„ახალგაზრდა ადვოკატები“ ხუდონჰესის პროექტის სამართლებრივ ანალიზს წარმოადგენს

18 იანვარი, 2014

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ხუდონჰესის პროექტის სამართლებრივ საკითხებს შეისწავლის და ანალიზს წარმოადგენს. ამის შესახებ 2014 წლის 18 იანვარს გამართულ ბრიფინგზე ორგანიზაციის თანადამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, საზოგადოებაში გრძელდება დისკუსია, რამდენად მიზანშეწონილია მესტიის მუნიციპალიტეტში ხუდონჰესის პროექტის განხორციელება, თუმცა საზოგადოება ნაკლებადაა ინფორმირებული, ხშირ შემთხვევაში, არ არსებობს ზოგადი წარმოდგენაც კი, რა მნიშვნელოვან კომპონენტებს შეიცავს პროექტის იურიდიული მხარე. საზოგადოებაში მსჯელობა მიმდინარეობს მხოლოდ ჰესის აშენების საკითხზე და არ არსებობს ხელმისაწვდომობა ინფორმაციაზე, თუკი ხუდონჰესის მშენებლობის გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს გადაწყვეტილება რა სამართლებრივი შედეგების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს. შესაბამისად, ორგანიზაციის სამართლის ჯგუფი გამოთქვამს მზადყოფნას, შეისწავლოს პროექტის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი: ხუდონჰექსის მშენებლობის პროცესში, პროექტს რამდენად ზუსტად აქვს ნაჩვენები უსაფრთხოების საკითხი, როგორ წარიმართება განსახლების პროცესი, ვინ არის პროცესზე პასუხისმგებელი – სახელმწიფო თუ მშენებარე კომპანია, რა ფორმით ხდება ადგილზე კულტურული მემკვიდრეობის მქონე ძეგლების დაცვა, როგორია განსახლებისა და კომპენსაციების საკითხი, მათ შორის საერთაშორისო გამოცდილება, კომპენსაციის რიგითობა, რამდენად იქნება დაცული მესაკუთრეთა უფლებები, რას ამბობს მსოფლიო ბანკის სტანდარტები კომპენსაციის გაცემის წესსა და მიდგომებზე, როგორია საერთაშორისო გამოცდილება ამ მიმართულებით და რას გვთავაზობს ხუდონჰესის მშენებარე კომპანია, ხუდონჰესის მშენებლობით, როგორი იქნება ეკონომიკური ურთიერთობების გავლენა ქვეყნის სამართლებრივ წესრიგზე და სხვა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ პროექტის მონიტორინგის ფარგლებში, გამართავს შეხვედრებს სხვადასხვა საჯარო უწყების წარმომადგენლებთამ, მუნიციპალურ მთავრობასთან, შეხვდება ადგილობრივ მოსახლეობას. მოამზადებს ორ კონფერენციას, რომელიც გაიმართება თბილისსა და სვანეთში, სადაც მსჯელობა დაეთმობა საკითხს და მონიტორინგის შედეგებს. ორგანიზაცია მონიტორინგის ფარგლებში, წარმოადგენს დასკვნას და სარეკომენდაციო პაკეტს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“  საკითხზე: „ხუდონჰესის პროექტის სამართლებრივი ანალიზი“ კვლევის შედეგებს 2014 წლის აპრილში გამოაქვეყნებს. კვლევის პროცესი სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება და საზოგადოებას მიეწოდება მაქსიმალური ინფორმაცია, პროექტის სამართლებრივი დასაბუთებისა და მიდგომების შესახებ.

 



კომენტარები