არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს ხელისუფლებას, სატრანსპორტო საშუალებებით დაბინძურებული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ევროკავშირის მოთხოვნების დაკმაყოფილებისა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისკენ მოუწოდებს.
ორგანიზაციის იურისტის, მარიამ ნეფარიძის განცხადებით, ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანია მთავრობის გადაწყვეტილება, 2015 წლის 1 მარტიდან ამოქმედდეს ტრანსპორტზე ტექნიკური დათვალიერების სისტემა, თუმცა სატრანსპორტო საშუალებების მიერ ჰაერის დაბინძურების საგანგაშო ვითარების გათვალისწინებით, ორგანიზაცია საქართველოს მთავრობას რიგი რეფორმების დაუყოვნებლივ გატარებისკენ მოუწოდებს.
ორგანიზაციის შეფასებით, აუცილებელია, საქართველოს მთავრობამ ფინანსთა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების, ქალაქ თბილისის მერიისა და სხვა სტრუქტურული უწყებების სახით, უზრუნველყონ:
- საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება (მეტრო, ავტობუსი, ტრამვაი), რათა შემცირდეს კერძო ტრანსპორტზე მოთხოვნილება (2014 –2016 წლებისთვის)
- ავტოპარკისა და ტაქსოპარკის განახლება გენერალური გეგმის შესაბამისად, რომელიც გაითვალისწინებს არსებულ რეალობას და მოსახლეობას უკიდურეს მდგომარეობაში არ ჩააყენებს. (გეგმაზე მუშაობის დაწყება 2014 წლიდან)
- საავტომობილო ტრანსპორტის საგზაო მოძრაობის და ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხების, ჯანმრთელობის პრობლემების შეასახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიის ხელშეწყობა და ამ მიმართულებით, არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის ხელშწყობა. (სტრატეგიის შემუშავება 2014 წლიდან)
- ტექნიკური დათვალიერების სისტემის აღდგენა, რათა აღმოიფხვრას ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილების მიერ ჰაერის დაბინძურების ხარისხი. ქვეყნის მოსახლეობის არსებული სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, განისაზღვროს აღნიშნული ღონისძიებისთვის საჭირო და გონივრული ღირებულება. (რეგულაციაზე მუშაობა უნდა დასრულდეს 2015 წლის 31 დეკემბრამდე)
- არსებული ნორმატიული და საკანონმდებლო ბაზის დახვეწა ავტოტრანსპორტიდან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაწყვეტის მიზნით (რეგულაციებზე მუშაობა დაიწყოს 2014 წლიდან)
- მოხდეს ეკოლოგიურად სუფთა და საწვავის მოხმარების თვალსაზრისით, უფრო ეკონომიური ავტომობილების იმპორტის სტიმულირება საგადასახადო სისტემის შეცვლით. (გადაწყვეტილებები მიღებულ იქნეს 2015 წლის 31 დეკემბრამდე)
- საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის ხარისხობრივი ნორმების შემოწმება და ეტაპობრივი გამკაცრება ევროკავშირის მოთხოვნებთან დაახლოების მიზნით. (განხორციელდეს 2014 წლიდან)
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, მთავრობამ სატრანსპორტო პოლიტიკა და რეგულაციები უნდა გაამკაცროს, რადგანაც ქვეყანაში, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების უმეტესი წილი დღეს სატრანსპორტო საშუალებებზე მოდის. ტოქსიკური ნივთიერებები საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას, პრობლემის გადაჭრა კი ერთიანად პასუხობს, როგორც მოსახლეობის ჯანმრთელობის, ასევე გარემოს დაცვის პრინციპებს. მნიშვნელოვანია, სპეციალისტების მოსაზრებები, რომლის თანახმადაც, მსოფლიოს მრავალ ქალაქში, ჰაერის დაბინძურება წარმოადგენს ავადობის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და სიკვდილიანობის პოტენციურ რისკ–ფაქტორს. განსაკუთრებულია მისი ზემოქმედება ორსულებსა და ბავშვებზე. სატრანსპორტო საშუალებებით დაბინძურებული ჰაერი იწვევს ნერვულ და გულ-სისხლძარღვთა სისტემების ფუნქციის მოშლას, სასუნთქი გზების დაზიანებას, ავთვისებიან სიმსივნეებს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, ავტოტრანსპორტიდან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრობლემის გადაწყვეტას ხელს უშლის დაუხვეწავი და არასრული საკანონმდებლო ნორმატიული ბაზა, კონტროლისა და ზედამხედველობის სისტემის სისუსტე, უწყებათა კომპეტენციების გაუმიჯნაობა, უწყებათშორისი კოორდინაციის დაბალი დონე, ინფორმაციის სიმწირე და არასაიმედოობა. საწვავის ხარისხისა და მისი ნორმების მარეგულირებელი ნორმების გამკაცრების მიუხედავად, რომლებიც 2012 წლიდან მოქმედებს, საავტომობილო ბენზინსა და დიზელში, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული გოგირდის მასური წილი 25-30-ჯერ აღემატება ევროკავშირის სტანდარებით დადგენილ ნორმებს. ამასთან, ტექნიკური კონტროლის არარსებობის გამო, გაუმართავია ავტომობილების უმეტესობაც.