"ახალგაზრდა ადვოკატების" განცხადება

7 დეკემბერი, 2013

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ვეხმაურებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებში ორგანიზაცია მხარს უჭერს რომელიმე დასახელებულ თავმჯდომარეობის კანდიდატს. ასეთი მოსაზრებები გააჩნია 2013 წლის 6 დეკემბერს, ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერით, 21:21:29 წუთზე გასულმა მოკლე ტექსტურმა შეტყობინებამა, რომლის შინაარსიც გახლდათ შემდეგი: „ახალგაზრდა ადვოკატები მხარს უჭერთ მამუკა მდინარაძეს. ვირჩევთ ახალს...“ (სტილი დაცულია)

იქედან გამომდინარე, რომ ორგანიზაციის საფირმო სახელწოდება ბრჭყალებში არ იყო გადმოცემული, თანაც არსებობდა სხვა გრამატიკული შეცდომაც, ზოგიერთმა ადამიანმა აღნიშნული შეტყობინება მიიჩნია ჩვენი ორგანიზაციის საავტორო განცხადებად და არ იქნა აღქმული, ზოგადად, ასაკით ახალგაზრდა ადვოკატების რომელიმე ჯგუფის პოზიციად.

ორგანიზაცია ცალსახად აღნიშნავს, რომ არც ერთი კანდიდატის მიმართ ღია მხარდაჭრას არ გამოხატავს. „ახალგაზრდა ადვოკატები“ შევხდით, როგორც ბატონ ზაზა ხატიაშვილს, ასევე ბატონ მამუკა მდინარეძეს და ორგანიზაციის ახალგაზრდა გუნდმა თანაბრად მოისმინა ასოციაციის ორი გამოკვეთილი კონკურენტი კანდიდატის წინასაარჩევნო პროგრამები. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ორგანიზაციის ყველა წევრი თავის არჩევანს შინაგანი რწმენის საფუძველზე, საარჩევნო პროგრამების მიხედვით მიიღებს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ 7 დეკემბერს სპეციალურ განცხადებას გაავრცელებენ, სადაც შეფასებული იქნება არჩევნებში მონაწილე ორი ძლიერი კანდიდატის – ზაზა ხატიაშვილისა და მამუკა მდინარაძის საარჩევნო პროგრამები.

ცნობისთვის: საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ახალ თავმჯდომარეს, აგრეთვე აღმასრულებელ საბჭოს, ეთიკისა და სარევიზიო კომისიებს 2013 წლის 8 დეკემბერს, საერთო კრებაზე აირჩევს.

 



კომენტარები