ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელიც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების შეფასებას ეხება.
2013 წლის 8 დეკემბერს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის უმაღლესი ორგანო – საერთო კრება, საჭირო კვორუმის არსებობის შემთხვევაში, მოქმედი წესდების საფუძველზე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახალ თავმჯდომარეს აირჩევს, რომელიც ადვოკატთა კორპუსს 2017 წლამდე უხელმძღვანელებს. ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, აქტიურად აღმოჩნდა ჩართული ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების პროცესში და შესაძლებლობა გვქონდა სიღმისეულად გაგვეცნო წარმოდგენილი თავმჯდომარეობის კანდიდატების საარჩევნო პროგრამები. პროცესმა და განხორციელებულმა მონიტორინგმა ცხადყო, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის 8 დეკემბრის არჩევნებს ორი გამოკვეთილი ფავორიტი – ასოციაციის მოქმედი ხელმძღვანელი, ზაზა ხატიაშვილი და ადვოკატი მამუკა მდინარაძე ჰყავს. ორგანიზაციამ თითოეულ მათგანთან სადისკუსიო შეხვედრა გამართა და წარმოდგენილი საარჩევნო პროგრამები შეისწავლა.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის 2013 წლის 8 დეკემბრის არჩევნებს თავისუფალ გარემოში მიმდინარე პროცესად აფასებს და მიუთითებს, რომ 2008 წლის არჩევნებისგან განსხვავებით, 2013 წლის დეკემბერში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ყველა წევრი სათანადოდ ინფორმირებულია თავმჯდომარეობის კანდიდატების, მათი საარჩევნო პროგრამებისა და პრიორიტეტების შესახებ. კანდიდატებს ჰქონდათ საშუალება, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თავისუფლად შეხვედროდნენ ადვოკატთა კორპუსის წარმომადგენლებს, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში, მობილური ქსელის საშუალებით, თითოეული ადვოკატისთვის მიეწოდებინათ შეტყობინება მხარდამჭერი შეხვედრებისა თუ თავმჯდომარის არჩევასთან ერთად, ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკისა და სარევიზიო კომისიების არჩევნების შესახებ, თუმცა წინასაარჩევნო კამპანიის ეტაპზე, კანდიდატების მხრიდან, ადგილი მაინც ჰქონდა ისეთ პრეტენზიებს, როგორიცაა ასოციაციის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, არათანაბარი პირობები საარჩევნო კამპანიის წარმოების დროს, ნაკლები ფინანსური რესურსი, ხელისუფლების მცდელობებზე მითითება სასურველი კანდიდატების მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ამასთან, საარჩევნო კამპანიის დროს, უმეტესწილად დაცული იქნა კანდიდატებს შორის ურთიერთშეფასებისას კოლეგიალობის პრინციპი, თუმცა არ შეიძლება კეთილსინდისიერად ჩაითვალოს ის მოარული ხმები, რომელიც მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში, სხვადასხვა კანდიდატის პროფესიული შესაძლებლობებისა თუ კარიერული გამოცდილების ნეგატიურ კონტექსტზე მიუთითებდნენ.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის 2013 წლის 8 დეკემბრის არჩევნებამდე პერიოდს არ ახასიათებდა ადვოკატების საარჩევნო ხმების მოპოვებისა თუ მიღებისთვის ასოციაციის წევრების მიმართ გამოხატული მუქარის, ზეწოლისა თუ სხვა ფორმით ზემოქმედების შემთხვევები, რაც 2008 წლის ასოციაციაში არჩევნების დროს, ღია და აშკარა ხასიათს ატარებდა.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში 2013 წლის დეკემბრის არჩევნები, შესაძლებელია შეფასდეს მხოლოდ კანდიდატების მხრიდან საკუთარი მხარდამჭერების მაქსიმალური მობილიზების ხარისხით. ორგანიზაციამ შეისწავლა, როგორც ზაზა ხატიაშვილის („ერთობა – დამოუკიდებელი და ძლიერი პროფესიისთვის“), ასევე მამუკა მდინარაძის („აირჩიე ახალი“) საარჩევნო პროგრამები და პრიორიტეტები.
საარჩევნო პროგრამების თანახმად, ზაზა ხატიაშვილის ხედვა, გაძლიერდეს ადვოკატთა კორპუსი, ეყრდნობა დაცვის ინსტიტუტის თანასწორუფლებიან მხარედ გახდომის დაპირებას, რომლის განხორციელებას, მოქმედი თავმჯდომარე კოალიციური ძალებით შეუდგება. წინასაარჩევნოდ, ზაზა ხატიაშვილმა ორგანიზაციასთან „ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის“ ალიანსი გააფორმა, რომლის შემადგენლობაშიც შევიდნენ 10 წელზე მეტი საადვოკატო საქმიანობის გამოცდილების მქონე ადვოკატები, კოალიციამ კი მიზნად დაისახა ადვოკატიის პროფესიის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის ამაღლება, საკანონმდებლო დონეზე სამართლებრივი გარანტიების უზრუნველყოფა და ადვოკატის პროფესიაში ჩაურევლობის უზრუნველყოფა, ხოლო მამუკა მდინარაძის საარჩევნო პროგრამა, ადვოკატთა კორპუსს, პრიორიტეტებთან ერთად, საკანონმდებლო ინიციატივებსაც სთავაზობს, ადვოკატთა ასოციაციის გაძლიერების ხედვა კი დაფუძნებულია ასოციაციის რებრენდინგში, მენეჯმენტის მთლიან შეცვლაში, გამჭვირვალე ხარჯვით ნაწილზე, ასოციაციის საპარლამენტო მდივნის პოზიციის შემოღებასა და ადვოკატთა ასოციაციის კერძო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბებაში. ორგანიზაცია შენიშნავს, რომ თავისუფალმა წინასაარჩევნო გარემომ, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის უკვე ორი ძლიერი კანდიდატი გამოკვეთა, რომელთაც ორი განსხვავებული საარჩევნო პროგრამა გააჩნიათ.
„ახალგაზრდა ადვოკატებთან“ შეხვედრების პროცესში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის გამოკვეთილმა ორმა ლიდერმა – ზაზა ხატიაშვილმა და მამუკა მდინარაძემ მიუთითეს, რომ მათი სამომავლო პრიორიტეტი ასაკით ახალგაზრდა ადვოკატების პროფესიულ საკითხებზე მუშაობა და არსებული პრობლემების დაძლევა იქნება. თავმჯდომარეობის კანდიდატებმა ერთხმად გაიზიარეს ორგანიზაციის ინიციატივა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში შეიქმნას ახალგაზრდა ადვოკატების უფლებების დაცვის დროებითი კომისია, რომელიც იტვირთებდა უფლებამოსილებას ასოციაციის საქმიანობაში, ასაკით ახალგაზრდა ადვოკატების მეტი ჩართულობისა და თანამონაწილეობისათვის. კომისია მოახდენდა ახალგაზრდა ადვოკატების მიერ წარმოდგენილი საჩვრებისა თუ განცხადებების ეფექტურ განხილვას. მისი კომპეტენციის ფარგლებში, შექმნიდა ისეთ სისტემას, რომელიც ახალგაზრდა ადვოკატების პროფესიულ განვითარებას და საერთაშორისო კონტაქტებს უზრუნველყოფდა. მამუკა მდინარაძემ ინიციატივის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მიუთითა, რომ წინადადებას, თავმჯდომარედ გახდომის შემთხვევაში, აღმასრულებელ საბჭოსთან განიხილავს და იდეის მხარდამჭერი იქნება, ზაზა ხატიაშვილის განცხადებით კი, ინიციატივა თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ განხორციელდება.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის თანამდებობაზე ღია მხარდაჭერას არც ერთი კანდიდატის მიმართ არ გამოხატავს. ორგანიზაციის სადამფუძნებლო საბჭოს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ორგანიზაციის ყველა წევრი თავის არჩევანს შინაგანი რწმენის საფუძველზე, საარჩევნო პროგრამების მიხედვით გააკეთებს.
ცნობისთვის: საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ახალ თავმჯდომარეს, აგრეთვე აღმასრულებელ საბჭოს, ეთიკისა და სარევიზიო კომისიებს 2013 წლის 8 დეკემბერს, საერთო კრებაზე აირჩევს.