არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“, უფლებადამცველთა მონაწილეობით, საკითხზე: „ხუდონჰესის“ პროექტის სამართლებრივი საკითხები“, კონფერენცია გამართეს. ორგანიზაციამ საკითხის კვლევის პროცესში, ყურადღება დაუთმო პროექტის სოციალურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ დასაბუთებას, „ხუდონჰესის“ შესაძლო მშენებლობასთან დაკავშირებულ საკუთრების უფლების დაცვის, მოსახლეობის განსახლების, ექსპროპრიაციისა და ღირსეული კონპენსაციის საკითხებს. შეხვედრაზე ვრცლად იქნა განხილული პროექტის სამართლებრივ შედეგებთან მიმართებით არსებული საერთაშორისო პრაქტიკა და საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტები.
ორგანიზაციის სამართლის ჯგუფის შეფასებით, „ხუდონჰესის“ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, სრული განსახლება შეეხება ზედა ხაიშის, ქვედა ხაიშის, გაღმა ხაიშის, ზედა წვირმინდის, ქვედა წირმინდის, ლუხის, ლახანისა და ჭერის სოფლებს. განსახლება შეეხება 769 ადამიანს, რომელიც შეადგენს 184 ოჯახს. განსახლების ადგილას მდებარეობს 224 საცხოვრებელი სახლი. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, კომპენსაცია უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის, „მსოფლიო ბანკის“ 4/12 სამოქმედო პოლიტიკისა და საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული „განხორციელების ხელშეკრულების“ შესაბამისად. კომპენსაციის სახეებს შეადგენს: სრული ფულადი კომპენსაცია, უძრავი ქონების გადაცემა, ასევე უძრავი ქონების გადაცემა და ფულადი კომპენსაცია. კონფერენციაზე ყურადღება დაეთმო პროექტის ფინანსური მოგების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის ეტაპს, მოსალოდნელ საფრთხეებსა და გამოწვევებს, ადგილზე კულტურული სტატუსის მქონე ძეგლებისა და განსახლების ოროცესში მოქცეული საფლავების საკითხს. მრგვალი მაგიდის საკითხებზე, შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ თანადამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის შეფასებით, საზოგადოებაში გრძელდება მსჯელობა, რამდენად მიზანშეწონილია მესტიის მუნიციპალიტეტში „ხუდონჰესის“ პროექტის განხორციელება, თუმცა საზოგადოება ნაკლებადაა ინფორმირებული, ხშირ შემთხვევაში, არ არსებობს ზოგადი წარმოდგენაც კი, რა მნიშვნელოვან კომპონენტებს შეიცავს პროექტის იურიდიული მხარე. საზოგადოებაში მსჯელობა მიმდინარეობს მხოლოდ ჰესის აშენების საკითხზე და არ არსებობს ხელმისაწვდომობა ინფორმაციაზე, თუკი ხუდონჰესის მშენებლობის გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს გადაწყვეტილება რა სამართლებრივი შედეგების მომტანი შეიძლება აღმოჩნდება. მომზადებული კონფერენციაც სწორედ ინფორმაციული ხასიათის გახლდათ.
კონფერენციას ესწრებოდნენ: „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, კონსტიტუციის 42 მუხლი“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი“, „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“, „უფლებადამცველთა გაერთიანება“, „საზოგადოებრივი ინიციატივების ცენტრი“, „საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია“, „ადამიანი, კანონი, თავისუფლება“, „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი“, „საზოგადოებრივი დამცველი“, „დროა“, „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია“, „ახალი ინიციატივა“, „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია“, სამხედრო ანალიტიკური კვლევის ცენტრი „ჰერი“, „მიწისა და უძრავი ქონების პროფესიონალთა ასოციაცია“, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, „საქართველოს მოსამართლეთა ერთობა“ , „საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივა“, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, იურიდიული ჯგუფი: „მდინარაძე და პარტნიორი ადვოკატები“, იურიდიული ჯგუფი: „კორძახია, ჟღენტი“, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლის დეპარტამენტი, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტი, PR Consulting Group, სამართლის სფეროს ექსპერტები და ადვოკატები.
ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატები“, საკითხზე: „ხუდონჰესის“ პროექტის სამართლებრივი ანალიზი“, 2014 წლის იანვრიდან, კვლევას ანხორციელებს. დაგეგმილია შეხვედრები სხვადასხვა საჯარო უწყების წარმომადგენლებთან, მუნიციპალურ მთავრობასთან, ადგილობრივ მოსახლეობას. კონფერენციის მომზადება მესტიაში, სადაც მსჯელობა დაეთმობა საკითხს და მონიტორინგის შედეგებს. ორგანიზაცია 2014 წლის აპრილში, წარმოადგენს დასკვნას და სარეკომენდაციო პაკეტს.