ძვირფასო მეგობრებო,
მსურს ძალიან სამწუხარო ცნობა მივაწოდო საზოგადოებას, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში თვალს ადევნებს გარდაცვლილი ბიზნესმენის არსენ კუტალაძის ოჯახის ბრძოლას სამართლიანობის აღდგენისთვის და იმ ქონებების უკან დასაბრუნებლად, რომელიც რეალური გარიგების გარეშე, ოჯახური კონფლიქტის საფუძველზე, არსენ კუტალაძემ დროებით გადასცა ძმას - მერაბ კუტალაძეს და იმჟამად არასრულწლოვან ძმისშვილს - გიორგი კუტალაძეს, ხოლო არსენ კუტალაძის დაღუპვის შემდგომ, მერაბ კუტალაძემ ცოცხლად დარჩენილ მემკვიდრეებს ეს ქონებები უკან აღარ დაუბრუნა.
2026 წლის 19 ივნისს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე შემაჯამებელი და საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლითაც სადავო რესტორანი „ურმული“ და სადავო საცხოვრებელი სახლი თბილისში, ესმა ონიანის ქუჩაზე, არსენ კუტალაძის ოჯახს ჩამოართვა.
სასამართლომ წაგვართვა რესტორან ურმულის 50%-იან წილზე საკუთრების უფლება, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით, არსენ კუტალაძის მეუღლე მარინე წამალაიძემ საკუთრების უფლებით მიიღო.
სასამართლომ, სრულიად მოულოდნელად გააუქმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება და ყველა სადავო ქონება, რესტორანიც და საცხოვრებელი სახლიც, მერაბ კუტალაძეს და მის ოჯახს დაუსაკუთრა!
სასამართლომ წაგვართვა ყველაფერი, რაც ობიექტურად და საქმეში არსებული ყველა მტკიცებულებით, უნდა დარჩენოდა მის ერთადერთ, კანონიერ და პირვანდელ მფლობელს - არსენ კუტალაძის ოჯახს.
დგება დრო, როცა სათქმელი ცალსახად უნდა ითქვას, მთელ ქვეყანას და მთელ სამყაროს გავაგებინოთ, რა უსამართლობის მსხვერპლი გავხდით და როგორ წაგვართვეს საკუთარი ქონება. დიახ, წაგვართვეს და არა - დავკარგეთ.
ეს არის შედეგი, რომელიც დაიგეგმა და სისრულეში მოვიდა. შედეგი, რომელიც სპეცოპერაციას ჰგავს. შედეგი, რომელიც ცალსახად ამტკიცებს, რომ თავისუფალ, თანასწორუფლებიან სამართლებრივ ბრძოლაში მერაბ კუტალაძეს არავითარი შანსი არ გააჩნდა და სასარგებლო გადაწყვეტილების ერთადერთი გზა საქმეზე ზემოქმედება, გავლენის მოპოვება, ნეპოტიზმით და ანგარებით, სასურველი შედეგის მიღებაა.
და, რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში, ეს არ არის არც სამართლიანი სასამართლო, არც დამოუკიდებელი მოსამართლე, არც შეჯიბრებითობა და არც მტკიცების ტვირთის დაძლევა.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, დამდგარი შედეგი არის უპატრონო და მართალი ადამიანების ჩაგვრა, დაობლებული ბავშვებისთვის მამის ქონების წართმევა, არსენ კუტალაძის თვითმკლელობამდე მიყვანის საქმეზე რეალობისთვის თავდაუხრელი მეუღლის - მარინე წამალაიძის სამაგალითო დასჯა და შურისძიება სასამართლოს ხელით, რომლის უკანაც ოფიციალურად დგას პროცესუალური მხარე - მერაბ კუტალაძე, არაოფიციალურად კი რესტორან „ურმულის“ წილებით, შემოსავლებით, არსენ კუტალაძის მიერ დანატოვარი სიკეთეებით ხელმომთბარი ადამიანები, რომლებსაც აქვთ გავლენები სასამართლო და სამართალდამცავ სისტემაში, აქვთ პოლიტიკური კონტაქტები და ძალაუფლება.
არსენ კუტალაძის ქონების გადანაწილება და არსენ კუტალაძის თვითმკლელობამდე მიყვანის საქმე ერთმანეთისგან განცალკევებულად არ და ვერ განიხილება. საქმეში წარმოდგენილი, მოპოვებული და არსებული დოკუმენტური მასალა იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ საქართველოს პროკურატურამ უპასუხოს საზოგადოებაში დაგროვებულ კითხვებს, ოჯახის ინტერესს: რა ვითარებაში მოხდა არსენ კუტალაძის სიცოცხლის მოსპობა, ვინ რა როლი შეასრულა ამ კრიმინალური საქმის განხორციელებაში, ვის ხელშია მისი ბიზნეს-იმპერიიდან დარჩენილი რეგისტრირებული და არარეგისტრირებული ქონება.
სამწუხაროდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ძირს უთხრის სასამართლოს მიმართ ნდობას და მიუკერძოებელი მოსამართლის სახელს. არ არსებობს რაიმე სახის ერთი დოკუმენტიც კი, რომელიც საფუძველი გახდებოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაცვლელად. მერაბ კუტალაძეს სასამართლოსთვის, არც საწყისს ეტაპზე და არც შემდგომ, არავითარი მტკიცებულებები არ წარუდგენია, რომელიც მის სასარგებლოდ ასეთ შედეგს ობიექტურად დააყენებდა.
ჩვენ უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ სამართლიანი სასამართლოს უფლებისა და საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტებზე - უზენაესმა სასამართლომ საქმე არსებითი განხილვისთვის მიიღო, მაგრამ არ მოუსმინა პროცესის მონაწილე არც ერთ მხარეს და გადაწყვეტილება მიიღო ზეპირი მოსმენის გარეშე. საქმე არ აიცილა მოსამართლე არჩილ კოჭლამაზაშვლმა, რომელიც იმავე მხარეებს შორის განიხილავდა სარჩოსა და ალიმენტის დაკისრების საქმეს. სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო პროცესის მონაწილე მხარეებისთვის საქმის განხილვის თარიღის შეუტყობინებლად. სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო იმ პირობებში, როდესაც ფიზიკურად არ არსებობდა საქმის დასაშვებად ცნობის შესახებ განჩინების დასაბუთებული ეგზემპლარი და შესაბამისად, პროცესის მონაწილე მხარეებისთვის გადაწყვეტილების გამოტანამდე უცნობი იყო საქმის დასაშვებად ცნობის სამართლებრივი მოტივაცია.
ამასთან, ცალკე შეფასების საგანია ის სერიოზული გამოწვევები და შეშფოთებები, რომელიც კიდევ უფრო მეტად წარმოაჩენს საქართველოს უზენაესი სასამართლოს, როგორც ქვეყნის ბოლო ინსტანციის მორალურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობას. კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განმხილველი მოსამართლე ლიანა კაჟაშვილის მეუღლე ბატონი ამირან ძაბუნიძე, ასევე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა. შესაბამისად, საქმის განმხილველი მოსამართლეების კოლეგა პირადი ურთიერთობებით. ამასთან, როდესაც არსენ კუტალაძემ რესტორან ურმულის მიწის ნაკვეთი 2011 წლის 11 მაისს შეიძინა, გამყიდველი გახლდათ ბატონი ასლან გრიგალავა, რომელთანაც ამჟამად მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებს მერაბ კუტალაძეს. ბატონი ასლან გრიგალავა არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ქალბატონ მირანდა ერემაძის მეუღლის ძმა - მაზლი და შესაბამისად, საქმის განმხილველი მოსამართლეების კოლეგა პირადი ურთიერთობებით. ამასთან, ჩვენ ვამოწმებთ სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციასაც, რომელიც შესაძლებელია ქმნიდეს სასამართლოსთან მერაბ კუტალაძის და მისი მფარველი ჯგუფების ხელმისაწვდომობის ფარგლებს.
საქართველოს პარლამენტმა 2025 წლის ოქტომბერში ნდობა გამოუცხადა მოსამართლე ბატონ ლევან ნემსაძეს, რომელიც გახლდათ საქართველოს უზენაესს სასამართლოში არსენ კუტალაძის საქმის თავმჯდომარე მოსამართლე და ჩვენ არ შევჩერდებით მის ბიოგრაფიულ შტრიხებზე. შევჩერდებით მისი გადაწყვეტილების მძიმე შედეგებზე, რომელიც ძირს უთხრის ამ ქვეყანაში სამართლიანობას, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებს. დაუჯერებელია, მოსამართლე არ გრძნობდეს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობას ეხება, არამხოლოდ ერთი ოჯახისთვის, არამხოლოდ ერთი რიგითი დავისთვის, არამედ ინსტიტუციურად გავლენას ახდენს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ნდობის ხარისხზე. ცალსახად, ეს არის უკანონო, დაუსაბუთებელი და მორალურად გაუმართლებელი გადაწყვეტილება და ეს არ არის შემთხვევა, როდესაც ზემდგომი ინსტანციის სასამართლო არ ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს.
ჩვენ ვქმნით საზოგადოებას და ქვეყანას, სადაც ერთი უკანონო გადაწყვეტილება გადაწონის ყველაფერს, ერთი დაჩაგრული ადამიანის ბედი განსაზღრავს დემოკრატიას. ასეთი ხისტი და დავალებული გადაწყვეტილება არის ჩვეულებრივი დაცინვა. ამიტომაც, ჩვენ ვაცხადებთ ამ გადაწყვეტილების განხილვაზე ფართო დისკუსიას და განხილვას, ყველაფერს, რაც უფრო მკაფიოდ, უფრო ცხადად და უფრო ნათლად წარმოაჩენს, თუ რა გააკეთა სასამართლომ.
ჩვენ წაგვართვეს „ურმული“, საცხოვრებელი სახლი, დაგვამარცხეს სასამართლოს დარბაზის გარეთ, მაგრამ ვერ წაგვართმევენ ღირსებას, რომელსაც არსენ კუტალაძე მთელი მისი შეგნებული ცხოვრება უზიარებდა სხვებს. ვერ წაგვართმევენ სიმართლის დადგენის ინტერესს და სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელების მოტივაციას. ყველა, ვინც ამიერიდან „ურმულის“ სტუმარი იქნება, უნდა იცოდეს, რომ „ურმული“ წართმეულია, თითოეული გადახდილი ფული კი არა ობოლ ბავშვებს, არამედ კონკრეტული ადამიანების ინტერესებს ხმარდება.
„ურმული“ და წართმეული ქონება, ადრე თუ გვიან, აუცილებლად დაუბრუნდება მის ერთადერთ, კანონიერ და ნამდვილ მესაკუთრეს - არსენ კუტალაძის ოჯახს და მალე სრულწლოვან შვილებს, რომლებიც ისე გაიზარდნენ ობლობაში, რომ არავითარი მზრუნველობა არ უგრძნიათ მერაბ კუტალაძის ოჯახისგან.
მინდა მივმართო პროფესიულ საზოგადოებას - იურისტებს, ადვოკატებს, უფლებადამცველებს - არც ერთ შემთხვევაში, თავი არ დაუხაროთ უკანონობას და უსამართლობას. მე ვიღებ დამარცხებას მაშინ, როცა ეს დამარცხება შესაძლებელია, მაგრამ როდესაც ხელიდან გაცლიან გარდაუვალ გამარჯვებას, ეს აუქმებს ჩვენს პროფესიას. უნდა დასრულდეს ჩვენს პროფესიაში ჩაწყობილი საქმეები და მისი მწარმოებლები. ეს არის წითელი ხაზი და არც ერთ ჩაწყობილ საქმეზე არც ერთი გამარჯვება არ არის საამაყო.
დღეიდან, არსენ კუტალაძის ოჯახი, მისი უფლებადამცველები საზოგადოებასთან ერთად, ახალი ძალით გავაგრძელებთ ბრძოლას წართმეულის დასაბრუნებლად და არსენ კუტალაძის საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად.
მჯერა, არ დაიკარგება სიმართლე და ამ სიმართლის დასადგენად ჩვენი შემდეგი ნაბიჯია - სტრასბურგი.
აუცილებლად შევხდებით ევროპაში, სადაც ანდრია, ნინი და ნიკოლოზი, არსენ კუტალაძის შვილები, მისი მეუღლე იპოვიან სიმართლეს.
ჩვენ ვიწყებთ და ჩვენ ვიგებთ.
ეს არის გარდაუვალი!
არჩილ კაიკაციშვილი,
არსენ კუტალაძის ოჯახის ინტერესების დამცველი,
ადვოკატი





