„საქართველოს ბანკების ასოციაციას“ ბანკების მხრიდან არსებული მიდგომები გაეცნო

21 თებერვალი, 2014

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტ ზურაბ გვასალიას შეხვდა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა კომერციული ბანკებისა და მოქალაქეების ურთიერთობის პროცესში არსებული პრობლემების შეფასება, აგრეთვე ორგანიზაციის პოზიციის ფართოდ განხილვა, არღვევენ თუ არა ბანკები საქართველოში ადამიანის უფლებებს. შეხვედრის დროს, ყურადღება დაეთმო ბანკების მხრიდან მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების სს „კრედიტინფო საქართველოს“ მიმართ გადაცემაზე, ბანკებსა და მომხმარებლებს შორის დავების ტიპს, იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთების საკითხს, ბანკებთან დადებული ხელშეკრულებების შინაარსობრივ მხარეს და ორგანიზაციის აზრით, დისკრიმინაციულ მიდგომებს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს ბანკების ასოციაციის უფლებამოსილებითა და კომპეტენციის საკითხით დაინტერესდნენ. ორგანიზაციამ მიიღო ინფორმაცია ასოციაციის ეთიკის კომიტეტის საქმიანობის შესახებ, რომელიც დავებს მხოლოდ კერძო ბანკებს შორის განიხილავს. ორგანიზაციამ საქართველოს ბანკების ასოციაციას გააცნო მოსაზრება მომხმარებლებსა და ბანკებს შორის არსებული დავების გადაჭრის პროცესში მედიაციის ინსტიტუტის დანერგვის შესახებ. ორგანიზაციამ დიალოგში ბანკების ასოციაციას ბანკების მიერ დაზარალებული კონკრეტული საქმეებიც გააცნო.

საქართველოს ბანკების ასოციაციის წარმომადგენლების განცხადებით, მომხმარებლებსა და ბანკებს შორის პრობლემები არსებობს, თუმცა ხარვეზები არ შეიძლება განზოგადდეს და დაკარგოს ინდივიდუალობა. შესაბამისად, საქართველოს ბანკების ასოციაცია „ახალგაზრდა ადვოკატებს“ ვერ დაეთანხმება შეხედულებაში, თითქოსდა ბანკები საქართველოში ადამიანის უფლებებს არღვევენ.

ორგანიზაციამ საქართველოს ბანკების ასოციაციას გააცნო პოზიცია, რომელიც დაკავშირებულია სამოქალაქო კამპანიასთან, რომლის ფარგლებშიც, მოქალაქეებს, მასობრივად მიერწოდებათ ინფორმაცია, თუ რა მოთხოვნები უნდა დაიცვან ბანკებთან სახელშეკრულებო ურთიერთობების დროს. ამასთან,  საქართველოს ბანკების ასოციაციისთვის მიწოდებულ იქნა ინფორმაცია კვლევის შესახებ, რომელიც ძირეულად შეისწავლისა და წარმოაჩენს მომხმარებლებსა და ბანკებს შორის ურთიერთობების პრობლემურ მხარეებს, მიიღებს რეკომენდაციებს და შედეგებს საჯაროს გახდის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისათვის შემდგომ რეაგირების მიზნით. ამ მიმართულებით, ორგანიზაცია საკუთარი საქმეებით, სასამართლო პრეცედენტების შექმნასაც გეგმავს.

შეხვედრაზე „ახალგაზრდა ადვოკატები“ და „საქართველოს ბანკების ასოციაცია“ შეთანხმდა, რომ საკითხების მიმართ ინსტიტუციური დიალოგი გაგრძელდება. ორგანიზაცია „საქართველოს ბანკების ასოციაციას“ მოსაზრებებისთვის წარუდგენს კითხვარს და მიღებულ გამოხმაურებას პროფესიულ ხედვად განიხილავს.

ორგანიზაცია მომხმარებლებსა და ბანკებს შორის პრობლემების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის საერთო მექანიზმზე მუშაობისთვის, შეხვედრებს, როგორც საბანკო სფეროს წარმომადგენლებთან, ასევე ეკონომიკის სფეროს ექსპერტებთანაც გეგმავს.

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატების“ შეხვედრა „საქართველოს ბანკების ასოციაციასთან“ ორგანიზაციის 2014 წლის 10 თებერვლის ოფიციალურ წერილს მოჰყვა, რითაც მკაფიოდ იქნა გამოთქმული მოსაზრება, რომ ბანკები საქართველოში ადამიანის უფლებებს არღვევენ.



კომენტარები