პროკურატურამ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის გადახედვა დიალოგის რეჟიმში უნდა დაიწყოს

13 მარტი, 2014

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს მთავარი პროკურატურის ინიციატივასთან დაკავშირებით, გარკვეული კატეგორიის დანაშაულებზე, საპროცესო შეთანხმება აღარ გაფორმდეს, განცხადებას ავრცელებს.

ორგანიზაციის იურისტის, ლევან ბერაძის განცხადებით, ახალი ინიციატივის ფარგლებში, საპროცესო შეთანხმების დროს შეთავაზებულ სასჯელის სახის და ზომების გამკაცრდება, ნაწილობრივ მისაღები საკითხია, თუმცა საპროცესო ინსტიტუტის შესახებ ახალი რეგულაციები, საჭიროა საზოგადოებასთან და უფლებადამცველებთან დიალოგის ფორმატში გადაწყდეს. ახალი რეგულაციების პროცესში, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ ერთდროულად შეასრულოს მართლწესრიგის დაცვა და კანონის წინაშე მოქალაქეების პასუხისმგებლობა, ამასთან, სათანადოდ შეფასდეს გამოწვევები და საფრთხეები, რომელიც სისხლისსამართლებრივი კანონმდებლობის გამკაცრების შედეგებს უკავშირდება.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მთავარ პროკურატურას მიმართავს და ინიციატივის პროექტის გასაჯაროებას გონივრულ ვადებში მოითხოვენ. მნიშვნელოვანია, თუკი საპროცესო შეთანხმებების გაფორმება, მომავალში, რომელიმე მთავარი პროკურორის და სახელმწიფოს კეთილ ნებაზე არ იქნება დამოკიდებული, არამედ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტს, კანონით განსაზღვრული კრიტერიუმები დაარეგულირებს, საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი შექმნის რეალურ შესაძლებლობას მხარეთა ინტერესების საფუძვლიანობისთვის და უპირატესობას მიანიჭებს ბრალის შეფასებას. ყველა დანაშაული ინდივიდუალურია და ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს, ვინაიდან სამართალწარმოების ეტაპზე უნდა დადგინდეს, თუ რატომ ჩაიდინა პირმა კონკრეტული ქმედება და რა იყო ჩადენილი დანაშაულის მოტივი. დღემდე მოქმედი წესით, საპროცესო  შეთანხმების დადება პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილებაა. პროკურორი, თითოეულ საქმეზე, თავად წყვეტს, დადოს თუ არა საპროცესო შეთანხმება. ყურადღება არ ექცევა იმ ფაქტს, რომ შესაძლებელია, არსებობდეს განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, თუმცა მაინც დაიდოს საპროცესო შეთანხმება.

„ახალგაზრდა ადვოკატები“, საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის რეფორმას აუცილებელ საჭიროებას მიიჩნევენ, რადაგანაც დახვეწას მოითხოვს ბევრი რეგულაცია, რომელიც არც საერთაშორისო გამოცდილებას პასუხობს და არც სახელმწიფოს მხრიდან შემოთავაზებულ ლიბერალურ სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას. სხვა შემთხვევაში, საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი, სამართლებრივ სისტემაში, ისევ დარჩება  ფორმად, რა დროსაც, სახელმწიფო მხოლოდ ფინანსურ სარგებელს მიიღებს.

ორგანიზაცია საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის რეფორმის პროცესში, ფართო საზოგადოებრივი დისკუსიის გამართვას მოითხოვს, რათა ცვლილებების განხორციელებამდე, სათანადოდ შეფასდეს 2003–2012 წლების მმართველობის მკაცრი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკა („ნულოვანი ტოლერანტობა“) და გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები იდენტიფიცირებული პრობლემების აღმოსაფხვრელად. 



კომენტარები