ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს გენერალურ პროკურატურას მიმართავს დაუყოვნებლივ მოხდეს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში ორი საექსპერტო დასკვნის შესაძლო გაყალბების ფაქტის შესწავლა, სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის პასუხისმგებელი სუბიექტების გამოკვეთა და საზოგადოების ინფორმირება მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების პროცესზე.
აღნიშნულის შესახებ 2025 წლის 2 აგვისტოს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა და სისხლის სამართლის ადვოკატმა ნიკა სადრაძემ განაცხადეს.
საქმე ეხება ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტში 2024 წელს მომზადებულ ორ დასკვნას და განვითარებულ მოვლენებს.
კერძოდ, პირველი შემთხვევა შეეხება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დანიშნულ ექსპერტიზას, რა დროსაც, ინდ. მეწარმის პროდუქციაზე გაიცა უარყოფითი დასკვნა და დასკვნის საფუძველზე, ინდ. მეწარმე დაჯარიმდა 114,000 ათასი ლარით. რეალური ფაქტების მიუხედავად, ბიუროს ნავთობპროდუქტების ექსპერტიზის სამმართველოს უფროსის მიერ ხელსაწყოზე ზემოქმედების შედეგად ხელახლა მომზადებული იქნა ინდ. მეწარმის სასარგებლოდ ახალი დასკვნა, რის გამოც, სახელმწიფოს ბიუჯეტმა იზარალა 114,000 ლარი, ხოლო მეორე შემთხვევა შეეხება შპს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ დანიშნულ ექსპერტიზას საცხზე, რა დროსაც დაწუნებული იქნა კომპანიის მიერ წარმოდგენილი საცხი, მაგრამ ამ შემთხვევაშიც, ბიუროს ნავთობპროდუქტების ექსპერტიზის სამმართველოს უფროსის მიერ გაცემული იქნა ახალი დასკვნა საცხის ვარგისიანობის თაობაზე, რამაც შესაძლოა მოჰყვეს სავალალო შედეგი, რაც პირდაპირ დაკავშირებულია მოქალაქეების გადადაგილების უსაფრთხოებასთან.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც ბიუროში დაინიშნა ექსპერტიზა საცხზე ლზ-ცნიი, საცხის კასრებიდან, კერძოდ, ადგილზე არსებული საცხის ლზ-ცნიი 4 (ოთხი) პარტიის 4-4 კასრიდან აღებული იქნა ნიმუშები. სტანდარტის „გოსტ 2517-2012“ დაცვით თითოეული პარტიიდან კასრების გახსნისას სინჯის ამღები შუპით ამოღებისას აღმოჩნდა, რომ მათში მოთავსებული იყო არაერთგვაროვანი შეფერილობის მქონე საცხი. კერძოდ, უმეტესობა კასრის ზედა ნახევარში შენიშნებოდა მოყვითალო ფერის, ხოლო ქვედა ნახევარში მოვარდისფრო ელფერის საცხის არსებობა. სინჯის აღების მომენტში, საცხი ჰაერთან ურთიერთქმედებისას იცვლიდა ფერს და იღებდა მუქ-მოყვითალო ღია-მოყავისფრო შეფერილობას, რაც შემდგომში ლაბორატორიულადაც დადასტურდა.
საცხზე მოქმედი სტანდარტის მიხედვით, „ნიმუში უნდა იყოს ერთგვაროვანი საცხი, კოშტების გარეშე, ღია-მოყვითალოდან მუქ მოყვითალომდე“ სასაგნე მინაზე შეფასდა მისი გარეგანი სახე, რომელიც იყო მუქი მოყვითალო-ღია მოყავისფრო. ზოგადად, ფერი წარმოადგენს ძალზედ სუბიექტურ მაჩვენებელს. შესაბამისად, ფერით დაწუნება შესაძლოა სადაო გახდეს. ზოგიერთი ჩათვლის, რომ არის მუქი მოყვითალო, ზოგი კი ღია მოყავისფროდ, მაგრამ საცხის დაწუნება მოხდა არა მისი სასაგნე მინაზე ფერით, არამედ საცხის არაერთგვგაროვანი ფერითა და მისი არასტაბილურობით.
არსებული ფაქტის მიუხედავად, ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა გადაწყვიტეს, რომ საცხზე დანიშნულიყო კომისიური ექსპერტიზა, ხოლო კომისიური ექსპერტიზის დროს, აპრიორში, არ გაზიარებულიყო დასკვნის ავტორი ექსპერტიზის მოსაზრებები. კომისიურ ექსპერტიზაზე შეთანხმდნენ, რომ საცხი აკმაყოფილებდა სტანდარტის მოთხოვნებს, მაგრამ სინჯის აღების აქტში არ დააფიქსირეს ფაქტი იმის შესახებ, რომ საცხს ამოღებისას მოვარდისფრო შეფერილობა ქონდა კასრების ქვედა ნახევარში. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ფაქტი, რომ საცხი უვარგისია, ადასტურებს ექსპერტის თავდაპირველად დეტალურად შესწავლილი მასალის შედეგად წვეთვარდნის პარამეტრები, რაც საცხის დადნობის და წვეთად ქცევის მომენტს ადგენს. ამ შემთხვევაში, სტანდარტით დასაშვები ნორმა უნდა იყოს არანაკლებ 135 გრადუსი, რაც ამ შემთხვევაში, 122-ია ანუ მაჩვენებელი დაბალია, რაც ნიშნავს, რომ წარმოდგენილი საცხი დადნება დროზე ადრე, ჩამოიღვენთება, ხახუნის შედეგად რკინის მეტალები - ბორბლების საკისრები გადახურდება, გატყდება და გამოიწვევს ვაგონების შესაძლო გადატრიალებას. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ შეცვლილ დასკვნაში წვეთვარდნის მონაცემი მაღალი ალბათობით გაყალბდა, რადგანაც მითითებული იქნა 145 გრადუსი.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ საგანგაშოს უწოდებს მეორე დასკვნასთან დაკავშირებულ მოვლენებს. კერძოდ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დანიშნულ ექსპერტიზას, რა დროსაც, ინდ. მეწარმის პროდუქციაზე, ჯერ გაიცა უარყოფითი დასკვნა, შემდეგ კი სასურველი დასკვნა, გამოწვეული იქნა ბიუროს ნავთობპროდუქტების ექსპერტიზის სამმართველოს უფროსის მიერ ხელსაწყოზე ზემოქმედების შედეგად. აღმოჩნდა, რომ ბიუროს ნავთობპროდუქტების ექსპერტიზის სამმართველოს უფროსმა, რომელმაც ხელახლა ჩაატარა ნიმუშის შემოწმება იმ განზრახვით, რომ პირველი დასკვნის უარყოფა მოეხდინა, აღნიშნული შედეგი მიიღო ხელსაწყოს მონაცემებზე ხელოვნური ზემოქმედებით. კერძოდ, შეცვალა ხელსაწყოს ადსორბციული სვეტი და გააგრძელა მასზე მუშაობა, ისე რომ არ დაუკალიბრებია ხელსაწყო, რაც დაუშვებელია. ხელსაწყოს ინსტრუქციის მიხედვით სავალდებულო, რომ „როდესაც დღის ფაქტორი სცდება 0.9-1.1 დიაპაზონს, ადსორბციული სვეტის შეცვლის შემდეგ, ხელსაწყო უნდა დაკალიბრდეს“, რაც არ განხორციელებულა. შესაბამისად, ხელოვნური ჩარევის შედეგად, დაჯარიმებული ინდ. მეწამემ მიიღო ახალი, სასარგებლო დასკვნა, ხოლო იკვეთება, რომ სახელმწიფოს ბიუჯეტმა იზარალა 114,000 ლარი.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ ექსპერტიზის ბიუროში დასკვნების შეცვლას გააჩნდა მიზანმიმართული საფუძველი, რაც განპირობებული არ ყოფილა პროფესიული აზრთა სხვადასხვაობით.
დგინდება, რომ ექსპერტი, რომელსაც ბიუროში მუშაობის 17-წლიანი გამოცდილება გააჩნდა და ორივე დასკვნა მაღალი პროფესიული სტანდარტის დაცვით მომზადდა, დასჯის, სამსახურეობრივი სივრციდან განდევნის, შევიწროვების, მისი პიროვნული და პროფესიული ღირსებების დაკნინების მსხვერპლი აღმოჩნდა, მას შემდეგ, რაც 2024 წლის 10 იანვარს ექსპერტმა ბიუროს უფროსის სახელზე წარადგინა კრიტიკული წერილი და მოითხოვა შრომითი პირობების მოწესრიგება და ინსტიტუციური განვითარებისთვის ხელშეწყობა. ექსპერტს უმალვე დაუპირისპირდნენ ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი პაატა თუშურაშვილი, ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, დოდო ჩორგოლაშვილი და ნავთობპროდუქტების ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი თეო ხუჭუა, რომლებმაც ორგანიზებული, ურთიერთშეთანხმებული და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებით, ექსპერტის საქმიანობის დისკრედიტაცია და არაკვალიფიციურობის წარმოჩენა გადაწყვიტეს.
შესაბამისად, აღნიშნული გამოიხატა ექსპერტის მიერ სადავო პერიოდში გაცემული დასკვნების შეცვლით, ხოლო შემდეგ სამართლებრივი საფუძვლების შექმნით, რომ მომხდარიყო ექსპერტის მიმართ დისციპლინური დევნა და სამსახურიდან გათავისუფლება. მას შემდეგ, რაც ორგანიზაციამ შეისწავლა საქმის მასალები, ამხილა უკანონო მმართველობითი ღონისძიება, საქმე ექსპერტის დარღვეული უფლებების დაცვის კუთხით გადავიდა საერთო სასამართლოებში, 2024 წლის 12 აგვისტოს ბიუროს მაშინდელი უფროსი იძულებული გახდა დასკვნების შესაძლო გაყალბების საქმე, ისევ ექსპერტის მოთხოვნით, გადაეგზავნა საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ არ გამორიცხავს, რომ პაატა თუშურაშვილის, დოდო ჩორგოლაშვილისა და თეო ხუჭუას შეთანხმებული საქმიანობა ატარებდეს საბოტაჟის ნიშნებსაც. სწორედ მათი მონაწილეობით, ჩართულობითა და პირადი ხელმოწერებით მოხდა დასკვნების შეცვლა. ექსპერტიზის ბიუროში, დღეს მათი გავლენა და ძალაუფლება განუსაზღვრელია. შესაბამისად, ბოლო 1 წლის განმავლობაში, არაერთი მცდელობის მიუხედავად, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დასკვნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე წინსვლა არ მომხდარა.
ორგანიზაციამ მიიღო ინფორმაცია, რომ საგამოძიებო მოქმედებების შეფერხება, შესაძლებელია, გამოწვეული იყოს იმ გარემოებით, რომ საქართველოს აწ უკვე ყოფილი გენერალური პროკურორის გიორგი გაბიტაშვილის ოჯახის წევრი - და საექსპერტო ბიუროს საერთაშორისო ურთიერთობის და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის უფროსია. მასთან სამსახურეორბივად და პირადი ურთიერთობით დაკავშირებულია პაატა თუშურაშვილი, დოდო ჩორგოლაშვილი და თეო ხუჭუა. თავის მხრივ, პაატა თუშურაშვილი 2012-2014 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მეუღლეა. თავის მხრივ, თეო ხუჭუა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის წალკის მუნიციპალიტეტში, ვლადიმერ ხუჭუას ოჯახის წევრი - დაა, ხოლო თავის მხრივ, დოდო ჩორგოლაშვილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე წევრის ახლო ნათესავია.
ორგანიზაციას მიაჩნია, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურა ახალი ხელმძღვანელობის პირობებში იქნება სწრაფი, ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული, რათა არ დაიმალოს რეალური ფაქტები და დადგეს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი. მით უფრო, საქმეზე მოძიებული და წარმოდგენილია გოგირდის საკითხის შემთხვევაში ქარხანა-მწარმოებლთან ოფიციალური მიმოწერა და საცხის შემთხვევაში უცხოელი სპეციალისტის კვალიფიციური დასკვნები, რომელიც ამტკიცებს, რომ სამხარაულის ექსერტიზის ბიუროში მოხდა დასკვნების შეცვლა და პირველადი სახით გაცემული დასკვნები იყო კვალიფიციური და კომპეტენტური.





