საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განათლების სისტემიდან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო გათავისუფლებულის საქმეზე გამამართლებელი გადაწყვეტილება მიიღო. საკასაციო ინსტანციამ გამამტყუნებელი გადაწყვეტილება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებული ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯ „ახალი ტალღის“ მიმართ გამოიტანა, რომლის დირექტორმა, დავით მჭედლიშვილმა, 2012 წლის ივნისში საკუთარი მოადგილე თამარ კაიკაციშვილი თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე უარის თქმის შემდეგ გაათავისუფლა. სასამართლომ საქმეს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის, პრეცედენტული უწოდა, საზოგადოებრივი კოლეჯის საჩივარი კი დაუშვებლობის გამო, განუხილველი დატოვა.
ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორმა დავით მჭედლიშვილმა თამარ კაიკაციშვილი მოადგილის თანამდებობიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან მიღებული დავალების შედეგად გაათავისუფლა, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული არაერთი მტკიცებულება. თამარ კაიკაციშვილის მიმართ ჯერ დისციპლინარული წესით გაფრთხილების ბრძანება გამოიცა, შემდეგ კი გათავისუფლების ბრძანებით უფლებამოსილება შეუწყდა, თუმცა სასამართლომ მაღალი მტკიცების ტვირთით დაასაბუთა, რომ როგორც გაფრთხილების, ასევე გათავისუფლების შესახებ ბრძანებები უკანონო და მოტივირებული იყო. სასამართლომ არ დაადასტურა თამარ კაიკაციშვილის მიმართ წაყენებული ბრალდებები სასწავლო პროცესში დაშვებული გადაცდომების შესახებ. საქართველოს უზენაესი სასამართლომ ძალაში დატოვა ორი ინსტანციის სასამართლოს შეფასებაც, რომლის თანახმადაც აღიარებულ იქნა, რომ დირექტორმა მოადგილის თანამდებობიდან დათხოვნის შემდეგ შექმნა ყალბი მტკიცებულებები და გაფრთხილება/გათავისუფლების ბრძანებების ფიქტიური სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, სასამართლომ მიუთითა, რომ კოლეჯმა უხეშად დაარღვია შრომის კანონმდებლობა, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ მოქმედი სტანდარტები, თამარ კაიკაციშვილის მიმართ გამამართლებელი გადაწყვეტილებით კი, უნდა დადგეს მთავარი სამართლებრივი და მორალური მნიშვნელობის შედეგი – ნებისმიერი დამსაქმებელი, ამიერიდან, თამარ კაიკაციშვილის პიროვნულ და პროფესიულ თვისებებს უნდობლობით არ მოეკიდება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორ დავით მჭედლიშვილს ყოფილი მოადგილის თამარ კაიკაციშვილის მიმართ გაფრთხილებისა და გათავისუფლების ბრძანებების გაუქმება დაევალა. თამარ კაიკაციშვილს სამსახურში აღდგენა არ მოუთხოვია, რადგანაც კოლეჯის დირექტორის ხელმძღვანელობით, საზოგადოებრივი კოლეჯის ადმინისტრაციამ და სტუდენტებმა, სასწავლებლის ეზოში ერთობლივი საპროტესტო აქცია გამართეს და ყოფილი მოადგილის ფოტო საჯაროდ დაწვეს, რაც თამარ კაიკაციშვილმა პირადი ღირსების შელახვად აღიქვა და საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად უკანონოდ გამოცემული ბრძანებების გაუქმება დაისახა. სასამართლო გადაწყვეტილებით, თამარ კაიკაციშვილი ავტომატურ რეჟიმში მიიღებს კუთვნილ კომპენსაციასაც.
ქობულეთის საზოგადოებრივმა კოლეჯმა ყოფილ მოადგილესთან დავა ბათუმის საქალაქო სასამართლოსა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოშიც წააგო. საქმის განხილვის ეტაპზე, სულ 7 სხდომა გაიმართა. უკანონოდ გათავისუფლებულის საქმეზე წარმომადგენლობა „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ განახორციელეს. ორგანიზაციამ ქობულეთის კოლეჯის გამჭვირვალე ადმინისტრაციული მმართველობის შესახებ 2013 წლის სექტემბერში კვლევაც გამოაქვეყნეს, სადაც აღმოჩენილ მასშტაბურ ნეპოტიზმის ფაქტებსა და შესაძლო კორუფციული შემთხვევებს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აუდიტის სამსახური სწავლობს. ორგანიზაცია, 2014 წლის აპრილში, პრეცედენტულ საქმეზე საზოგადოებას ფილმსაც წარუდგენს.
თამარ კაიკაციშვილის ინტერესების დამცველებმა, 2014 წლის 26 თებერვალს ოფიციალური წერილით უკვე მიმართეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ თამარ სანიკიძეს და კოლეჯის დირექტორის გათავისუფლება მოითხოვეს. დაცვის მხარე სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებასაც არ გამორიცხავს, ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილებით, სახეზე გვაქვს სისხლის სამართლის კოდექსის 168–ე და 169–ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, შრომის კანონმდებლობის უხეში დარღვევა, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.