ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოს მოწვევით, კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის IV სერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს.
საერთაშორისო კონფერენცია - კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, ეროვნული ბანკის, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით იმართება და, ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს 20-მდე ქვეყნის კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები, ასევე მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები სტუმრობს.
როგორც „EuroNews Georgia”-სთან კომენტარის დროს „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა: „პრობლემური საკითხია ანტიმონოპოლიური მდგომარეობის შესწავლა და ამ მიმართულებით, მსჯელობები. ასევე ბაზრის სფეროში დომინანტი სუბიექტების ურთიერთობისა და შესაძლო ფარული გარიგებების საკითხი, რომელიც ბაზრის განვითარებასა და მთლიანად ეკონომიკის სტიმულირებისთვის მნიშვნელოვანია და რაც, ასევე თავისთავში აისხება მომხმარებელთა უფლებებზე. მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ნება, რომელიც ერთის მხრივ კონკურენციის მაღალ ხარისხს და მეორეს მხრივ, მომხმარებელთა უფლებების დაცვას უზრუნველყოფს. საქათველოში, ამ მხრივ ბოლო წლებში ნამდვილად შეინიშნება დადებითი ტენდენცია“ - განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.
ყოველწლიური კონფერენციის მიზანია საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება, ამ მიმართულებით არსებული მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ გაფართოებული მსჯელობა და მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება, საერთაშორისო და ადგილობრივი პრაქტიკის საფუძველზე.





