ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ პროექტ „ინსტიტუციური დიალოგი აღმასრულებელ, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლებასთან“ ფარგლებში, საპარლამენტო უმცირესობიდან თბილისის მერობის ერთ–ერთ კანდიდატთან, გიორგი ვაშაძესთან შეხვედრა გამართეს.
ორგანიზაცია ინსტიტუციური დიალოგის ფარგლებში, გიორგი ვაშაძეს მუნიციპალური პოლიტიკის ყველა აქტუალურ საკითხზე ესაუბრა, მათ შორის განხილვის საგანი გახდა თვითმმართელობის შესახებ ახალი კოდექსი და მისი გავლენა მოქალაქეების ჩართულობაზე, სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა, თბილისის განვითარების გეგმა, დედაქალაქის ტურისტული შესაძლებლობების ამოქმედება, არქიტექტურული და სატრანსპორტო პოლიტიკა ქალაქში, ბინათმშენებლობისა და ამხანაგობების პრობლემური მხარეები, დედაქალაქის ბიუჯეტის შექმნის პროცესში ადგილობრივი მოქალაქეების ინტერესების პრიორიტეტულობა, თბილისის რეკრიაციული ზონის დაცვის საკითხები და პოლიტიკური ნების მნიშვნელობა ადგილობრივი თვითმმართველობის, როგორც ინსტიტუტის შემდგომი ქმედითუნარიანობისთვის. ამასთან, საუბარი შეეხო თბილისის მოქმედი მერიის განვლილი 4–წლიანი საქმიანობის შეფასებას, გამოვლენილი პრობლემების იდენტიფიცირებას და გიორგი ვაშაძის მერად არჩევის შემთხვევაში, განსახორციელებელი ინიციატივების შინაარს.
გიორგი ვაშაძის შეფასებით, მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობები განთავისუფლდნენ ცენტრალიზებული მმართველობისგან, მიეცეთ მათ მეტი ფინანსური ავტონომია და ქვეყანამ მიიღოს თვითმმართველობის რეალური დეცენტრალიზაცია.
„მთავარია, თვითმმართველობის განხორციელების პროცესში, მოქალაქეები რეალურად აღმოჩდნენ პროცესის თანამონაწილეები. ამხანაგობების პროექტი იყო კარგი, მაგრამ მან ვერ მოახერხა ხალხის სრულად ჩართულობა გადაწყვეტილებების პროცესში. ჩვენთვის პრიორიტეტული იქნება ისეთი პროექტების განხორციელება, სადაც თავად ადამიანები მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ რა სურთ მათი ქალაქისთვის და უბნისთვის. გვაქვს წინადადება, შევქმნათ უბნის სათათბიროებიც, გავაძლიეროთ სამეზობლო ურთიერთობები, რათა მოქალაქეები ესაუბრებოდნენ ერთმანეთს მათი საჭიროებებისა და პრობლემების გადაჭრის გზებზე. თბილისში, არაერთი პრობლემაა, მათ შორის დაუმთავრებელი მშენებლობები, გადატვირთული მოძრაობა, მწვანე ზოლის უგულვებელყოფა, სოციალური პროგრამების განხორციელების პროცესში, მოქალაქეთა რეალური ინტერესების გაუთვალისწინებლობა, ჩემი საარჩევნო პრიორიტეტები კი იქნება, დედაქალაქის მოსახლეობისთვის მომსახურების სტანდარტების შეთავაზება. უნდა გადაიხედოს სხვადასხვა საკითხების დაფინანსების კრიტერიუმები. გასაუმჯობესებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტიც. მოქმედ მერიას, გაცილებით მეტი რეფორმის გატარების შანსი ჰქონდა, თუმცა ბევრი წარმატებული ნაბიჯიც გადაიდგა. კარგია, როდესაც მუნიციპალურ პოლიტიკაში ჩართვის სურვილს სრულიად ახალი სახეები გამოთქვამენ. ჩვენ შევძელით, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“, კომფრომისტების ნაცვლად, შიდა დემოკრატია ავამოქმედეთ, როცა პარტიაში იყო ჯგუფი, რომელიც წყვეტდა, ვინ სად უნდა ყოფილიყო. ახლა გზა კონკურენციაზე გადის“ – განაცხადა „ახალგაზრდა ადვოკატებთან“ შეხვედრაზე გიორგი ვაშაძემ.
ცნობისთვის: პროექტის ფარგლებში, ეს ორგანიზაციის მიერ გამართული მეხუთე შეხვედრა გახლდათ. პროექტი აგვისტოდან დაიწყო და მის მიზანს წარმოადგენს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ინსტიტუციების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღალება, საჯარო უწყებების გამჭვირვალობა და ურთიერთობის უწყვეტობა საზოგადოებასთან. ამასთან, ახალგაზრდების თანამონაწილეობა საჯარო მმართველობის პროცესში და ინსტიტუციური დიალოგის, როგორც კულტურის ჩამოყალიბება და განვითარება საქართველოში. ორგანიზაცია, პროექტის ფარგლებში, თბილისის მერობის სხვა კანდიდატებსაც შეხვდება, მათ შორის დავით ნარმანიასაც, რომელიც, ხელისუფლებამ დედაქალაქის მერის პოზიციაზე დაასახელა.