„ახალგაზრდა ადვოკატები“ შეუერთდა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლითაც მოთხოვნილ იქნა გეგუთის ციხეში პატიმრის გარდაცვალებაზე ეფექტური გამოძიების ჩატარების დაწყება.
„გავრცელებული ინფორმაციით, 2014 წლის 4 მარტს, დაახლოებით ღამის 2:30 საათზე, გეგუთის N14 დაწესებულებაში, ექვს ადგილიან საკანში, სადაც ხუთი მსჯავრდებული იმყოფებოდა, პატიმრებს შორის დაპირისპირების შედეგად ერთ-ერთი მსჯავრდებული გარდაიცვალა.
პირველადი ინფორმაციით, გარდაცვლილ პატიმარს მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული, მათ შორის თავისა და ყელის არეში. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
არასამთავრობოები სამძიმარს უცხადებენ გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის წევრებს და აღნიშნავენ, რომ აუცილებელია ფაქტზე ჩატარდეს ეფექტიანი გამოძიება, რათა გამოვლინდეს და პასუხისგებაში მიეცეს ყველა დამნაშავე პირი. გარდა ამისა, უმნიშვნელოვანესია დადგეს გეგუთის #14 დაწესებულების იმ თანამშრომელთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებსაც შეეძლოთ მოეხდინათ სათანადო რეაგირება პატიმართა შორის დაპირისპირებაზე და თავიდან აეცილებინათ ასეთი მძიმე შედეგით ინციდენტის დასრულება.
ბოლო პერიოდში გეგუთის დაწესებულებაში მომხდარი ინციდენტები ცხადჰყოფს, რომ ადმინისტრაცია ვერ უზრუნველყოფს დაწესებულებაში წესრიგსა და უსაფრთხოებას. სამწუხაროდ, ეს არ გახლავთ აღნიშნულ დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალების ერთადერთი ფაქტი. შეგახსენებთ, რომ გასული წლის მაისის თვეში თითქმის ანალოგიურ ვითარებაში - კერძოდ, პატიმრების მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგად გარდაიცვალა მსჯავრდებული ლევან კორტავა.
ალიანსი მოუწოდებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და სასჯელაღსრულების დეპარტამენტს გაატარონ ყველა ის პრევენციული ღონისძიება პატიმართა კლასიფიკაციისა და განთავსების წესების დაცვით, რომელიც უზრუნველყოფს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში სათანადო წესრიგს და მსჯავრდებულთა უსაფრთხოებას და მინიმუმამდე დაიყვანს პატიმართა შორის კონფლიქტების, დაპირისპირების და მსგავსი უმძიმესი ფაქტების ალბათობას", - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადება, „ახალგაზრდა ადვოკატებთან“ ერთად, ერთობლივად მიიღო შემდეგმა ორგანიზაციებმა: "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", ციხის საერთაშორისო რეფორმის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისი, "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი", წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT) , "კონსტიტუციის 42-ე მუხლი", "საქართველოს პროფესიონალ ფსიქოლოგთა ასოციაცია" (GPPA), "ახალგაზრდები სამართლიანობისთვის", საზოგადოებრივი დამცველი, გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი (GIP).
ცნობისთვის: გეგუთის N14-ე დაწესებულებაში გარდაცვლილ პატიმართან დაკავშირებით, 5 მარტს, სასჯელაღრულების სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ მსჯავრდებულის გარდაცვალება პატიმრებს შორის დაპირისპირების შედეგად მოხდა. 6 მარტს ცნობილი გახდა, რომ გეგუთის კოლონიაში მსჯავრდებულ გიგა ფარტენაძის გარდაცვალების საქმეს პროკურატურა გამოიძიებს.