სასამართლო ქეთევან კაიკაციშვილის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის საქმეზე განხილვებს იწყებს

25 ნოემბერი, 2025

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ფეხმძიმე ქალის ქეთევან კაიკაციშვილის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის საქმეზე განხილვებს იწყებს. პირველი სხდომა 2025 წლის 5 დეკემბერს გაიმართება. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“, საქმის მასალებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ძირითადი პრეტენზია მიმართულია ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ სამედიცინო პერსონალის - მეან - გინეკოლოგ ჯუმბერ უნგიაძის, მეან - გინეკოლოგ ნათია ზამთარაძის, თერაპევტ მამუკა ბაკურიძის, რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგ შორენა ფოცხიშვილისა და მეან-გინეკოლოგ, რეპროდუქტოლოგ დიანა ჭანუყვაძის მიმართ, რომელიც არ არის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ ექიმი და საქმიანობს სხვა კლინიკაში. ამასთან, ორგანიზაციის სამართლებრივი მოთხოვნები გააჩნია ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ მიმართაც. სასამართლოს წარმოებაშია სარჩელი, რომელიც სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის ქვეშ ზიანის ანაზღაურებას და მარჩენალდაკარგულ არასრულწლოვანის მიმართ სრულწლოვანებამდე რჩენის ვალდებულების მოთხოვნას ეხება. ამასთან, 2024 წლის 13 მაისს, საქართველოს შს სამინისტროს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, ქეთევან კაიკაციშვილის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის შესაძლო ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ სამართლის ჯგუფმა შეისწავლა სამედიცინო საქმის მასალები, აღდგენილი იქნა გარდაცვლილი ქეთევან კაიკაციშვილის მოპასუხე კლინიკასთან და მოპასუხე ექიმებთან 2024 წლის 28 იანვრიდან 2024 წლის 12 თებერვლის ჩათვლით კომუნიკაციის, ჩატარებული სამედიცინო მომსახურების, დაყოვნების, კრიტიკული მდგომარეობის სრული სურათი. დეტალურად, ქრონოლოგიურად და თანმიმდევრულობით დოკუმენტირდა ქეთევან კაიკაციშვილისა და ოჯახის წევრების ურთიერთობა კლინიკასთან და მოპასუხე ექიმებთან, მოხდა შექმნილი ვითარების კრიტიკული ანალიზი, სამედიცინო მომსახურებისა და ექიმების ქცევის შესახებ მომზადდა დეტალური კვლევა და ანგარიში, რაც ცალსახად ტოვებს ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ და ექიმების ერთობლივ სამართლებრივ პასუხისმგებლობის საკითხს.  ამასთან, აღდგენილი და დოკუმენტირებული იქნა ქეთევან კაიკაციშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის განვითარება ბათუმიდან ტრაბზონში გადაყვანისა და დაყოვნების მთელ პერიოდზე (ვრცელი გამოქვეყნებული მასალა იხ. https://barristers.ge/ge/page/news_item/1950)

ორგანიზაცია, არსებული კვლევის საფუძველზე აღნიშნავს, რომ როგორც ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებაზე პასუხისმგებელი კლინიკის, ასევე ექიმების გაუფრხილებლობით, არასათანადო სამედიცინო დახმარების, არასწორი და მცდარი მკურნალობის, პაციენტის მიმართ აუცილებელი გულისხმიერებისა და ყურადღების გარეშე, ქეთევან კაიკაციშვილს 2024 წლის 6 თებერვლიდან 12 თებერვლის პერიოდში, განუვითარდა პნევმონია, სუნთქვის მწ. უკმარისობა, მძიმე რესპირატორული დისტრეს სინდრომი, სეპტიცემია, სეპტიური შოკი, თირკმლის უკმარისობა, ღვიძლის მწ. უკმარისობა, საჭვო ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია. მოპასუხე კლინიკამ და მოპასუხე ექიმებმა არათუ აღმოფხვრეს პაციენტის წინაშე არსებული ჯანმრთელობის მდგომარეობა, არამედ არსებული მწვავე განვითარება და გამოვლინებები არ შეატყობინეს და დაუმალეს პაციენტის ოჯახს, რამაც საბოლოოდ, ქეთევან კაიკაციშვილის დაღუპვა, ახალშობილის კი - გადარჩენა გამოიწვია.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ 2024 წლის 11 მარტს, შეხვედრა შედგა ჯუმბერ უნგიაძესთან. მთავარ კითხვაზე, თუ რატომ დადგა ფატალური შედეგი, რამ გამოიწვია ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულება და სად და როდის იქნა დაშვებული შეცდომა, ჯუმბერ უნგიაძემ ცალსახად, ერთმნიშვნელოვნად და ცხადად განმარტა, რომ „ადგილი ჰქონდა ხარვეზს. ჩვენ დავუშვით ხარვეზი“ (სტილი დაცულია). ჯუმბერ უნგიაძის განმარტებით, დაშვებული ხარვეზი გამოიხატებოდა თავდაპირველი პაციენტის სიპტომების არაჯეროვან შეფასებასა და არასათანადო სამედიცინო დახმარებაში. ორგანიზაციის ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი და ქეთევან კაიკაციშვილის მეუღლე მერაბ დიასამიძე (სარჩელის ჩაბარების მიზნით), 2025 წლის 17 ივნისს იმყოფებოდნენ კლინიკაში და შეხვდნენ ექიმებს: ჯუმბერ უნგიაძეს, ნათია ზამთარაძეს, მამუკა ბაკურიძესა და შორენა ფოცხიშვილს, რა დროსაც ჯუმბერ უნგიაძემ დასახელებული ექიმების თანდასწრებით დასმული კითხვის საპასუხოდ კვლავ დაადასტურა 11.03.2024 გამოთქმული პოზიცია პაციენტის წინაშე დაშვებული ხარვეზის თაობაზე.

მხარე, წინამდებარე დავის ფარგლებში ადასტურებს, რომ ქეთევან კაიკაციშვილის სიკვდილი დამდგარია მოპასუხე დაწესებულებისა და მოპასუხე ექიმების გაუფრხილებლობით, არასათანადო სამედიცინო დახმარების, არასწორი და მცდარი მკურნალობის, პაციენტის მიმართ აუცილებელი გულისხმიერებისა და ყურადღების გარეშე. შესაბამისად, მხარე მიზანშეწონილად მიიჩნევს დაიცვას სარჩოს მიმღები პირის - არასრულწლოვანი შვილის ინტერესები და მოპასუხეებს დაეკისროთ სარჩოს გადახდა მარჩენალის გარდაცვალების დროიდან - არასრულწლოვანის სრულწლოვანებამდე. ასეთ დროს, სწორედ მხედველობაშია მისაღები მარჩენალის შემოსავალი, რომელიც მას ფულადი სახით ერიცხებოდა და დამსაქმებელი ორგანიზაცია თანხმობას აცხადებდა შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა აღდგენილიყო. რაც შეეხება ფინანსურ ზიანს, მოსარჩელე აღმოჩნდა რთული ფინანსური და ეკონომიური მდგომარეობის წინაშე და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მკურნალობის ხარჯების გარდა, გაიღო მნიშვნელოვანი ხარჯი: მკურნალობის, მედიკამენტების შეძენის, ტრანსპორტირების, სამედიცინო დამხმარე პერსონალის, გადმოსვენების, დაკრძალვის, საფლავის მოწყობის, სხვა მასთან დაკავშირებული საჭიროებების უზრუნველყოფის, რაც მიზეზ-შედეგობრივი კავშირით, სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე, მოთხოვნილია სოლიდარულად დაეკისროს კლინიკას და მოპასუხე ექიმებს.

 „ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ ქეთევან კაიკაციშვილის საქმეზე საჯარო ინტერესის შექმნა ემსახურება სამართლიანობის აღდგენას. ორგანიზაციას გააჩნია პრაქტიკული გამოცდილება, თუ რამდენად დაუცველია პაციენტის უფლებები და რთული სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგომა თითოეულ ფატალურ სამედიცინო შემთხვევაზე.  ხშირ შემთხვევაში, დაზარალებული ოჯახი ვერ ახდენს დარღვეული უფლების რეალიზებას, ვერ მოიძიებს სამართლებრივ მრჩეველს, ვერ ახდენს ადვოკატის დაქირავებას, დამოუკიდებლად არ შესწევს ძალა მოიძიოს საჭირო დოკუმენტაცია და მოამზადოს სარჩელი. იმყოფება სტიგმატირებული შეხედულებების ქვეშ, როდესაც საკითხი შეეხება კლინიკის ან რომელიმე ექიმის კავშირებს, ძალაუფლებას, არ აქვს ნდობა გამოძიების ან სასამართლოს სამართლიანობის მიმართ. შესაბამისად, ასეთ ვითარებაში, ამჯობინებს უარი თქვას სამართლებრივ დავაზე ან სასამართლოს გარეშე შეუთანხმდეს კლინიკას, ექიმს.

ორგანიზაცია, კიდევ ერთხელ კლინიკის, ექიმებისა და საზოგადოების საყურადღებოდ განმარტავს, რომ ქეთევან კაიკაციშვილის საქმეს სტრატეგიული სამართალწარმოებისთვის აქვს პრინციპული მნიშვნელობა და ნებისმიერი ფაქტი, პოზიცია და შედეგი იქნება გამოვლენილი, შეფასებული და ცხადი, რათა კანონიერების პრინციპის დაცვით, ერთის მხრივ მოხდეს განსაზღვრული (დამსახურებული) პასუხისმგებლობის დაკისრება, მეორეს მხრივ დაზარალებული ოჯახისთვის დამდგარი ნეგატიური შედეგების აღმოფხვრა.

ქეთევან კაიკაციშვილის სამოქალაქო სამართალწარმოებას პირადად ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი წარმართავს, ხოლო სისხლის სამართალწარმოებას ოჯახის ინტერესების დამცველი, ადვოკატი - ნიკა სადრაძე. როგორც პროკურატურას, ასევე სასამართლოს არაერთი მამხილებელი დოკუმენტი მიეწოდა. არც კლინიკას და არც ექიმებს სასამართლოსთვის ამ დროიმდე ფორმალური შესაგებლის გარდა (სარჩელზე პასუხი) არავითარი პოზიცია არ წარმოუდგენიათ.

სასამართლო პროცესი 2025 წლის 5 დეკემბერს, 16:00 საათზე შედგება.



კომენტარები