ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2025 წლის 13 და 14 დეკემბრის არჩევნებს დააკვირდება, რომელმაც ახალი თავმჯდომარე, აღმასრულებელი საბჭო, სარევიზიო საბჭო, ეთიკის კომისია და ეთიკის კომისიის არა ადვოკატი წევრები უნდა აირჩიოს.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარისა და მმართველობითი ორგანოების არჩევნებში ამომრჩეველი ადვოკატების რეგისტრაცია დადგენილი წესის მიხედვით განხორციელდება. 2025 წლის 13 დეკემბერს, 09:00-12:00 საათის შუალედში მოხდება ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების მონაწილე წევრების რეგისტრაცია. საერთო კრების გახსნის შემდეგ არჩეულ იქნება ხმის დამთვლელი კომისიის არჩევა. 15:00 – 16:00 საათის შუალედში, ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატები საარჩევნო პროგრამით მიმართავენ საერთო კრების მონაწილეებს, ხოლო 2025 წლის 14 დეკემბერს, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, შედგება ასოციაციის თავმდჯომარის, აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის და სარევიზიო კომისიის წევრების არჩევნები (ფარული კენჭისყრა). ხმების დათვლა სრულად აპარატების საშუალებით („PCOS” საარჩევნო ოპტიკური სკანერები) მოხდება, ხოლო თავმჯდომარის არჩევნების შედეგები, დამატებით ხმის დამთვლელი კომისიის მიერ კრებაზევე საჯაროდ, ხელით გადაითვლება. არჩევნების მთლიანი შედეგების გამოცხადება, დღის წესრიგის მიხედვით, 21:00 საათზე მოხდება.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მმართველი ორგანოების არჩევნებში საერთო ჯამში 126 კანდიდატია რეგისტრირებული. აქედან თავმჯომარეობის პოზიციაზე რეგისტრირებულია 6 კანდიდატი, აღმასრულებელი საბჭოს წევრად - 52, ეთიკის კომისიის წევრად - 44, ეთიკის კომისიის არა ადვოკატ წევრად - 9, ხოლო სარევიზიო კომისიის წევრად - 15 კანდიდატი.
კენჭისყრის შედეგად, ასოციაციის თავმჯდომარედ არჩეულად ჩაითვლება 1 (ერთი) საუკეთესო შედეგის მქონე ის კანდიდატი, რომელმაც „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიიღო დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობა. აღმასრულებელი საბჭოს წევრებად არჩეულად ჩაითვლებიან 11 (თერთმეტი) საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი, ეთიკის კომისიის ადვოკატ წევრებად არჩეულად ჩაითვლებიან 12 (თორმეტი) საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი, ეთიკის კომისიის არა ადვოკატ წევრებად არჩეულად ჩაითვლებიან 3 (სამი) საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი, ხოლო სარევიზიო კომისიის წევრებად არჩეულად ჩაითვლებიან 5 (ხუთი) საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი.
ცნობისთვის: 13-14 დეკემბრის საერთო კრების მიმდინარეობას დააკვირდებიან 6 თავმჯდომარეობის კანდიდატის - 24 დამკვირვებელი და 11 არასამთავრობო სადამკვირვებლო ორგანიზაციის - 22 დამკვირვებელი. დამკვირვებელს უფლება აქვს, პროცესისთვის ხელის შეშლის გარეშე, ხმის დამთვლელი კომისიის მიერ განსაზღვრული ზონის ფარგლებში, დააკვირდეს არჩევნების მიმდინარეობას. ვიდეო-აუდიო ჩანაწერების განხორციელება დასაშვებია, ისე რომ არ დაირღვეს კენჭისყრის ფარულობა და ხელი არ შეეშალოს კრების მიმდინარეობის პროცესს. „ახალგაზრდა ადვოკატები“ დამკვირებელ ორგანიზაციად 2025 წლის 9 დეკემბერს დარეგისტრირდა. ორგანიზაციამ, ბოლო 5 წლის განმავლობაში, არაერთი შეფასება და მონიტორინგი გამოაქვეყნდა ეროვნული დონის არჩევენებთან დაკავშირებით. მათ შორის, სადამკვირვებლო უფლებამოსილებას ახორციელებდა პროფესიულ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩატარებულ არჩევნებზე. ორგანიზაცია სადამკვირვებლო მისიას ახორციელებდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის და სარევიზიო კომისიის წევრების გასული პერიოდის არჩევნებზე.
სადამკვირვებლო უფლებამოსილებას ორგანიზაციის სახელით: არჩილ კაიკაციშვილი და ანა კესარელი განახორციელებენ.





