მცხეთაში პროექტ „ადგილობრივი ლიდერების“ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა

20 დეკემბერი, 2013

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის საგრანტო კონკურსის ფარგლებში, მცხეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში განხორციელებული პროექტის: „ადგილობრივი ლიდერების“ დასკვნითი ღონისძიება გამართეს. პროექტი, რომელიც 2013 წლის 25 ოქტომბერს დაიწყო, მონაწილეობა მუნიციპალიტეტის 14 საჯარო სკოლის 27–მა მეთორმეტე კლასის მოსწავლემ მიიღო.

პროექტმა კონკურსის ფარგლებში საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს შემდეგი სამი ანალიტიკური თემის მომზადება შესთავაზა. კერძოდ, „საქართველოს ევროპული არჩევანი – შესაძლებლობების ანალიზი“, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა – პერსპექტივები და მომავალი“ და „სამოქალაქო საზოგადოების პასუხისმგებლობის სტანდარტები“. პროექტის ფარგლებში, გამარჯვებული და წარმატებული ნაშრომები სპეციალურმა კომისიამ შეაფასა, რომლის შემადგენლობაშიც, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ მოიწვიეს ოლგა სპირანდი -  წარმომადგენელი რეინტეგრაციის სამინისტროდან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის და ყოფილი სამხრეთ ოსეთი ავტონომიური ოლქის საკითხთა სამმართველოს მთავარი მრჩეველი; ელენე გოცაძე - წარმომადგენელი ევროინტეგრაციის სამინისტროდან, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი და ბექა ბენდელიანი - წარმომადგენელი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ინიციატივაში თანამონაწილე და გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს. კონკურსის შედეგად გამოვლინდა სამი გამარჯვებული მეთორმეტეკლასელი: მარიამ ჟიჟიაშვილი, თემაზე: ,,საქართველოს ევროპული არჩევანი შესაძლებლობების ანალიზი“ – წეროვნის #2 საჯარო სკოლა, გიორგი ლაბაური, თემაზე: ,,საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა - პერსპექტივები და მომავალი“ – ქსოვრისის საჯარო სკოლა და ნანი გიგაური, თემაზე: ,,სამოქალაქო საზოგადოების პასუხისმგებლობის სტანდარტები’’ –გალავნის საჯარო სკოლიდან. ორგანიზაციამ, საკონკურსო პირობების თანახმად, გამარჯვებულები ფულადი პრიზით დააჯილდოვა, ხოლო ყველა მონაწილეს გადაეცა პროექტში თანამონაწილეობის დიპლომი. განხორციელებული პროექტის ფარგლებში მომზადებული გამარჯვებული და წარმატებული ნაშრომები, აგრეთვე, სპეციალურ ბროშურაში დაიბეჭდა, რომლის პრეზენტაციაც დაჯილდოების ცერემონიალზე გაიმართა.

 „ახალგაზრდა ადვოკატების“ ერთ–ერთი ხელმძღვანელის, არჩილ კაიაკციშვილის განცხადებით, პროექტის განხორციელება მოცემულ თემებზე მცხეთის მუნიციპალიტეტში იყო პირველი შემთხვევა, რომელმაც ახლებურად წარმოაჩინა და ხელი შეუწყო უფროსკლასელების დაინტერესებას და ცართულობას. მოსწავლეებმა წარმოაჩინეს ანალიტიკური აზროვნება, რომელიც ხელს შეუწყობს მათ პროფესიული და მოქალაქეობრივი თვითშეგნების გაძლიერებასა და პასუხისმგებლობას. 

 



კომენტარები