ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტს მიმართავს და მოუწოდებს, უარი თქვას კანონპროექტის განხილვაზე, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელია, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობა 2013 წლის 1 იანვრიდან მიიღეს, მოქალაქეობის ჩამორთმევის წინაშე აღმოშჩდნენ.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან მირებულ იქნა ოფიციალური სტატისტიკა, რომლის თანახმადაც, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მონაცემები ასე გამოიყურება:
- 2003 წლის 23 ნოებრიდან 2013 წლის 27 ოქტომბრამდე, 50134 უცხო ქვეყნის მოქალაქის განცხადება დაკმაყოფილდა საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე.
- 2013 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 27 ოქტომბრამდე, 6649 უცხო ქვეყნის მოქალაქის განცხადება დაკმაყოფილდა საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე.
- 2013 წლის 27 ოქტომბრიდან 2014 წლის 31 იანვრის ჩათვლით, 3503 უცხო ქვეყნის მოქალაქის განცხადება დაკმაყოფილდა საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის, ემილ კურბანოვის განცხადებით, დაუშვებელია ზემოთხსენებული კანონის უკუძალა გავრცელდეს იმ მოქალაქეებზე, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობა მიიღეს 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ. თუკი მოხდება ასეთი მოქალაქეების საქმეების ხელახალი განხილვა და რომელიმე მათგანისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა, დაირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მეორე პუნქტი, რომლის თანახმადაც, მოქალაქეობის ჩამორთმევა დაუშვებელია.
საქართველოს პარლამენტის მიერ კანონში ცვლილებების განხორციელების შემთხვევში, რამდენიმე ნეგატიური გარემოება შეიძლება წარმოიშვას:
- საქართველოს კონსტიტუციის შესაძლო დარღვევა, მათ შორის „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონის 34-ე მუხლის მე-4 პუნქტი, რომელიც დღეისათვის არსებული ერთ-ერთი კანონიერი გზაა საქართელოს მოქალაქეობის მისაღებად.
- საქართველოს მოქალაქეობის ინსტიტუტის მიმართ ხისტი მიდგომით, შეიძლება ჩამოყალიბდეს მანკიერი პრაქტიკა, როდესაც მოქალაქეობის ინსტიტუტის მიმართ რეგულაციები განპირობებული იქნება ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური იდეოლოგიების მიხედვით.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს რეკომენდაციის მიმართავს და კანონპროექტის განხილვების პროცესში, პარლამენტის არასამთავრობო სექტორთან მეტ დიალოგს მოითხოვს. სახელმწიფომ ყურადღება უნდა მიაქციოს იმ მაღალ იურიდიულ ინტერესს, რომლის თანახმადაც, შეიძლება შეილახოს კეთილსინდისიერი მოქალაქეების უფლება, რომლებმაც, საქართველოს მოქალაქეობა, კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით მიიღეს.
ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოს მოქალაქეებს გააჩნიათ კანონიერი ნდობა სახელმწიფოს მიმართ, არსებული ვითარებით კი, ჩანს, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება არა უშუალოდ გადაწყვეტილების მიმღებთ, არამედ კეთილსინდისიერ მოქალაქეებს, რომელთაც ლეგიტიმური გზით მიიღეს საქართველოს მოქალაქეობა. ამასთან, მნიშვნელოვანია ყურადღება დაეთმოს პერიოდს, რომლზეც კანონპროექტის უკუძალა ვრცელდება. ვიდრე არ მოხდება შერჩეული პერიოდის მნიშვნელობის დასაბუთება და საკანონმდებლო განმარტებები, მიგვაჩნია, რომ კანონპროექტის მიზანი დისკრიმინაციულია.
გაუგებარია, რამ გამოიწვია აღნიშნული პერიოდის გამოყოფა, როდესაც სტატისტიკურად, მოქალაქეობის მინიჭების იგივე მაჩვენებელი გვაქვს 2003 წლის ნოემბრიდან 2013 წლის 1 იანვრამდე.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2013 წლის 27 ოქტომბრიდან 2014 წლის 31 იანვრის ჩათვლით, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე, 3503 უცხო ქვეყნის მოქალაქის განცხადება დაკმაყოფილდა. აღნიშნული პერიოდი გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის ვადას წარმოადგენს და პერიოდი შეადგენს 3 თვეს. თუკი მხედველობაში მივიღებთ მოცემულ ფაქტსაც, მაშინ კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდება ის ფაქტი, თუ რის საფუძველზეა, გამოყოფილი 2013 წლის 1 იანვრიდან 27 ოქტომბრამდე პერიოდი.