ბიზნესმენი მამუკა სხვიტარიძე ძაღლების წინააღმდეგ - მოსამართლე ეკატერინე კახნიაშვილის განჩინება აღსრულდა

11 აგვისტო, 2026

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, ქ. ბათუმში, აკაკი შანიძის ქუჩა N16-ში მდებარე ტერიტორიაზე (ს/კ 05.35.27.370, ს/კ 05.35.27.371 და ს/კ 05.35.27.372), ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინების აღსრულების საკითხზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელიც შეეხებოდა შინაური ცხოველების - ძაღლების იზოლირების საკითხს და ცხოველის დასჯის იძულებით ღონისძიებას. კერძოდ, სასამართლოს განჩინება შეეხებოდა კომპანია „ტრანსკავკასიის კრისტალის“ დირექტორ მამუკა სხვიტარიძის მოთხოვნას კომპანია „ბიზონს“ და მის დირექტორ ნიაზ ხალვაშს დავალებოდა ძაღლების ტერიტორიიდან გაყვანის გზით, მუდმივი იზოლაცია, სათანადო ვოლიერებში/დახურულ სივრცეებში განთავსება ან მათი დაბმულ მდგომარეობაში ყოლა (ალიკაპისა და საბელის გამოყენებით).

2026 წლის 10 აგვისტოს, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარა-გურიის სააღსრულებლო ბიუროს წარმომადგენლები, მამუკა სხვიტარიძის მოთხოვნისა და ნიაზ ხალვაშის მხრიდან სასამართლოს განჩინების ნებაყოფლობით აღსრულების მიზნით, ადგილზე გამოცხადნენ. მამუკა სხვიტარიძე ჯერ საჯაროდ განმარტავდა, რომ ნიაზ ხალავშს ცხოველები ტერიტორიიდან უნდა გაეყვანა და სასამართლოს განჩინებით ძაღლების იზოლირების სამი შესაძლო პირობა არ არსებობდა, თუმც თვალნათელი გახდა, რომ მამუკა სხვიტარიძე სასამართლოს განჩინებას თავისებურ ინტერპრეტაციას აძლევდა, რაზეც აღმასრულებლის მხრიდან შესაბამისი განმარტება მიეცა. შემდეგ, მამუკა სხვიტარიძემ განმარტა, რომ ტერიტორიაზე არსებული ვოლიერი საერთაშორისო სტანდარტს არ აკმაყოფილებდა, იშველიებდა „ChatGPT“-ის განმარტებას ვოლიერის შესახებ და მოითხოვდა ძაღლები არ განთავსებულიყო არსებულ ვოლიერში. აღმასრულებლის მხრიდან ადგილზე ვოლიერის არსებობის ფაქტი დადასტურდა, თუმცა მამუკა სხვიტარიძემ სასამართლოს განჩინების აღსრულებას პირდაპირი წინააღმდეგობა შეუქმნა - მომჩივანმა მხარემ ვოლიერიდან არ გამოიყვანა წინა დღეებში შესახლებული და ჩაკეტილი ცხვარი, რომელიც მამუკა სხვიტარიძემ პროვოკაციული განზრახვით შემოიყვანა ტერიტორიაზე, ცხვარს ჩამოჰკიდა ჰალსტუხი და ამით აბუჩად აიგდო, როგორც ცხოველი, ასევე მოწინააღმდეგე მხარე. ასეთ ვითარებაში, ნიაზ ხალვაში სასამართლოს განჩინების აღსრულებას ერთ-ერთი პირობის ნებაყოფლობით შესრულებით დასთანხმდა. კერძოდ, ძაღლები განთავსდა დაბმულ მდგომარეობაში,  ალიკაპისა და საბელის გამოყენებით.

2026 წლის 11 აგვისტოს, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარა-გურიის სააღსრულებლო ბიუროს წარმომადგენლები ადგლზე გამოცხადნენ და განხორციელდა შემოწმება ძაღლები იმყოფებოდნენ თუ არა დაბმულ მდგომარეობაში,  ალიკაპისა და საბელის გამოყენებით. აღმასრულებლებს ცხოველები სასამართლოს განჩინების შესაბამისად დახვდათ, იმის მიუხედავად, რომ მამუკა სხვიტარიძე აღსრულებიდან მცირე დროში, დაუკავშირდა აჭარა-გურიის სააღსრულებლო ბიუროს ხელმძღვანელ პირებს და მიაწოდა წინა პერიოდში გადაღებული ვიდეო-მასალა, სადაც ტერიტორიაზე ცხოველები ალიკაპის და საბელის გარეშე გადაადგილდებოდნენ და აღნიშნული ფაქტი წარმოაჩინა სასამართლო განჩინების დარღვევად. ამასთან, 11.08.2026 მხარემ წერილით მიმართა მამუკა სხვიტარიძის წარმოამდგენელს და მოსთხოვა ვოლიერიდან ცხვრის გაყვანა, რათა ზაფხულის ხვატის პირობებში ძაღლების დაბმული მდგომარეობიდან, დახვეული ალიკაპით გათავისუფლებულიყვნენ და ვოლიერებში შესახლებულიყო. მამუკა სხვიტარიძემ შეტყობინება რეაგირების გარეშე დატოვა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აცხადებს, რომ ბათუმის საქალქო სასამართლოს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ გასაჩივრებულია (განჩინება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, რაც შესრულდა) და ცხოველის მიმართ გამოყენებული ღონისძიება მეპატრონის იძულებით ნაბიჯს, სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის დაუშვებლობით იქნა შესრულებული, რასაც შესაძლებელია, სისხლის სამართლებრივი პაუსხისმგებლობა მოჰყოლოდა. შესაბამისად, ჩვენ გვესმის საზოგადოების სამართლიანი პროტესტი და აღშფოთება, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინების შემდგომ წარმოიშვა და აბსოლუტურად დასაბუთებულია მოქალაქეების კრიტიკა, რომელიც სასამართლოს არაჰუმანური და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად დადგა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ სასამართლოს განჩინება უკანონო, დაუსაბუთებელი და რეპრესიულია, რომელიც მიმართულია მფლობელობისა და შინაური ცხოველების უფლებების წინააღმდეგ და მას ქართულ სასამართლო პრაქტიკაში ანალოგი არ მოეპოვება.

განჩინება მიღებულია მამუკა სხვიტარიძის მოთხოვნის ფარგლებში, რომელიც სადავო და საზიარო ფართიდან ნიაზ ხალვაშისა და შპს „ბიზონის“ გამოსახლებას უსაფუძვლოდ მოითხოვს, ცხოველების გასახლება კი წარმოადგენს მამუკა სხვიტარიძის მხრიდან ნიაზ ხალვაშის წინააღმდეგ დაგეგმილ და განხორციელებულ შურისძიების აქტს, ვინაიდან სადავო ქონების მისაკუთრების შემდეგ, მამუკა სხვიტარიძე, ჯერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას მოითხოვს (შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ არის), ხოლო 2026 წლის მაისში აღძრული სარჩელით ტერიტორიაზე შესვლის და მექანიკური/სატრანსპორტო საშუალებების აკრძალვას, 2026 წლის ივლისში კი, მამუკა სხვიტარიძის სამიზნე ტერიტორიიდან ნიაზ ხალვაშის მფლობელობაში არსებული ძაღლების გასახლება გახდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინება გასაჩივრებულია, იმ დარღვევებსა და აუცილებელ წინაპირობებზე მითითებით, რომლის გათვალისწინება არ მოახდინა სასამართლომ.

  1. არ მომხდარა შესაბამისი შესწავლა და უდავოდ დადგენა, თუ რა აუცილებლობას წარმოადგენდა უზრუნველყოფის გამოყენება. რა საფრთხის წინაშე არსებობდა შპს „ტრანსკავკასიის კრისტალი“ ან მისი დირექტორი მამუკა სხვიტარიძე, რომელიც ცხოვრობს და მოღვაწეობს ქ. თბილისში და სადავო ტერიტორიაზე არ იმყოფება.
  2. არ არსებობს ფაქტი, რომელიც დაადასტურებდა იმას, რომ ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე ცხოველი რაიმე ფორმით ვინმეს მიმართ, განსაკუთრებით მამუკა სხვიტარიძის მიმართ, გამოირჩეოდა ურჩობით ან აგრესიით,
  3. ყველა ძაღლს აქვს პასპორტი, გადის აცრების შესაბამისს კურსს, არც ერთი მათგანი არ გამოირჩევა აგრესიულობით. ძაღლები არ არიან დარჩენილი უმეთვალყურეოდ. ძაღლებს ჰყავთ მესაკუთრე და ცხოველები არ წარმოადგენენ არავითარ საფრთხეს არათუ მამუკა სხვიტარიძისთვის, არამედ არც ერთი ადამიანისთვის,

სასამართლოს მიერ ასეთი მკვეთრი გადაწყვეტილების მიღების დროს, აუცილებლობას წარმოადგენდა, მამუკა სხვიტარიძეს დაემტკიცებინა და მოეტანა ერთი ფაქტი მაინც, რომ სადავო ტერიტორიაზე შესვლის დროს, ნიაზ ხალვაშის მფლობელობაში არსებული ძაღლის მხრიდან წააწყდა ხელშეშლას, დაბრკოლებას, გადაადგილების შეფერხებას. მით უფრო, საზიარო ფართში, არავითარი საწარმოო პროცესი არ მიმდინარეობს და მხოლოდ ნიაზ ხალვაში ანხორციელებს მართლზომერ მფლობელობას, ვიდრე იარსებებს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვაზე სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილება. ამდენად, საქმეზე წარმოდგენილი არ არის განსასახლებელი ძაღლების აგრესიულობის ან წინააღმდეგობის გაწევის არავითარი არგუმენტი ან ფაქტი. ასევე, წარმოდგენილი არ არის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც უტყუარად დაადგენდა ძაღლების მხრიდან მომჩივანი მხარის  - მამუკა სხვიტარიძის ხელშეშლის ფაქტს. ასევე, არ არის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადგენდა, რომ მამუკა სხვიტარიძეს აქვს ძაღლების ფობია ან შიში, რაც გახდებოდა ასეთი ტიპის სარჩელის აღძვრის საფუძველი, შემდეგ კი - სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების რეალური შესაძლებლობა.

ცალკე შეფასებისა და მსჯელობის საკითხია სასამართლოს განჩინების მართლზომიერება და თანაზომიერება. სასამართლოს არ შეუსწავლია და არ დაუდგენია, თუ რა ჯიშის ძაღლების იზოლაციის გადაწყვეტილება მიიღო. ეს არსებითად მნიშვნელოვანი საკითხია ცხოველის უფლებების დაცვის კუთხით, რომელსაც არაერთი საერთაშორისო კონვენცია იცავს. კერძოდ, ევროპის საბჭოს „ევროპული კონვენცია შინაური ცხოველების დაცვის შესახებ“ (1987 წ) ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტები ცხოველთა კეთილდღეობისა და სტანდარტების შესახებ, გაეროს სავალდებულო კონვენცია მხოლოდ ძაღლების დაცვის შესახებ, რომელიც საქართველოსთვის წარმოადგენს განმარტებითი (Soft Law) და ევროპული სტანდარტის გამომხატველ დოკუმენტებს და მათში გადმოცემული ცხოველის მიმართ ჰუმანური დამოკიდებულების საკითხები იმპლემენტირებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსა (ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა) და ადმინისტარციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.

შესაბამისად, როდესაც სასამართლო მიუთითებს არსებული ცხოველების (ძაღლების) მუდმივ იზოლაციას ტერიტორიიდან გაყვანის გზით, არ მიუთითებს ღონისძიების გამოყენების გადაუდებელ აუცილებლობაზე. ცხოველების სათანადო ვოლიერებში/დახურულ სივრცეებში განთავსება ან მათი დაბმულ მდგომარეობაში ყოლა (ალიკაპისა და საბელის გამოყენებით), ასევე წარმოადგენს ძაღლის ტიპისა და გარემო პირობების შესწავლის გარეშე უმკაცრესს ღონისძიებას. დაბმვა ან ალიკაპი უკიდურესი ღონისძიებაა, რაც იწვევს ცხოველის ტანჯვას და მისი არსებული ცხოვრების წესისგან რადიკალურ ახალ რეალობას, რამაც შეიძლება ცხოველის აგრესია ან არაერთი სპეციალისტის აზრით, დაღუპვაც კი გამოიწვიოს.

სასამართლოს განჩინებით, ასევე აღინიშნა, რომ მხარეს უნდა აეკრძალოს ახალი ცხოველების (ძაღლების) შემოყვანა და განთავსება, რაც არის ზოგადი ხასიათის აკრძალვა და საკითხის შესწავლის გარეშე, მოთხოვნის ბრმად გაზიარება, ხოლო თუ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ხდება იმისთვის, რომ თავისუფალი გადაადგილება და საფრთხის შექმნა ტერიტორიაზე მყოფი სხვა პირებისთვის აღიკვეთოს, ასეთი საფრთხე იდენტიფიცირებული არ არის და შეზღუდვა ილუზიური ვერ იქნება. ის უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტილ, თითოეულ ფაქტს და შემთხვევას. ამდენად, მიღებული განჩინება არ ეფუძნება დავის საგნის სათანადო კვლევას, უტყუარ მტკიცებულებებსა და ფაქტებს, რაც გაუმართლებელია და ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის, ტანჯვის მიყენების საფრთხეს ქმნის, რასაც მამუკა სხვიტარიძის მხრიდან ნიაზ ხალვაშის მიმართ შურისძიების სარჩული უდევს, სასამართლო კი, სამწუხაროდ, ამ მოთხოვნაზე პასუხს მოუმზადებელი შეხვდა.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ნიაზ ხალვაში, წლების განმავლობაში, ცხოველების დამცველი და მოყვარულია, რასაც მოწმობს მის საკუთრებაში არსებული გერმანული ჯიშის ხუთი ნაგაზი, მათზე ზრუნვა და პატრონობა.

თავის მხრივ, ორგანიზაცია გმობს მამუკა სხვიტარიძის მხრიდან ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის კიდევ ერთ ფაქტს, რომელიც 2026 წლის 8 აგვისტოს მოხდა. კერძოდ, ღამის საათებში, მამუკა სხვიტარიძემ, მხრებზე შესმულმა, სადავო ფართში მოიყვანა ცხვარი და დაკეტა ძაღლების ვოლიერში, ცხოველს კი საბელად ჩამოჰკიდა ჰალსტუხი. ცხადია, აღნიშნული ჟესტი მიემართებოდა ნიაზ ხალვაშის მიმართ დამცინავ გამოხატულებას, ზოგადად კი, ქცევა და მოქმედება არც ცხოველის და არც ვითარების მიმართ ჯანმრთელ დამოკიდებულებას არ წამოადგენს. შესაბამისად, ფაქტი კიდევ ერთხელ ხაზს უსმევს, რომ სასამართლოს მხრიდან წახალისებული მომჩივანის რეალური ინტერესი პროცესალური მოწინააღმდეგე მხარის მიმართ შურისძიებაა,  სასარჩელო წარმოება, მეტადრე, ძაღლების გაყვანის მოთხოვნა კი, წარმოადგენს ხელოვნური ბარიერის შექმნის საკითხს და ემსახურება სასარჩელო მოთხოვნის ინტენსიფიკაციას, მართლმსაჯულების მოცდენას.

ცნობისთვის: წინამდებარე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე კახნიაშვილმა მიიღო, რომელიც 2024 წლის დეკემბრიდან არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე და მოქმედებს 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით.

შპს „ბიზონისა“ და ნიაზ ხალვაშის ინტერესებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი წარმოადგენს, ხოლო შპს „ტრანსკავკასიის კრისტალისა“ და მამუკა სხვიტარიძის ინტერესებს ყოფილი მოსამართლე: თამარ მეტრეველი და ადვოკატები: მალხაზ ზოიძე და გია ფოლადაშვილი იცავენ.

ორგანიზაციამ 2026 წლის თებერვალში, ნიაზ ხალვაშის საქმეზე სამართლებრივი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც ცხადყოფს, რომ მამუკა სხვიტარიძემ ნიაზ ხალვაშის კუთვნილი და ერთადერთი ქონება, მისი სადავოობის პირობებში, მაინც შეიძინა. დღემდე, საერთო სასამართლოებში წარმოებულია სხვადასხვა მიმდინარე დავა, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში კი მიმდინარეობს სამართალწარმოება ქონების კანონიერების საკითხზე.



კომენტარები