სასამართლო რესტორან „ურმულისა“ და საცხოვრებელი სახლის წართმევის საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს

4 ნოემბერი, 2025

2025 წლის 5 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა მოსამართლე გია ბერაიას თავმჯდომარეობით, რესტორან „ურმულის“ პირვანდელი მფლობელის, მძიმე ტექნიკისა და სარესტორნო სფეროში ცნობილი ბიზნესმენ არსენ კუტალაძის წართმეული ქონების საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას გამოცხადებს. აღნიშნულის შესახებ განცხადებას „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს. 

არსენ კუტალაძის ოჯახი - მეუღლე და სამი არასრულწლოვანი შვილი იმ ქონების დაბრუნებას მოითხოვს, რომელიც არსენ კუტალაძის მიერ მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგების შედეგად, ძმის - მერაბ კუტალაძისა და ძმისშვილის - გიორგი კუტალაძის სახელზე აღირიცხა. დადგენილია, რომ 2016 წლის 20 ივნისს, 21:31 საათზე, მეუღლეებს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება - კონფლიქტი. არსენ კუტალაძის მიმართ გამოწერილი იქნა შემაკავებელი ორდერი, ხოლო 2016 წლის 30 ივნისს, მეუღლემ განცხადებით მიმართა პოლიციას და არსენ კუტალაძის მიმართ მოსალოდნელი სისხლისამართლებრივი ბრალდების თავიდან არიდების მიზნით, მოითხოვა სამართლებრივი რეაგირება აღარ მისცემოდა 20/06/2019 განცხადებას. ერთმნიშვნელოვნად, 2016 წლის 20 ივნისიდან 2016 წლის 30 ივნისამდე პერიოდი, უკიდურესად მძიმე და რთული იყო მეუღლეების ცხოვრებაში. საკითხი დაისვა მეუღლეებს შორის განქორწინების შესახებ. საქმის მასალებით, მათ შორის არსენ კუტალაძის ოჯახის წევრების ახსნა-განმარტებითაც დადგენილია, რომ არსენ კუტალაძის მიერ ქონებების გადაფორმებას ძმისა და ძმისშვილის სახელზე ჰქონდა ქონებების დაცვის ინტერესი. ამასთან, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი იქნა, რომ ქონებების ფორმალური გადაფორმების შესახებ უცნობი იყო არსენ კუტალაძის მეუღლისა და შვილებისთვის და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მხოლოდ სამკვიდრო მოწმობის გაცემის შემდგომ გახდა ცნობილი. შესაბამისად, არსენ კუტალაძეს სიცოცხლეში არ დაუბრუნებია ის ქონება, რომელსაც მუდმივად ფლობდა გარდაცვალებამდე და რომლიდანაც ძირითად შემოსავალს იღებდა ოჯახი (სარესტორნო ბიზნესი).

თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქმეს ახალი მტკიცებულების სახით დაურთო უმნიშვნელოვანესი დოკუმენტაცია: ა) უძრავი ქონების შეძენის უფლებადამდგენი დოკუმენტები და ბ) უძრავი ქონების ფარგლებში არსებული იპოთეკის ყველა ხელშეკრულება. აღნიშნული დოკუმენტაციით დასტურდება, რომ როგორც სარესტორნო ბიზნესის, ასევე საცხოვრებელი სახლის შემძენი არსენ კუტალაძეა. წარმოდგენილი იპოთეკის ხელშეკრულებები ადასტურებს, რომ რესტორან „ურმულის“ შეძენა, შემდგომი განვითარება და ბიზნესის ფინანსური მხარდაჭრა უზრუნველყო მხოლოდ არსენ კუტალაძემ. ამასთან, სასამართლოს დოკუმენტურის ინფორმაცია მიეწოდა, რომელიც ცხადყოფს სარესტორნო ბიზნესსა და საცხოვრებელი სახლზე ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად ამ ქონების ღირებულების მნიშვნელოვნად გადიდებას (გადაგეგმარება, მშენებლობის დასრულება, გადაკეთება და სხვა). ამასთან, სადავო ქონებებზე პრეტენზიას არ აცხადებს მხოლოდ არსენ კუტალაძის მეუღლე, არამედ სასარჩელო მოთხოვნის მხარე ბიზნესმენის არასრულწლოვანი შვილებიცაა. ამდენად, 2007-2012 წლებში, ვიდრე მხარეებს შორის არსებობდა არარეგისტრირებული ქორწინება, ისინი ცხოვრობდნენ ერთ ოჯახში, ეწეოდნენ სამეურნეო საქმიანობას, უვლიდნენ და ზრდიდნენ შვილებს, სარესტორნო საქმიანობიდან, რომელიც ირიცხებოდა შპს-ს სახელზე, განისაზღვრებოდა ოჯახის შემოსავლები. შესაბამისად, კანონის სიტყვათასიტყვითი განმარტებით, შპს-ს 100%-იანი წილი ითვლებოდა მეუღლეთა თანაბარი უფლების მქონე საკუთრებად, თანასაკუთრებად, ხოლო 2012 წლის 2 ივლსიდან, მას შემდეგ, რაც მხარეთა რეგისტრირებული ქორწინება შედგა, შპს-ს წილზე სრულად წარმოიშვა თანასაკუთრების უფლება, ისევე, როგორც ამ ქონებებზე საკუთრებითი და მემკვიდრეობითი უფლებით აღიჭურვნენ არსენ კუტალაძის შვილები.

მერაბ კუტალაძის ოჯახი სასარჩელო მოთხოვნებს არ ცნობს და არსენ კუტალაძის ნების ნამდვილობაზე მიუთითებს, თუმცა არც მერაბ კუტალაძე და არც გიორგი კუტალაძე, სასამართლოს მოწოდების მიუხედავად, სასამართლო სხდომაზე განმარტებების მისაცემად, არ გამოცხადებულან. პროცესუალური მოწინააღმდეგეს არ აქვს განმარტება, თუ სხვა რა მოსაზრებით შეეძლო არსენ კუტალაძეს დაეთმო სარესტორნო ბიზნესი ძმისსთვის და მშენებარე საცხოვრებელი სახლი იმჟამად არასრულწლოვანი ძმისშვილისთვის, როდესაც ძვირადღირებული ქონების დათმობის არც ბიზნეს-წინადადება და არც სხვაგვარი შეთანხმება არ არსებულა. მერაბ კუტალაძის ოჯახი სასამართლოში წარმოდგენილი პოზიციით მიუთითებს, რომ როგორც იმჟამად მშენებარე საცხოვრებელი სახლის მიწის ნაკვეთი, ასევე სარესტორნო ფართი შენობა-ნაგებობით ფორმალურად იქნა არსენ კუტალაძის სახელზე რეგისტრირებული, რეალურად კი ყოველთვის ეკუთვნოდა - მერაბ კუტალაძეს, თუმცა სასამართლოში წარდგენილია აღნიშნული მოსაზრების საწინააღმდეგო ცხადი, პირდაპირი და ოფიციალური დოკუმენტაცია, რაც სადავო ქონებების შეძენის, თანხის გადახდისა და მუდმივ მესაკუთრედ მხოლოდ არსენ კუტალაძეა მითითებული. მერაბ კუტალაძის ოჯახის ერთადერთი დოკუმენტი არსენ კუტალაძის გარდაცვალების შემდეგ მომზადებული, მშებარე სახლზე სადავო პერიოდში დასაქმებული პირების ახსნა-განმარტებებია, რომლებიც მხოლოდ მშენებლობის პროცესს აღწერენ, რაც შეუძლებელია სასამართლოს მხრიდან უძრავი ნივთის მესაკუთრის ნამდვილობის დასადგენად ან სადავო გარიგების ნების შესაფასებლად გამოდგეს.

"- არსენ კუტალაძე არავინ არ იყო" - ასეთია მერაბ კუტალაძის დაცვის ხაზის სტრატეგია, რაც გარდაცვლილის სახელის და ხსოვნის შეურაცხყოფასთან ერთად, იმ საქმების გაბითურებასაც ისახავს მიზნად, რომელიც არსენ კუტალაძეს სარესტორნო ბიზნესის, სახლის შეძენა-მშენებლობის პროცესსა და ბიზნესის სხვა კომპანიების მმართველობითი ღონისძიებებით, უტყუარი მტკიცებულებებით დგინდება, არადა, ფაქტები სხვას მეტყველებენ:

1. სახლისთვის მიწის შემძენია - არსენ კუტალაძე,

2. სახლისთვის მიწის ნაკვეთის შეძენისთვის სასესხო ვალდებულებები აღებული აქვს - არსენ კუტალაძეს,

3. სარესტორნო ბიზნესისთვის მიწის ნაკვეთი შეძენილი აქვს - არსენ კუტალაძეს,

4. სარესტორნო ბიზნესის განვითარებისთვის სესხი აღებული აქვს - არსენ კუტალაძეს, როგორც შპს-ს დირექტორს,

5. სახლისთვის არქიტექტურული პროექტი შეთანხმებული და დამტკიცებული აქვს - არსენ კუტალაძეს,

6. სახლის მშენებლობისთვის მშენებლობის ნებართვა წარდგენილი, შეთანხმებული და დამტკიცებული აქვს - არსენ კუტალაძეს,

7. სახლის მშენებლობის პროცესზე სამუშაოების წარმოება მერაბ კუტალაძესთან ერთად, ურთიერთშეთანხმებით, განხორციელებული აქვს - არსენ კუტალაძეს,

8. ელექტრონული ფოსტის მეშვეობით „რადამოტორსის“ სახელით ტექნიკის შეთავაზებებთან, კომპანიის შესყიდვებთან, გადარიცხვებთან და ორგანიზაციულ საკითხებზე წარმოებული მიმოწერა, როგორც გადაწყვეტილების მიმღებ პირს, დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს, განხორციელებული აქვს - არსენ კუტალაძეს (და, სხვა).

მერაბ კუტალაძე კი:

- იყო სოლიდარული მოვალე და სარესტორნო ბიზნესში ერთობლივი საქმიანობის განმახორციელებელი,

- აუქციონის წესით შეიძინა 291.00 კვ.მ ფართი და შეიტანა შპს-ს საწესდებო კაპიტალში,

- საცხოვრებელ ფართში დროებით გადასვლის მიზნებიდან გამომდინარე, განახორციელა საკომუნალურო კომუნიკაციებისთვის რეგისტრაციები,

- დაუკვეთა და დაამზადებინა 8 ერთეული კარადა,

- არსენ კუტალაძესთან ერთად, ხელმძღვანელობდა სახლის სამშენებლო პროცესს,

- არსენ კუტალაძესთან ერთად, წილებს ფლობდა ბიზნესის სხვა კომპანიებში, რაც აღიარებული აქვს საგამოძიებო ორგანოში ჩვენების დროს.

ამდენად, 2012 წლის 2 ივლისიდან, ვიდრე ფარულ გარიგებამდე და დღემდე, შპს-ს 100%-იან წილზე ვრცელდება თანასაკუთრება. ამიტომაც, არსენ კუტალაძის მეუღლეს ჰქონდა ლეგიტიმური მოლოდინი, რომ სამკვიდროს გახსნის მომენტისთვის, როგორც საცხოვრებელი სახლი, ასევე შპს-ს 100%-იანი წილი იარსებებდა არსენ კუტალაძის დანაშთ ქონებაში, რაც ასე არ მოხდა. ამდენად, სასამართლოს დეტალური პასუხი გაეცა იმ ინტერესზე, რომელიც შეეხება სასარჩელო მოთხოვნების აღსრულებადობას, მოთხოვნას ქონებების სრულ თუ ½ ნაწილზე, ქონებებზე თანამესაკუთრეობის გავრცელების რეჟიმზე, წარმოშობილი გარიგების გამომწვევ მიზეზებზე, არსენ კუტალაძის მიერ ქონებების შეძენიდან ფარულ გასხვისებამდე მხარეების ქონებრივ მდგომარეობაზე, არსებული სასესხო ვალდებულებების შინაარსზე, ფარული გარიგებების გამომწვევ მიზეზებზე და სხვა. სასამართლო დაინტერესდა, თუ რატომ არ მოახდინა არსენ კუტალაძემ სიცოცხლეში ფარულად გადაცემული ქონებების დაბრუნება, რა გარემოებებით უნდა შეფასებულიყო ასეთი რეალობა, რაზეც მხარის მსჯელობა და არგუმენტაცია არაერთ საყურადღებო ფაქტს მოიცავდა.

ცნობისთვის: თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმე მოსამართლე ლიანა კაჟაშვილმა განიხილა. გასაჩივრებული 2023 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება. საქმე თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლე გელა ქირიას გადაეცა, რომელმაც აპლენატს საქმის დასრულებამდე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი გადაუვადა. 2024 წლის დასაწყისში, ყველასთვის მოულოდნელად, მოსამართლე გელა ქირია საქმეს ჩამოშორდა, მიზეზად კი საქმეთა განხილვის კატეგორიის შეცვლა დასახელდა. ამჟამად, საქმეს მოსამართლეები: გია ბერაია (თავმჯდომარე), მერაბ ლომიძე და ლაშა თავართქილაძე განიხილავენ. საქმე მაღალი საჯარო და მედია ინტერესით სარგებლობს.



კომენტარები