ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს, დიმიტრი მახათაძეს შეხვდნენ, რომელიც პროექტ: „ინსტიტუციური დიალოგი აღმასრულებელ, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლებასთან“ ფარგლებში გაიმართა. დიალოგის შეეხო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე თემებს: საყოველთაო დაზღვევის მიმდინარეობას, სადაზღვევო კომპანიებისა და პაციენტთა უფლებეს, მთავრობის მიერ შემოთავაზებული დაგროვებითი საპენსიო სისტემის განხორციელების გზებს, მედიაციის ინსტიტუტის საქმიანობას საქართველოში და სხვა.
ორგანიზაციის ერთ–ერთი ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ახალი ხელისუფლების მიერ დაწყებული ჯანდაცვის რეფორმის პროცესში არაერთი სიახლეა, რომელიც სათანადოდ უნდა იქნეს მიწოდებული საზოგადოების ყველა ჯგუფისთვის და მათ შორის, მკაფიო გახდეს დაგროვებითი საპენსიო სისტემის შემოღების დადებითი და უარყოფითი მხარეები. მინისტრის პირველი მოადგილის, დიმიტრი მახათაძის ინფორმაციით, სამინისტრო აგრძელებს მუშაობას სასურველ მოდელზე, რომელიც დაგროვებითი საპენსიო სისტრემის ამოქმედებისთვის იქნება საფუძველი. მისივე ინფორმაციით, ამჟამად არ არსებობს კონკრეტული მოდელი, მიმდინარეობს საკითხის ანალიზი და უცხოური პრაქტიკის შეფასება, შედეგები კი მოგვიანებით იქნება. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, „ახალგაზრდა ადვოკატები“ გამოთქვამენ მზადყოფნას, დაგროვებითი საპენსიო სისტემის შემოღების პროცესში აქტიურად ჩაერთონ. ორგანიზაციის განცხადებით, მათ უკვე გააჩნიათ სტრატეგიული ხედვა და წინადადებები, შესწავლილია რამდენიმე ქვეყნის მაგალითიც, რომელსაც სამინისტროს გააცნობენ. ორგანიზაციამ ყურადღება რეფორმის განხორციელების პროცესში, მოქალაქეების ინფორმირებას მიაქცია და მიუთითა, რომ ამ მიმართულებით, სერიოზული სამუშაოებია განსახორციელებელი.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“, ინსტიტუციური დიალოგის ფარგლებში, მინისტრის პირველ მოადგილესთან, სამინისტროდან 2005 წელს პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული თანამშრომლების ბედითაც დაინტერესდნენ, რომლებიც დღემდე მოითხოვენ სამართლიანობის აღდგენას. საქმე ეხება სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის ყოფილი დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლების საკითხს, რომლებიც სამსახურიდან 2005 წელს, მინისტრის ბრძანებით, განსხვავებული შეხედულების გამო, საქართველოს პრეზიდენტისადმი უწყებაში არსებული პრობლემების შესახებ გაგზავნილი წერილის შედეგად გათავისუფლდნენ. მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, სამინისტრო იცნობს საქმეს, თუმცა ბუნდოვანია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულთა ინტერესების დაცვისთვის. ორგანიზაციისთვის უცნობი დარჩა, გაითვალისწინებს თუ არა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს სახალხო დამცვლის 2013 წლის 22 მაისის რეკომენდაციას, რითაც სამინისტროს პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გათავისუფლების საკითხების შემსწავლელი კომისიის შექმნა დაევალა.
შეხვედრაზე ვრცლად იქნა განხილული მედიაციის ინსტიტუტის საქმიანობა და პრობლემატური საკითხები. მინისტრის პირველმა მოადგილემ, „ახალგაზრდა ადვოკატებს“ მედიაციის ინსტიტუტის საქმიანობის ადვოკატირებისთვის თანამშრომლობა შესთავაზა და მიუთითა, რომ ორგანიზაციის წარმომადგენელს შესაძლებლობა მიეცემა, ერთი თვის მანძილზე, უშუალოდ დააკვირდეს მედიაციის სამსახურის საქმიანობას და წარმოადგინოს შემდგომი რეკომენდაციები. „ახალგაზრდა ადვოკატები“ ინიციატივას დასთანხმდნენ.
პროექტის ფარგლებში, ორგანიზაცია უკვე შეხვდა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრსა და სოფლის მეურნეობის მინისტრს. ორგანიზაციის შეფასებით, ინსტიტუციური დიალოგი აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებასთან პირველი შემთხვევაა, რომელიც ახლებურად წარმოაჩენს და ხელს შეუწყობს საჯარო უწყების ანგარიშვალდებულების გაზრდას საზოგადოების წინაშე და ახლგაზრდების მონაწილეობის უზრუნველყოფას საჯარო პოლიტიკის განხორციელების პროცესში. პროექტი 2013 წლის აგვისტოდან დაიწყო და მუდმივმოქმედი ფორმატით არსებობს.