არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, კონსტანტინე კუბლაშვილს 10 საჯარო კითხვით მიმართავს, რომელიც მართლმსაჯულების სისტემაში, სადღეისოდ გამოკვეთილ საკითხებსა და გარემოებებს ეხება. ორგანიზაციის თანადამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ქართული სასამართლოს პირველი პირი დუმს პრობლემურ საკითხებზე, არ ჩანს მკაფიო ხედვა სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების მოგვარებისთვის და ჩნდება ვარაუდი, რომ მართლმსაჯულების სისტემაში სამოსამართლო შინაგანი რწმენის საკითხი, კვლავ პოლიტიკურ პროცესებზეა დამოკიდებული.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ სრულყოფილად შეისწავლეს მართლმსაჯულების ხარვეზები და პროექტ: „ინსტიტუციური დიალოგი აღმასრულებელ, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლებასთან“ ფარგლებში მონაწილეობისთვის საქართველოს უზენაესს სასამართლოს თავმჯდომარეს, კონსტანტინე კუბლაშვილს მიმართეს, სასამართლომ უარი განაცხადა ორგანიზაციის პროექტში მონაწილეობაზე. ორგანიზაცია საზოგადოებას 10 საჯარო კითხვად სთავაზობს იმ საკითხებს, რომელთა მიმართაც, ქართული სასამართლოს პირველ პირთან უნდა გამართულიყო შეხვედრა.
10 საჯარო შეკითხვა კონსტანტინე კუბლაშვილს
1. უცნობია თქვენი პოზიცია, როგორ აღიქვამს სასამართლო სისტემა სამართლიანობის აღდგენის პროცესს. თქვენ ემხრობით თუ განსხვავებული პოზიცია გაგაჩნიათ, რა არის სამართლიანობის აღდგენა არსებულ რეალობაში თუ მიგაჩნიათ, რომ სამართლიანობის აღდგენა მხოლოდ პოლიტიკური ტერმინია და ამომრჩეველთა მიმხრობის შესაძლებლობად იქნა შემოთავაზებული? რა პასუხისმგებლობა ეკისრება სასამართლო სისტემას სამართლიანობის აღდგენის პროცესში, თუკი „სამართლიანობის აღდგენა“ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევიდან გამომდინარეობს? რა გარანტიები არსებობს, სასამართლო სისტემამ შეძლოს „სამართლიანობის აღდგენა“ სამართლიანი სასამართლოს პრინციპების დაცვაში გამოხატოს?
2. უცნობია თქვენი პოზიცია, საქართველოს სასამართლომ რა დამოუკიდებლობის ხარისხი მოიპოვა 2012 წლის 1 ოქტომბრისა და 2013 წლის 27 ოქტომბრის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად? თუკი სასამართლოს დამოუკიდებლობა დაკავშირებულია პოლიტიკურ ნებასთან, როგორია სასამართლოს მიმართ პოლიტიკური ნება დღეს და როგორი იყო პოლიტიკის გავლენა მართლმსჯულებაზე 2003–2012 წლების მმართველობის დროს? რას უპასუხებდით საზოგადოებაში გაჩენილ შეკითხვებს, როდესაც კონკრეტული მოსამართლეების მიმართ პროკურატურიდან ხორციელდებოდა სატელეფონო დავალება და კონკრეტული საქმის ბედიც, სწორედ ამ ფორმით ხდებოდა გადაწყვეტილი. რა განსხვავებაა დღეს, ზურაბ ადეიშვილისა და გიორგი ბადაშვილის პროკურატურას შორის, როცა საუბარი მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას ეხება?
3. უცნობია თქვენი პოზიცია სასამართლო ინსტანციებში მიმდინარე ხელისუფლების ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების საქმეებთან დაკავშირებით. კერძოდ, მძიმე დანაშაულში ბრალდებულთა მიმართ გამამართლებელი გადაწყვეტილებები არის ბრალდების მხარის არასაკმარისი მტკიცებულებების შედეგი თუ ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეებზე, პოლიტიკური ოპოზიცია სასამართლოზე არსებულ გავლენებს კვლავ იყენებს? თქვენ ბრძანდებით ქართული სასამართლოს პირველი პირი, რომლის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის მიმართაც, უკვე წლებია, არსებობს საზოგადოებრივი შეხედულებები. დღეს თქვენ ბრძანდებით საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერიის, პავლე კუბლაშვილის ძმა. გაფიქრებინებთ, რომ თქვენი საქართველოს უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარედ ყოფნა, ევროპული სტანდარტის მიხედვით, პირდაპირ ლახავს სასამართლოს ავტონომიურობისა და პოლიტიკური მიუმხრობლობის შესაძლებლობას?
4. უცნობია თქვენი პოზიცია, რატომ არ ხდება სამოსამართლო რეზერვის ინსტიტუტის მიზნობრივად გამოყენება? რასთან გვაქვს საქმე, როდესაც არსებობს მოსამართლეთა რეზერვი, ხოლო იმავდროულად მოსამართლის ვაკანსიაზე ცხადდება კონკურსი? თუკი არსებობს ვაკანსია, უნდა დასაქმდეს რეზერვში მყოფი მოსამართლეები. რატომ არ ზრდით მოსამართლეთა რიცხვს, მაშინ, როცა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მხოლოდ სამოქალაქო კოლეგიაში, 32 მოსამართლეა, ხოლო თითოეულ მოსამართლეს, საშუალოდ, 30 საქმეზე უწევს მუშაობა? ფიქრობთ, რომ დღეს სასამართლო სისტემა არ მიდის ინდივიდუალური მოსამართლის როლის გაძლიერებისა და განვითარების გზით?
5. უცნობია თქვენი პოზიცია, ქართული სასამართლო სისტემაში, რატომ არსებობს დღემდე „პრივილეგირებული“ და „რიგითი“ მოსამართლეები, რაც გულისხმობს იმ ფაქტობრივ რეალობას, როდესაც არც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და არც მისი მოადგილეები, არც სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეები, პალატისა და კოლეგიის თავმჯდომარეები არ მიმართავენ სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებას. კანონით, ყველა მათგანი მოსამართლის სტატუსს ატარებს, რაც სამოსამართლო საქმიანობის განხორციელებაში უნდა გამოხატოს, თუმცა რამდენიმე შემთხვევის გარდა, არ არსებობს პრაქტიკა, სასამართლოში შესული საქმე რომელიმე მათგანს განეხილოს. საინტერესოა, რამდენად კოლეგიალური და მორალური მნიშვნელობის საკითხია, როდესაც უფრო მაღალი სტატუსის მქონე მოსამართლეები ხელფასს სამოსამართლო საქმიანობის შესრულებაში არ იღებენ, ხოლო სასამართლო სისტემაში სარჩელები, ხანგრძლივი დროით, განუხლვლელი დევს?
6. უცნობია თქვენი პოზიცია, რა სოციალური გარანტიებია საჭირო, რათა მოსამართლეთა დამოუკიდებლობა მყარი და ზეგავლენისგან თავისუფალი გახდეს. საინტერესოა თქვენი რეალური ხედვა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკანონმდებლო ცვლილებებთან მიმართებით, რადგანაც ასეთ შესაძლებლობას, 2010 წელს, თქვენ სასურველი უწოდეთ, 2012 წელს, ცვლილებებზე საუბრის დაწყების დროს კი, ინიციატივა სასამართლოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად შეაფასეთ?
7. უცნობია თქვენი პოზცია, თუ რა რა გარემოებებს დაეფუძნა საქართველოს უზენაესი სასამართლო, როდესაც სულ ცოტა ხნის წინ, ბათილად სცნო ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ ყოფილი პრემიერ–მინისტრის, ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით, 2011 წელს მიღებული სამართლებრივი აქტი. გვითხარით, რა დროს ჩაერია მართლმსაჯულების გადაწყვეტილების ფორმირებაში პოლიტიკა. თუკი ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა, თქვენთვის კანონიერი გადაწყვეტილებაა, რატომ მოიქცა სასამართლო ინსტანციები უკანონოდ, როდესაც მოქალაქეობის აღდგენაზე უარი განაცხადა?
8. უცნობია თქვენი პოზიცია, როგორ აფასებთ „მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის“ შექმნის შემთხვევაში, მის დაქვემდებარებას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობაში? მიგაჩნიათ, რომ ასეთი კომისიის შექმნის აუცილებლობა, წარსულში, სასამართლოს მიერ მიღებული დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების შედეგია თუ კომისიის შექმნის აუცილებლობას გამორიცხავთ?
9. უცნობია თქვენი პოზიცია, თუ რა შედეგები მოიტანა მართლმსაჯულების სისტემაში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღებამ? ნაფიც–მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღებიდან, უკვე 4 წელიწადი გადის, თუმცა რამდენიმე საქმის გარდა, ნაფიც მსაჯულებს არ განუხილავთ? შეაფასეთ, რამდენად ეფექტურია ამ ინსტიტუტის არსებობა და გავლენა სასამართლო სისტემაზე, გაამართლა თუ არა ნაფიც–მსაჯულების შემოყვანამ სასამართლო სისტემაში და განვითარების რა პოტენციალი გააჩნია სამომავლოდ?
10. უცნობია თქვენი პოზიცია, რას ფიქრობთ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ, რა დროსაც მოწმის სასამართლო ეტაპზე დაკითხვის წესი გადაიდო 2015 წლის 31 დეკემბრამდე. როგორია თქვენი ხედვა, რას შეცვლიდა მოწმის სასმაართლოში დაკითხვის წესი თავად მართლმსაჯულებისთვის და როგორია თქვენი დამოკიდებულება – პარლამენტმა მიიღო სამართლებრივი თუ პოლიტიკური ხასიათის გადაწყვეტილება?
„ახალგაზრდა ადვოკატები“ გამოქვეყნებულ შეკითხვებს საქართველოს უზენაესს სასამართლოს თავმჯდომარეს, ოფიციალური წესითაც გაუგზვანიან. სამართლის ჯგუფის მიერ მომზადებული შეკითხვები გაეცნობა საქართველოში დიპლომატიურ კორპუსსა და სასამართლო რეფორმის საკითხით დაინტერესებულ ორგანიზაციებსა და მკვლევარებს.