ბიზნესმენ არსენ კუტალაძის ოჯახი მამუკა მდინარაძეს ბიზნესმენის დაღუპვის საქმეზე დახმარებისთვის მიმართავს

18 ივნისი, 2026

რესტორანი „ურმულის" პირვანდელი მფლობელის, გარდაცვლილი ბიზნესმენ არსენ კუტალაძის ოჯახი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ მამუკა მდინარაძეს დახმარების თხოვნით, არსენ კუტალაძის დაღუპვის სისხლის სამართლის საქმეზე ეფექტიანი და დროული გამოძიებისა და დაზარალებულად ცნობის საკითხზე წერილობით მიმართავს და აცხადებს, რომ სათაანდო პოლიტიკური და სამართლებრივი ნების პირობებში, არსენ კუტალაძის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა შეუძლებელია. განცხადებას აღნიშნულის შესახებ გარდაცვლილი ბიზნესმენის ოჯახის ინტერესების დამცველი ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს.

ბიზნესმენ არსენ კუტალაძის მეუღლის, მარინე წამალაიძის განცხადებით, სამწუხაროდ, არსენ კუტალაძის საქმე გამოუძიებელი საქმეების რიცხვს განეკუთვნება და გამოთქვამს იმედს, რომ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პირადად დაინტერესდება საქმის მიმდინარეობითა და დასახელებული გავლენებით. არ არსებობს ერთმნიშვნელოვანი მტკიცება, რომელიც პასუხს გასცემდა 7 წლის წინ, 2019 წლის 9 იანვარს არსენ კუტალაძის დაღუპვის არსებული ვერსიის დამაჯერებლობას - ჯერ კიდევ, არაერთი გარემოების შესწავლის შედეგად, დასადგენია, არსენ კუტალაძის სხეულში ნარკოტიკული ნივთიერება ნების საწინააღმდეგოდ აღმოჩნდა თუ ადგილი ჰქონდა ორგანიზებულ მკვლელობას და არა - უბედურ შემთხვევას. ოჯახის განცხადებით, არავითარი ძალისხმევა, საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება არ ჩატარებულა იმისთვის, რომ სახელმწიფოს რეალური დამნაშავეები და პასუხისმგებელი პირები გამოევლინა, მისცემოდა ფაქტებს სწორი სამართლებრივი შეფასება და აღსრულებულიყო სამართალი

ბიზნესმენ არსენ კუტალაძის ოჯახის ადვოკატის, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის დეპარტამენტის მე-4 განყოფილება დაინტერესებული არ არის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა უზრუნველყოს. 2019 წლიდან - დღემდე, რეაგირების გარეშე რჩება ადვოკატების მიმართვები და მოთხოვნები. საქმის მასალებით დგინდება, რომ არსენ კუტალაძე ბიზნესიდან რეგისტრირებული და არარეგისტრირებული წილებიდან გასვლას და სამშენებლო სფეროში საქმიანობის გაგრძელებას აპირებდა. შესაბამისად, პარტნიორების წინაშე იდგა კუთვნილი წილის კომპენსაციის გადახდის საკითხი, რაც მილიონებს აღემატება. შესაბამისად, არ გამოირიცხება ბიზნესმენის დაღუპვა სხვა ფაქტორებით ყოფილიყო შესრულებული, რასაც არც გამოძიება გამორიცხავს, საქმეზე დაისმის პარტნიორებს შორის ურთიერთობის შესწავლაზე შესაბამისი კითხვები, მაგრამ დღემდე საქართველოს პროკურატურა არსენ კუტალაძის მეუღლის - მარინე წამალაიძის არც დაზარალებულად ცნობას ახდენს და არც სისხლის სამართლის საქმეზე რეალური წინსვლითაა დაინტერესებული. 

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, 2019 წლის 9 იანვარს, დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანის მე-9 კმ.-ზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურ „რომპეტროლის“ ტერიტორიაზე არსენ კუტალაძის გარდაცვალების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გარდაცვლილის სხეულში აღმოჩენილი იქნა 1915 მგ. მეთადონი, რაც ჩვეულებრივ ვითარებაში, 8-ჯერ აღემატება დაშვებულ დოზას და დაუყოვნებლივ იწვევს ფატალურ შედეგს. ვინაიდან გამოძიება მუშაობს თვითმკვლელობამდე მიყვანის გარემოებების შესწავლაზე, არსებობს არაერთი წინააღმდეგობრივი ფაქტი, სისხლის სამართლის საქმე შეწყვეტილი არ არის. კერძოდ, მოწმეთა ჩვენებებში ნახსენებია ნემსი, რომლითაც არსენ კუტალაძის სხეულში, სავარაუდოდ მოხდა ინექციის გაკეთება, მაგრამ მტკიცებულების სახით იგი მოძიებული და საქმეზე დამაგრებული არ არის. ეს ერთ-ერთი მთავარი გარემოებაა, ვინაიდან აღნიშნულ ნივთზე ბიოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნით შესაძლებელი გახდებოდა იმის დადგენა, თუ ვის ჰქონდა შემხებლობა ნივთთან. დადგენილი არ არის, თუ რა ტევადობის ე.წ. „შპრიცთან“ გვაქვს საქმე და შესაძლებელი იქნებოდა თუ არა მასში მოთავსებული ყოფილიყო იმ რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება, რაც სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაშია აღწერილი. დადგენილია, რომ არსენ კუტალაძის გვამს აღენიშნებოდა ნაჩხვლეტები მხრის და გულმკერდის არეში. აღნიშნული ფაქტის ერთდროულობა მიუთითებს, რომ არსენ კუტალაძეს თავისი ნების შესაბამისად არ მოუხდენია ნარკოტიკული საშუალების მიღება. ამდენად, თუ რა მოხდა 2019 წლის 9 იანვრის დილიდან, ვიდრე არსენ კუტალაძეს საღამოს გარდაცვლილს იპოვიდნენ, სისხლის სამართლის საქმეზე შემდგომი ახალი დასკვნების საფუძველი უნდა გახდეს. შესაბამისად, გარდაცვალების ადგილის მხოლოდ ფორმალური დათვალიერება, შეუძლებელია გამოდგეს იმ მტკიცების საფუძვლად, რომ არსენ კუტალაძემ თავისი ნების შესაბამისად მოიხმარა სხეულში აღმოჩენილი 1915 მგ. მეთადონი.

წარმოდგენილი საქმის მთლიანი ანალიზი ცხადყოფს, რომ არსენ კუტალაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმე გამოუძიებელია და ღია კითხვებს აჩენს. მნიშვნელოვანია, გამოძიება წარიმართოს ობიექტურად, უნდა მოხდეს საქმეში მონაწილე ყველა მოწმის ხელახალი გამოკითხვა იმ კუთხით, რომ დადგინდეს შემთხვევის დღეს მათი გადაადგილების და მოქმედების გეგმა. ასევე კონტაქტები, შესაბამისი ანძების მითითებით, ამოღებულ უნდა იქნეს მათ მობილურ ტელეფონებზე განხორციელებული შემავალ/გამავალი ზარების ნუსხა, უნდა დაისვას კითხვები შემთხვევის ადგილზე არსებული ნივთმტკიცებების დაკარგვასთან თუ განადგურებასთან დაკავშირებითაც. მოწმეთა მიერ მიღებული ჩვენებების სანდოობასთან დაკავშირებით, უნდა ჩატარდეს ყველა შესაბამისი საგამოძიებო ექსპერტიმენტი.



კომენტარები