ირმა ნადირაშვილი ნეპოტიზმის ფაქტებზე მიზანმიმართულად არ რეაგირებს

14 თებერვალი, 2014

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, საპარლამენტო უმცირესობას არ გააჩნია პოლიტიკური ნება, ნეპოტიზმის ფაქტები რეალურად შეისწავლოს, შეაფასოს და სადეპუტატო უფლებამოსილების ფარგლებში, შესაბამისი რეაგირება განახორციელოს. ორგანიზაცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთი ლიდერის, ირმა ნადირაშვილის მიმართ, 2013 წლის სექტემბერში გაგზავნილ ღია წერილს აქვეყნებს, სადაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებული ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯ „ახალი ტალღის“ დირექტორის დავით მჭედლიშვილის უკანონო გადაწყვეტილებების, სასწავლებელში გამოვლენილ მასშტაბური ნეპოტიზმის ფაქტების შესწავლასა და საკითხით დაინტერესებას სთხოვს.

ორგანიზაციის თანადამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, პარტიამ წარდგენილ დოკუმენტებს დუმილით უპასუხა, რადგანაც კოლეჯის დირექტორი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაფუძნებიდან, ადგილობრივ დონეზე, პარტიის წარმომადგენელი და ინტერესების დამცველია. ცნობისთვის: დავით მჭედლიშვილი, ხელმძღვანელობდა ქობულეთის საოლქო უბანს, რომელმაც არჩევნები 2003 წელს, „ნაციონალური მოძრაობის” სასარგებლოდ გადაწყვიტა. კოლეჯის დირექტორი, 2008 წლის იანვრისა და მაისის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დროს, იყო საუბნო კომისიის წევრი და საარჩევნო კამპანიას აწარმოებდა „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ. 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს, გავიდა ოფიციალურ შვებულებაში და მუნიციპალიტეტში „ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარ კანდიდატთან ერთად, მოსახლეობასთან შეხვედრები აწარმოა. დირექტორმა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების გამართვამდე, პროფესიული კოლეჯი ყოფილი მმართველი პარტიის საუბნო კომისიის წევრების შეხვედრებისა და კონსულტაციების ადგილადაც აქცია, სადაც მიმდინარეობდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი მხარდამჭერების ტრენინგები და გადამზადება. კოლეჯის თანამშრომელი, საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი, თეონა მენაფირე გახდა თვითგამოცხადებული „ინფო-9”-ის ჟურნალისტი. 2012 წლის 30 სექტემბერს, დავით მჭედლიშვილი ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ღირსების მედლით დაჯილდოვდა, რითაც სასწავლებლის დირექტორს პოლიტიკური მხარდაჭერისთვის, ერთგვარი მადლობა გადაუხადა.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის ადმინისტრაციული მმართველობის გამჭვირვალობის შესახებ კვლევა წარმოადგინა, რომელმაც სკანდალური ნეპოტიზმის ფაქტები გამოავლინა. კერძოდ, სასწავლებლის 70 წევრიდან, 46 თანამშრომელი დირექტორის ოჯახის, სანათესაოს და საახლობლო წრიდანაა. ორგანიზაციამ საპარლამენტო უმცირესობას რეაგირება სასწავლებლის ბაზაზე არსებული ქონებიდან მიღებული შემოსავლების ხარჯვითი ნაწილის მიზნობრიობის შესწავლაზე, სასწავლებლის საამქრო, საკონდიტრო, სარესტორნო, იჯარით გაცემული ფართებიდან და მომსახურეობებიდან შემოსული თანხების გამოყენების ფარგლების კანონიერების საკითხზე სთხოვა, თუმცა პარლამენტის წევრმა ირმა ნადირაშვილმა, საკუთარი სადეპუტატო მანდატის ფარგლებში, დახმარებაზე უარი განაცხადა.

კვლევამ ყურადღება დაუთმო დავით მჭედლიშვილის 18–წლიან მმართველობას, რომელმაც თანამდებობა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ სიახლოვით შეინარჩუნა. ამასთან, ვრცლად იქნა წარმოდგენილი ფაქტობრივი და სამართლებრივი მტკიცებულებები კოლეჯის დირექტორის კიდევ ერთ უკანონო ქმედებაზე, რომლის თანახმადაც, დავით მჭედლიშვილმა, 2012 წლის ივნისში, პოლიტიკური შეხედულებების გამო, თანამდებობიდან გაათავისუფლა მოადგილე. ამჟამად საქმეს საქართველოს უზენაესი სასამართლო განიხილავს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, თუკი რეალობაა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განახლებული პოლიტიკა და მიდგომები გამჭვირვალე დემოკრატიული მმართველობისთვის, გაუგებარია, რატომ არ ხდება სადეპუტატო უფლებამოსილების დათმობა წარდგენილ დოკუმენტებზე, გრძელდება თუ არა შერჩევითი მიდგომა, რადგანაც დავით მჭედლიშვილი დღემდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია.

 

 



კომენტარები