სასამართლომ 26 მაისის საქმეზე არასამთავრობო ორგანიზაციების მცდარი წარმოდგენებიც შეცვალა

1 მარტი, 2014

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა დაშლისა და მასობრივი დაკავების ფაქტზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და საზოგადოებას მიმართავს, ყურადღება გამახვილდეს სამოხელეო დანაშაულის ჩადენის სამართლებრივ მნიშვნელობაზე. ორგანიზაციის შეფასებით, სასამართლო პრაქტიკამ შექმნა პრეცედენტი, როდესაც შეკრებისა და მანიფესტაციის დაშლის ფაქტზე გადაწყვეტილება გამოიტანა ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით და შექმნა სამართლებრივი დასაბუთება ხელისუფლების ქცევისთვის, მსგავსი შემთხვევების დროს მაქსიმალურად დაიცვას კანონი და ადამიანის უფლებები.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ერთ–ერთი ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, 2011 წლის 26 მაისის მანიფესტაციის დაშლის ფაქტზე, მაღალი სტანდარტით დადასტურებულია  ხელისუფლების გადამეტებული ძალის გამოყენება და საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის უკანონო ბრძანების გაცემის ფაქტი, რამაც გამოიწვია მოქალაქეთა უფლებების, საზოგადოების და სახელმწიფოს ინტერესების დარღვევა. 2011 წლის 26 მაისის მანიფესტაციაზე აღნიშვნით, სასამართლო გადაწყვეტილების პრეცედენტული ხასიათი მდგომარეობს იმაში, რომ ხაზი გაუსვა ორ მნიშვნელოვან მაღალ სამართლებრივ სიკეთეს:

  • რუსთაველის გამზირზე მიტინგის ვადის გასვლის შემდეგ, მომიტინგეთა მასობრივი დაკავება და ამ მიზნით, რუსთაველის გამზირიდან გასასვლელი ქუჩების წინასწარ ჩაკეტვის შესახებ; ასევე, ძალის გამოყენების გაფრთხილების შემდეგ, მომიტინგეთათვის საჭირო დროის მიცემის გარეშე, მიტინგის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და მონაწილეთა დაშლის თაობაზე ბრძანება იყო უკანონო.
  • რუსთაველის გამზირზე მიტინგის ვადის გასვლის მიუხედავად, არ არსებობდა ობიექტური საჭიროება მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენებულიყო სხვადასხვა სპეციალური საშუალებები: წყალსატყორცნი, ცრემსადენი გაზი, ფსიქოლოგიური ზემოქმედების სპეციალური აკუსტიკური მოწყობილობა, რეზინის ტყვიები და ხელკეტები. ამასთან, შეკრების ადგილიდან გასასვლელი ქუჩების ჩაკეტვის გამო, მომიტინგეებს შეგნებულად არ მიეცათ ტერიტორიის დატოვების საშუალება.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მიმართავს უფლებადაცვით ორგანიზაციებს, სამართლის სპეციალისტებსა და საზოგადოებრივ ჯგუფებს, რათა 2011 წლის 26 მაისის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილება გახდეს სამართლებრივი დისკუსიის საფუძველი, რათა შექმნას პრაქტიკული გამოცდილება მსგავსი შემთხვევების მიმართ სწორი სამართლებრივი დასკვნებისა და შეფასებების გამოთქმის პროცესში, კვლავინდებურად არ მოხდეს მრავალგვარი ინტერპრეტაცია და საზოგადოებაში მცდარი მოლოდინების წარმომქმნელი.

არასამთავრობო სექტორს მთავრობის მართლზომიერი და ლეგიტიმური მიზნის გამოყენების პროცესში, განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია. სასამართლო გადაწყვეტილება, ამ თვალსაზრისით, პოლიტიკის შექმნელი პირების მიმართ გავლენიანი ორგანიზაციების გაკეთებულ შეფასებებასც გამორიცხავს, რომლთა ერთი მოსაზრებითაც, „იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები მერიის შეტყობინების ვადის ამოწურვის შემდეგ (24:00 საათი) არ დაიშლებოდნენ, პოლიციას მათი დაშლის სამართლებრივი საფუძველი ექნებოდა“.

შესაბამისად, მნიშვნელოვანია, სამოქალაქო სექტორი პრაქტიკულ დოკუმენტად აღიქვამდეს სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული სამართლებრივი რეალობის სუბიექტური მხარე და მოხდეს სასამართლო პრაქტიკის იმპლემენტაცია საკანონმდებლო დონეზე, დაიწყოს ფართო დისკუსია შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების მეტი სამართლებრივი გარანტიების შექმნისთვის.

 

 

 



კომენტარები