ-ს გარემოცვას. მხარე აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ თავისი მოქმედებებით დაარღვია გულისხმიერების პრინციპი. მას კომპეტენცია ავალდებულებდა განეჭვრიტა, თუ რომელ მხარეს რომელი მტკიცებულების საფუძველზე რისი მიღწევა სურდა, რაც შეგნებულად არ გააკეთა.

მოსამართლემ განმარტა, რომ არ აინტერესებდა, სხვა მოსამართლის წარმოებაში არსებული დავა, რადგანაც არ განიხილავდა ნივთზე მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნას. მოსამართლე ნონა ზარქუამ სხდომაზე განაცხადა, რომ არ აინტერესებდა ვის ასახლებდა უძრავი ნივთიდან, ნამდვილ მესაკუთრეს თუ ცრუ მესაკუთრეს, ეყრდნობოდა მხოლოდ უძრავ ნივთზე საჯარო რეესტრიდან არსებულ ამონაწერს და რა შედეგით დასრულდებოდა სხვა მოსამართლის წარმოებაში არსებული საქმე, მისთვის საინტერესო არ იყო. მხარის პოზიციაზე, თუ რატომ ახდენდა კანონის პირდაპირი მოთხოვნის შეუსრულებლობას, როდესაც სახეზე იყო საქმისწარმოების შეჩერების საფუძველი, მოსამართლე გაბრაზდა, ხელი აუქნია მხარეს და უთხრა, რომ წასულიყო, ზემდგომ ინსტანციაში ეჩივლა, რაც სრულიად შეუფერებელია.

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ წინამდებრე საქმის განხილვას განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს და არამხოლოდ დისციპლინური საქმის განხილვაზე მიაწვდის დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას, არამედ საქმისწარმოების შედეგებზე.



კომენტარები