2025 წლის 2 ნოემბერს, რესტორან „ურმულის“ პირვანდელი მფლობელის, მძიმე ტექნიკისა და სარესტორნო სფეროში ცნობილი ბიზნესმენ არსენ კუტალაძის საქმის შემსწავლელმა საზოგადოებრივმა კომისიამ მუშაობა დაიწყო. კომისიის პირველ სხდომას სამართლის დარგის სპეციალისტები და ცნობილი უფლებადამცველები ესწრებოდნენ. კომისია მომდევნო სამი თვის განმავლობაში იმუშავებს, მოამზადებს სამართლებრივ დოკუმენტს - დასკვნას და რეკომენდაციებს და პასუხს გასცემს საქმის ირგვლივ ბიზნესმენის სიკვდილის მოტივებს.
არსენ კუტალაძის საქმის შემსწავლელი საზოგადოებრივი კომისიის დამფუძნებელი წევრები სამართლის დარგში მოღვაწე სპეციალისტები: ლია მუხაშავრია, გია ტაბლიაშვილი, ზაზა ხატიაშვილი, ნიკა სადრაძე, გიორგი ბერიძე, მარიამ ბარსონიძე, ქეთევან ვარდანაშვილი, ია ჯღარკავა, თათია მაისურაძე, თამარ ქოქუაშვილი, ანი კესარელი, არჩილ კაიკაციშვილი - არიან. კომისიას უფლებადამცველი, ევროსასამართლოს საქმეებზე მოღვაწე ქართველი იურისტი, ლია მუხაშავრია უხელმძღვანელებს და მუშაობის პროცესში, კომისია ღია იქნება იურიდიული საზოგადოების წარმომადგენლებისთვის.
„ძალიან საინტერესო ინიციატივის განხორციელებას შევუდექით, ეს არის განსაკუთრებულ- საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც საზოგადოებრივია, მაგრამ იმავე დროს, დარწმუნებული ვარ, მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ლეგიტიმაცია გამოიძიოს არსენ კუტალაძის მკვლელობის საქმე. სამწუხაროდ, ქვეყანაში შეიქმნა მდგომარეობა, როდესაც არც საგამოძიებო ორგანოები არ არიან ფუნქციონირებადი. ისინი არ ასრულებენ თავის მოვალეობას. სასამართლოს და მართლმსაჯულებას, რაც დაემართა, საზოგადოებას ამაზე თავს აღარ შევაწყენ. შესაბამისად, ის ტრაგედიები, ის მკვლელობები, ის უმძიმესი დანაშაულები, რომლებიც წლებია არ არის გამოძიებული, რჩება თაროზე და მათ მტვერი ეყრებათ. ამიტომ უფლებადამცველებს, იურისტებს და ადვოკატებს გვაქვს ძალიან დიდი საჭიროება იმისი, რომ ასეთი საქმეების გამოძიება დაიძრას და აუცილებელია, რაღაცა დამატებითი, განსაკუთრებული, განსხვავებული და რაც მთავარია, მიუკერძოებელი, პროფესიული და დამოუკიდებელი საგამოძიებო სისტემის შექმნა, რომელიც ვფიქრობ, რომ ამგვარი კომისიით შესაძლებელი გახდეს, იმიტომ, რომ ამ კომისიაში ერთიანდებიან პროფესიონალები, კეთილი ნების დამოუკიდებელი იურისტები, რომელთაც აქვთ გარკვეული ავტორიტეტი და სანდოობა საზოგადოებაში. ჩვენ, ასევე, დარწმუნებული ვარ, შევძლებთ, რომ შესაბამისი დოკუმენტების მიღებით, ამ კომისიის საქმიანობა და მისი შედეგები იყოს ლეგიტიმური და სარწმუნო და ჩვენ შევუდგებით ამ საქმის შესწავლას იმისათვის, რომ საზოგადოებას და დაინტერესებულ მხარეს ჩვენი დასკვნა მივაწოდოთ. რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ ამ საქმეს ბოლოს, იძულებული ვიქნებით, და გავასაჩივრებთ ევროსასამართლოში, მაგრამ იმის გამო, რომ უძრავად არის გამოძიება, არადა საჭიროა დამატებით და აუცილებელი მტკიცებულებების მოპოვება და საქმეში ჩართვა, ეს საქმე უნდა გააკეთოს კომისიამ ე.ი. შეიქმნა სრულიად უნიკალური ვითარება, როდესაც იურისტები იძულებული ვართ ჩვენს თავზე ავიღოთ ის ფუნქციები, რომლისთვისაც - სახელმწიფო უპირველეს ყოვლისა - არსებობს. ეს არის გამოძიება, მართლმსაჯულება, მაგრამ ვინაიდან, ამ ფუნქციებზე სახელმწიფო უარს ამბობს და მას არ ასრულებს, აი ჩვენ მოვიფიქრეთ ასეთი რამ და მე მინდა ეს ინიციატივა, აი ამ კომისიის შექმნის საკითხი, ფართო საზოგადოებას თქვენი მეშვეობით მიეწოდოს, რადგან დარწმუნებული ვარ მას ექნება სრულიად დადებითი გამოხმაურება, როგორც პროფესიულ წრეებში, ისე საზოგადოებაში და ჩვენ ვაცხადებთ, რომ ღია ვართ ამ კომისიაში შეიძლება შემოვიდნენ ის ადამიანები, რომლებიც გარკვეული კრიტერიუმებით აკმაყოფილებენ ასეთ კომისიაში მუშაობის, ასე ვთქვათ კრიტერიუმებს, და ჩვენ ვიწვევთ მათ იმიტომ, რომ სხვაგვარად შეუძლებელია. აი ის ცნობილი გამოთქმა „არ არის სამართალი, არ არის მშვიდობა“ - აი, ჩვენ შეიძლება ამგვარად, როგორღაც ავამოქმედოთ. და ეს არის ჩვენი თავგანწირული მცდელობა ასეთი საქმით რაღაცა მნიშვნელოვანი შედეგი დავდოთ საზოგადოებისათვის და დაინტერესებული მხარისათვის“ - განაცხადა ლია მუხაშავრიამ.
საერთო სასამართლოებში წარმოებულმა ქონებრივი დავებისა და არსენ კუტალაძის თვითმკლელობამდე მიყვანის სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებულმა დოკუმენტებმა, გამოვლენილმა ახალმა გარემოებებმა და სამართლებრივი პროცესის მიმდინარეობამ ობიექტურად გააჩინა საფუძვლები, რომ ბიზნესმენის დაღუპვა არ შეფასდეს, როგორც თვითმკვლელობა ფაქტი. შესაბამისად, რეზონანსული საქმის ირგვლივ მიზანშეწონილად ჩაითვალა განხილვისა და დისკუსიის ფარგლების გაზრდა, რათა ფართოდ იქნეს წარმოდგენილი სამართლის დარგის სპეციალისტების კვალიფიციური შეფასებები და სამართალდამცავ ორგანოებს, სასამართლო სისტემას ჰქონდეს ოჯახისგან ან ოჯახის ადვოკატებისგან დამოუკიდებელი პროფესიონალების შეფასებაც.
არსენ კუტალაძის საქმის შემსწავლელი კომისია ღირებული იქნება იმითაც, რომ განსხვავებული სპეციალისტების აზრის მოსმენა სადავო გარემოებებზე კიდევ უფრო მეტ სიცხადეს მოიტანს. არსებობს კითხვები და საეჭვო გარემოებები, რომლის დეტალური ანალიზი კომისიამ უნდა მოახდინოს. დღევანდელი მდგომარეობით, არ განხორციელებულა ის საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რომლითაც გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე შექმნილ თავის ოფიციალურ ვერსიასაც გაამყარებდა. არსენ კუტალაძის ოჯახმა პასუხი ვერ მიიღო კითხვებზე, თუ რა ვერსიებზე მუშაობს გამოძიება და ამჟამად რა საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება. კომისიის მომავალი დასკვნა უნდა გახდეს გამოძიების დაჩქარების ფაქტორი, მათ შორის არსენ კუტალაძის მეუღლე მარინე წამალაიძე დაზარალებულად იქნება ცნობილი.
საქმის მასალებით დგინდება, რომ არსენ კუტალაძე ბიზნესიდან რეგისტრირებული და არარეგისტრირებული წილებიდან გასვლას და სამშენებლო სფეროში საქმიანობის გაგრძელებას აპირებდა. შესაბამისად, პარტნიორების წინაშე იდგა კუთვნილი წილის კომპენსაციის გადახდის საკითხი, რაც მილიონებს აღემატება. შესაბამისად, არ გამოირიცხება ბიზნესმენის დაღუპვა სხვა ფაქტორებით ყოფილიყო შესრულებული, რასაც არც გამოძიება გამორიცხავს, საქმეზე დაისმის პარტნიორებს შორის ურთიერთობის შესწავლაზე შესაბამისი კითხვები, მაგრამ დღემდე საქართველოს პროკურატურა არსენ კუტალაძის მეუღლის - მარინე წამალაიძის არც დაზარალებულად ცნობას ახდენს და არც სისხლის სამართლის საქმეზე რეალური წინსვლითაა დაინტერესებული.
არსენ კუტალაძის ოჯახის ადვოკატების მიერ შესწავლილი საქმის მასალებით იკვეთება, რომ გარდაცვლილი ბიზნესმენის სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას, დამნაშავე პირების გამოვლენას და პასუხისგებაში მიცემას საგამოძიებო ორგანო ხელოვნურად აჭიანურებს. გამოძიება უმოქმდოა არამხოლოდ დანაშაულის გამოძიების ძირითად ეპიზოდებზე, არამედ მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეთა ჩვენებების სიყალბისა ეპიზოდებზე სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებისთვის.
ამასთან, საქმის მასალებში მოპოვებული არაერთი წყარო მიუთითებს, რომ „რესტორანი“ ურმულის მიმართ არსებობს კონკრეტული პირების დაინტერესება, რომლებსაც აქვთ სათანადო კონტქტები და გავლენა კანონის გვერდის ავლით ურთიერთობა ჰქონდეთ სასამართლო სისტემასთან და საგამოძიებო უწყებებთან, რათა არსენ კუტალაძის ოჯახმა, ერთის მხრივ, ვერ დაიბრუნოს წართმეული რესტორანი და საცხოვრებელი სახლი, მეორეს მხრივ არ სისხლის სამართლის საქმეზე არ მოხდეს პასუხისმგებელი პირების გამოკვეთა და ბრალდების წარდგენა, არ გაიხსნას საქმე. შედეგად, არ ხდება საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება. იგნორირებულია საქართველოს პროკურატურის რეკომენდაციების შესრულება, რომელიც საგამოძიებო ორგანოსთვის 2023 წლის ოქტომბერში შეიქმნა. აღნიშნული ფაქტები მიუთითებენ, რომ საქმეზე გავლენის ჯგუფები ჭეშმარიტრების დადგენას ხელს უშლიან. მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის სექტემბერში არსენ კუტალაძის ოჯახმა საქმეზე კონტროლის მიზნით საქართველოს პრემიერ-მინისტრს დახმარებისთვის წერილობით მიმართა, საქმე კვლავ გამოუძიებელია და უძრავად დევს.
ცნობისთვის: 2019 წლის 9 იანვარს, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის დეპარტამენტის მე-4 განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანის მე-9 კმ.-ზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურ „რომპეტროლის“ ტერიტორიაზე არსენ კუტალაძის გარდაცვალების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ბიზნესმენი გარდაცვლილი ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების შედეგად იპოვეს, მაგრამ ოჯახი დასახელებული პირველადი ვერსიის დამაჯერებლობას გამორიცხავენ. ბიზნესმენის სხეულში აღმოჩენილი იქნა 1915 მგ. მეთადონი, რაც ჩვეულებრივ ვითარებაში, 8-ჯერ აღემატება დაშვებულ დოზას და დაუყოვნებლივ იწვევს ფატალურ შედეგს. სინამდვილეში, აქტიური კვლევის, გამოკვეთილი სარწმუნო გარემოებების, საქმესთან შემხებლობაში მყოფი ადამიანების ახსნა-განმარტებებით, დადგენილი უდავო გარემოებების ერთობლიობით ცხადი ხდება, რომ არსენ კუტალაძის გარდაცვალება შესაძლოა კარგად დაგეგმილი ორგანიზებული დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს, რომელიც შესრულებული იქნა ყველაზე მძიმე და სათაკილო საფუძვლების შექმნით - ნარკოტიკული საშუალების გადაჭარბებული დოზის მოხმარებით გამოწვეული სიკვდილით. თითქოსდა გამოძიების დაწყების მომენტიდანვე გადაწყვეტილი იქნა საკითხი, რომ არსენ კუტალაძე ზედოზირებით დაიღუპა, ამას ყველა საუბრობდა მაშინ, როცა დანიშნული ექსპერტიზის პასუხი ჯერ ისევ ცნობილი არ იყო. შესაბამისად, იმისთვის, რომ მომხდარიყო საგამოძიებო მოქმედებების უძრაობის გამოწვევა, არ მომხდარიყო საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა და მორალური ხასიათის წნეხი განხორციელებილიყო მომჩივანის წინაშე, არსენ კუტალაძის ბიზნეს-წილებისა და საკუთრებაში არსებული ქონებების დატაცების შემდეგ, დაიწყო არსენ კუტალაძის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვა.





