ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ივანე მერაბიშვილის მიერ გავრცელებული განცხადების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ივანე მერაბიშვილმა განაცხადა, რომ შაბათს 14 დეკემბერს, ის უცნობმა პირებმა გაიყვანეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან და მანქანაში ჩასვეს, თავზე მოსაცმელი გადააფარეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. მერაბიშვილი უცნობ დაწესებულებაში მიიყვანეს, სადაც მას მთავარი პროკურორი დახვდა და მას ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით თანამშრომლობა და მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშის ნომრების დასახელება სთხოვა, სანაცვლოდ კი ქვეყნიდან გასვლას დაჰპირდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს ცუდი პირობების შექმნითა და მეგობრების დაჭერით დაემუქრნენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, „ახალგაზრდა ადვოკატები“ განმარტავენ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის თანახმად, დანაშაულს წარმოადგენს ჩვენების მიცემის მიზნით პირის იძულება. არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7 ივლისის N34 ბრძანების მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებენ.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7 ივლისის N34 ბრძანების მე-2 პუნქტში მოცემულ რეგულაციასთან დაკავშირებით, რომელიც განმარტავს, რომ პროკურატურის გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობას განეკუთვნება საქმეები, პროკურატურის მუშაკის მიერ ჩადენილ დანაშაულთა თაობაზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრს აღნიშნული ჩანაწერში ცვლილებების შეტანისკენ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანისკენ მოუწოდებენ.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, საერთაშორისო სტანდარტებით დაუშვებელია ერთი ორგანოს თანამშრომლის მიერ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით საქმის გამოძიება კანონმდებლობით იმავე ორგანოს ევალებოდეს.
„ახალგაზრდა ადვოკატების შეფასებით, მერაბიშვილის განცხადება სამართლებრივად იძლევა გამოძიების დაწყების უფლებამოსილებას და მხოლოდ ობიექტური გამოძიების შემდეგ იქნება შესაძლებელი საკითხის ამოწურვა და საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილება.