“ხუდონთან“ დაკავშირებით, არც ერთ ყრილობას იურიდიული ძალა არ გააჩნია

10 თებერვალი, 2014

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ „ხუდონჰესის“ პროექტის სამართლებრივი კვლევის ფარგლებში, მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

ორგანიზაცია მიუთითებს, რომ ყველაზე მთავარი პრობლემა, რომელიც გამოკვეთილია, ადგილობრივი საზოგადოების მწირი ინფორმირებულობაა, მათ შორის პროექტის შედეგების, გამოწვევებისა და მნიშვნელობის შესახებ. კვლევის ავტორების აზრით, მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის ცალკეული სამინისტროები, საკითხთან მიმართებით კოორდინირებულ რეჟიმში მუშაობდნენ, რათა „ხუდონჰესის“ პროექტზე ხელისუფლებას გააჩნდეს ერთიანი პოზიცია.

ორგანიზაციის შეფასებით, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ადგილობრივ მოსახლეობას უფლება აქვს, თუკი კანონით გათვალისწინებული ამკრძალავი გარემოებები არ არსებობს, წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ. ხაიშის მოსახლეობის შეკრება კონსტიტუციური უფლების რეალიზებას წარმოადგენს. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ინფორმირება და შემდგომ თანხმობის გაცემა ან/და თანხმობაზე უარი იმ შემთხვევაშია საჭირო, თუკი შეკრება ან მანიფესტაცია ტრანსპორტის სავალ ადგილას იმართება ან ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებს. 

ორგანიზაცია მიუთითებს, რომ მოქალაქეების მიერ შეკრებებსა და მანიფესტაციებზე მიღებული ვერ ერთი გადაწყვეტილება ვერ შეიძენს იურიდიულ ძალას, ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობა მოქალაქეთა ჯგუფის შეკრებას, მიტინგს საპროტესტო აქციას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, არ განიხილავს რომელიმე იურიდიული ძალის მქონე გადაწყვეტილების წინაპირობად. ადგილობრივი მოსახლეობის შეკრება საზოგადოებრივი აზრის გამომხატველია, რომელიც კონკრეტული საკითხის მიმართ შეიძლება არსებობდეს.

ორგანიზაცია ყურადღებას დაუთმობს „ხუდონჰესის“ პროექტის განხილვების პროცესში, ადგილობრივ დონეზე მოსახლეობის საპროტესტო აქციებისა და ყრილობის მომზადების პროცესში, აღმასრულებელი, საკანონმდებლო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ზოგიერთი წარმომადგენლის მონაწილეობას და მათი მხრიდან შეკრებების ორგანიზებაში შეტანილ წვლილს.

იმ შემთხვევაში, თუკი „ხუდონჰესის“ მშენებლობა საქართველოს მთავრობას „სახელმწიფო ინტერესის“ საკითხად აქვს წარმოდგენილი, ხოლო მეორე მხარეს არსებობს „საზოგადოებრივი ინტერესი“, ხელისუფლების ნებისმიერი შტოს წარმომადგენელი, მოქმედებს შეზღუდული უფლებამოსილებით და კანონი არ მიუთითებს ვალდებულებას, მონაწილეობდეს ზემოთაღნიშნული ხასიათის ღონისძიებებში. არსებობს შემთხვევები, როდესაც „სახელმწიფო ინტერესი“ პრიორიტეტულია, ვიდრე „საზოგადოებრივი ინტერესი,“ რადგანაც სწორედ სახელმწიფო განსაზღვრავს ქვეყნისთვის სტრატეგიული პოლიტიკის მიმართულებებს. ამიტომაც, რომელიმე საზოგადოებრივი შეკრება, შეუძლებელია, გამოვიყენოთ „სახელმწიფო ინტერესების“ საპირწონედ, თუკი „ხუდონჰესის“ მშენებლობას, საქართველოს მთავრობის მხრიდან, „სახელმწიფოებრივი ინტერესის“ სტატუსი გააჩნია. 

ორგანიზაციას მისაღებად მიაჩნია გაძლიერდეს მოსახლეობასა და მთავრობის შესაბამის სამინისტროებს შორის კომუნიკაცია, რათა ადგილობრივ საზოგადოებას მოსალოდნელი შესაძლო ცვლილებების მიმართ ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია. მიგვაჩნია, რომ არ უნდა დარჩეს არც ერთი კითხვა უპასუხოდ, რომელიც დაკავშირებულია ადგილზე კულტურული ძეგლების დაცვისა თუ განსახლების პროცესთან. ორგანიზაცია მიუთითებს პროცესისა და დიალოგის გამჭვირვალობის აუცილებლობაზე, რათა „ხუდონჰესის“ პროექტის ეკონომიკური და სამართლებრივი ანალიზი, გამოწვევები და რისკები, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი გახდეს.



კომენტარები