არჩილ კაიკაციშვილი - ნებისმიერი კერძო ექსპერტიზა ნებისმიერ დროს შეიძლება გახდეს მიკერძოებული

7 დეკემბერი, 2025

ნებისმიერი კერძო ექსპერტიზა ნებისმიერ დროს შეიძლება გახდეს მიკერძოებული. უხერხულობას იწვევს ის ფაქტი, რომ კლინიკა „მედინამ“ და ექიმებმა, ზოგადად, გადაწყვიტეს რაიმე არგუმენტის შექმნა იმ ქმედებებზე, რაც ახალგაზრდა ადამიანის სიკვდლით დასრულდა. არსებობდა მოლოდინი, რომ საექსპერტო დასკვნა სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ყველა მხარის შეკითხვების საფუძველზე დაინიშნებოდა, ხოლო ექსპერტიზის ჩამტარებელი იქნებოდა არა კერძო ორგანიზაციები, არამედ სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო. მომჩივანი მხარე დაელოდება კერძო საექსპერტო დასკვნებს, ასევე სისხლის სამართლის საქმეზე დანიშნული ექსპერტიზის შედეგებს და იმოქმედებს შესაბამისი დღის წესრიგით. აღნიშნულის შესახებ განცხადებას ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი ავრცელებს, რომელითაც ქეთევან კაიკაციშვილის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის საქმეზე კლინიკისა და ექიმების მხრიდან კერძო ორგანიზაციებისთვის საექსპერტო დასკვნის დაკვეთას ეხმაურება.

2025 წლის 5 დეკემბრის ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე წარმოდგენილი დოკუმენტაციით ირკვევა, რომ ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინა“ და ექიმები ე.წ. „პროტოკოლური სიმართლის“ „დამტკიცების“ ინტერესი გამოთქვეს. კერძოდ, წარმოდგენილი იქნა კლინიკის წერილი საექსპერტო დასკვნის მომზადების მიზნით და შესაბამისი შეკითხვებით: „რა არის ქეთევან კაიკაციშვილის სიკვდილის მიზეზი?“, „რამდენად სწორად იქნა დიაგნოსტირებული ქეთევან კაიკაციშვილის დაავადებები კლინიკა „მედინაში“ ცალკეული სპეციალობების მიხედვით“, „რამდენად ადეკვატურად უტარდებოდა ქეთევან კაიკაციშვილს მკურნალობა კლინიკა „მედინაში“, „უზრუნველყო თუ არა კლინიკა „მედინამ“ პაციენტ ქეთევან კაიკაციშვილის მკურნალობისთვის საჭირო შესაბამისი სპეციალობის ექიმებით, დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის საჭირო ინვენტარით“, რომელიც დაკვეთილი იქნა შპს „რეალექსპერტის“ (ს/კ 404470434, სადამფუძნებლო შეთანხმებით განსაზღვრული ადმინისტრაციული დირექტორი: მაია ნიკოლეიშვილი) მიმართ, ხოლო კიდევ ერთი საექსპერტო დასკვნის მომზადება ექიმ დიანა ჭანუყვაძის მიერ დაკვეთილი იქნა შპს „დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი ვექტორის“ (ს/კ 205051799, დირექტორი: ალექსანდრე გეჯაძე) მიმართ.

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ნებისმიერი კერძო ექსპერტიზა ნებისმიერ დროს შეიძლება გახდეს მიკერძოებული. უხერხულობას იწვევს ის ფაქტი, რომ კლინიკა „მედინამ“ და ექიმებმა, ზოგადად, გადაწყვიტეს რაიმე არგუმენტის შექმნა იმ ქმედებებზე, რაც ახალგაზრდა ადამიანის სიკვდლით დასრულდა. საქმეზე წარმოდგენილია 2024 წლის 31 იანვრიდან - 5 მარტის მდგომარეობით, ქეთევან კაიკაციშვილის მიმართ, დღეების, საათებისა და წუთების მიხედვით, ყველა მოქმედი და მონაწილე პირის ჩართულობით განხორციელებული ქმედებების სრული და დეტალური აღწერილობითი დოკუმენტი, რომელიც ერთვის საქმეს და გამოქვეყნდება საჯაროდაც.

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, სიურცხვეს, რომელსაც კლინიკა გვთავაზობს, პატივცემულ ექსპერტებს აყენებს მორალური დილემის წინაშე და ცხადი ხდება, რომ როგორც კლინიკა, ასევე ექიმები თავის გადარჩენის გზას ადგას. კანონი და სამართალი ყველა მათგანს, როგორც არასდროს აქამდე, თან არავის მხრიდან, დღეს ყველა მათგანს ისე მოსთხოვს პასუხისმგებლობას. სამწუხაროდ, კლინიკა და ექიმები თვითმხილების და თვითგანადგურების გზას დაადგნენ. ჩვენ ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე უკვე დავკარგეთ და თუ ვინმეს ჰგონია, რომ გადაიხდიან ფულს და „იყიდიან საქმეს“, გადაიხდიან ფულს „სასურველ დასკვნაში“ ან გადაიხდიან ფულს და „მიიღებენ იურიდიულ მომსახურებას“, ყველას უნდა ესმოდეს, რომ ამ ვითარებაში, რომელიც შენ თვითონ შექმენი და წინ მიცვალებული გიდევს, ქუდი უნდა დაიხურო და წახვიდე - ცოდვით დამძიმებული თეთრი ხალათი ყველა სხვა სიცოცხლის უპირობო საფრთხეა და ადამიანის სიცოცხლე მორიგი სტატისტიკა არ უნდა გახდეს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“, საქმის მასალებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ოჯახის ძირითადი პრეტენზია მიმართულია ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ სამედიცინო პერსონალის - მეან - გინეკოლოგ ჯუმბერ უნგიაძის, მეან - გინეკოლოგ ნათია ზამთარაძის, თერაპევტ მამუკა ბაკურიძის, რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგ შორენა ფოცხიშვილისა და მეან-გინეკოლოგ, რეპროდუქტოლოგ დიანა ჭანუყვაძის მიმართ, რომელიც არ არის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ ექიმი და საქმიანობს სხვა კლინიკაში. ამასთან, ორგანიზაციის სამართლებრივი მოთხოვნები გააჩნია ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ მიმართაც.  კერძოდ, სასამართლოს წარმოებაშია სარჩელი, რომელიც სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის ქვეშ ზიანის ანაზღაურებას და მარჩენალდაკარგულ არასრულწლოვანის მიმართ სრულწლოვანებამდე რჩენის ვალდებულების მოთხოვნას ეხება.

2025 წლის 5 დეკემბრის ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფეხმძიმე ქალის ქეთევან კაიკაციშვილის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის საქმეზე მოწმეები და სპეციალისტები დაკითხებიან (იხ. 05.12.2025 სხდომის შეფასება https://barristers.ge/ge/page/news_item/1973) ორგანიზაციის სამართლის ჯგუფმა შეისწავლა სამედიცინო საქმის მასალები, აღდგენილი იქნა გარდაცვლილი ქეთევან კაიკაციშვილის მოპასუხე კლინიკასთან და მოპასუხე ექიმებთან 2024 წლის 28 იანვრიდან 2024 წლის 12 თებერვლის ჩათვლით კომუნიკაციის, ჩატარებული სამედიცინო მომსახურების, დაყოვნების, კრიტიკული მდგომარეობის სრული სურათი. დეტალურად, ქრონოლოგიურად და თანმიმდევრულობით დოკუმენტირდა ქეთევან კაიკაციშვილისა და ოჯახის წევრების ურთიერთობა კლინიკასთან და მოპასუხე ექიმებთან, მოხდა შექმნილი ვითარების კრიტიკული ანალიზი, სამედიცინო მომსახურებისა და ექიმების ქცევის შესახებ მომზადდა დეტალური კვლევა და ანგარიში, რაც ცალსახად ტოვებს ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ და ექიმების ერთობლივ სამართლებრივ პასუხისმგებლობის საკითხს.  ამასთან, აღდგენილი და დოკუმენტირებული იქნა ქეთევან კაიკაციშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის განვითარება ბათუმიდან ტრაბზონში გადაყვანისა და დაყოვნების მთელ პერიოდზე (ვრცელი გამოქვეყნებული მასალა იხ. https://barristers.ge/ge/page/news_item/1950)

ორგანიზაცია, არსებული კვლევის საფუძველზე აღნიშნავს, რომ როგორც ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებაზე პასუხისმგებელი კლინიკის, ასევე ექიმების გაუფრხილებლობით, არასათანადო სამედიცინო დახმარების, არასწორი და მცდარი მკურნალობის, პაციენტის მიმართ აუცილებელი გულისხმიერებისა და ყურადღების გარეშე, ქეთევან კაიკაციშვილს 2024 წლის 6 თებერვლიდან 12 თებერვლის პერიოდში, განუვითარდა პნევმონია, სუნთქვის მწ. უკმარისობა, მძიმე რესპირატორული დისტრეს სინდრომი, სეპტიცემია, სეპტიური შოკი, თირკმლის უკმარისობა, ღვიძლის მწ. უკმარისობა, საჭვო ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია. მოპასუხე კლინიკამ და მოპასუხე ექიმებმა არათუ აღმოფხვრეს პაციენტის წინაშე არსებული ჯანმრთელობის მდგომარეობა, არამედ არსებული მწვავე განვითარება და გამოვლინებები არ შეატყობინეს და დაუმალეს პაციენტის ოჯახს, რამაც საბოლოოდ, ქეთევან კაიკაციშვილის დაღუპვა, ახალშობილის კი - გადარჩენა გამოიწვია.

2024 წლის 13 მაისს, საქართველოს შს სამინისტროს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, ქეთევან კაიკაციშვილის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის შესაძლო ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ არის.



კომენტარები