ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საკითხზე: „კერძო სექტორში დასაქმებული დედების უფლებრივი მდგომარეობა“, კვლევა და სარეკომენდაციო წინადადებები გამოაქვეყნა, რომელიც, საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას, შემდგომი გაცნობისა და იმპლემენტაციისთვის, უკვე გადაეგზავნა.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ თანადამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, მარიკა არევაძის განცხადებით, განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, საქართველოს შრომის კოდექსის შემდგომი ცვლილებები და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება, კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. კვლევამ ცხადყო, რომ საქართველოში დასაქმებული დედების უფლებრივი მდგომარეობა მეტ გარანტიებს მოითხოვს, ვინაიდან პრობლემურ საკითხად რჩება დეკრეტული შვებულების პერიოდში ანაზღაურების წესი და ოდენობა, დედისა და ბავშვის უზრუნველყოფა საჭირო სამედიცნო მომსახურებითა და ფარმაცევტული პროდუქციით. აგრეთვე, მონიტორინგმა ყურადღება დაუთმო მამის უფლებას, ბავშვის მოვლის მიზნით, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით და ამ მიმართულებით, საქართველოს შრომის კანონმდებლობა, დაუახლოვდეს ევროპული ქვეყნის პრაქტიკას.
ორგანიზაციამ კვლევის შედეგები საქართველოში მოქმედ კერძო კომპანიებთან კომუნიკაციის შედეგად გამოაქვეყნა. მონიტორინგის პროცესში, სხვადასხვა სფეროში დამსაქმებელ კომპანიასთან შედგა კონტაქტი, თუმცა კვლევაში მონაწილეობა მხოლოდ 6 კომპანიამ მიიღო, 14 კომპანიამ კი უარი განაცხადა. არსებული კომპანიების მონაცემთა გათვალისწინებით, ახალი შრომის კოდექსის მოთხოვნებთან მიმართებით, დადებითი მიდგომებიც გამოიკვეთა. კერძოდ, კვლევამ აჩვენა:
- 2012–2013 წლებში, ორსულ თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არ მომხდარა,
- 2012–2013 წლებში, დასაქმებული დედების უმრავლესობას, სრულად ნასარგებლი აქვს ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებით,
- დეკრეტული შვებულებიდან დაბრუნებულ ყველა დასაქმებულთან განხორციელდა შრომითი ხელშეკრულების გაგრძელება
- შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტის ფაქტები აღმოჩნდა მხოლოდ დასაქმებულის ინიციატივით
- დასაქმებული დედების მიმართ ანაზღაურებადი დეკრეტულ შვებულების ანაზღაურება ხდებოდა კომპანიების მხრიდან ჩამოყალიბებული ინდივიდუალური სქემით
- კომპანიები დეკრეტულ შვებულებაში მყოფ დასაქმებულ ქალებს უნარჩუნებდნენ შრომით ანაზღაურებას,
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, მნიშვნელოვანი წინსვლა, რომელიც შრომის კოდექსში განხორციელებულმა ცვლილებებმა მოიტანა, დეკრეტული შებულების ხანგრძლივობის ვადის გაზრდას უკავშირდება, რაც შეეხება დეკრეტული შებულების ანაზღაურებას და ანაზღაურების გაზრდილ ოდენობას, თუ ამჟამინდელ პერიოდს შევადარებთ ცვლილებებამდე არსებულ ანაზღაურებას და პერიოდს, კოდექსს, ამ ნაწილში, განსაკუთრებული ცვლილება არ მოუტანია. მართალია, დეკრეტული შვებულების ხანგრძლივობა საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილ მინიმუმზე გაცილებით მეტი და შესაბამისად უკეთესია, თუმცა დეკრეტული შვებულების პერიოდში, დედისათვის მატერიალური დახმარება, კვლავ ძალზედ მცირეა და შეუსაბამო ბავშვის რეალურ საჭიროებებთან. შესაბამისად, შრომის კოდექსი კვლავ საჭიროებს ეფექტურ ცვლილებებს. სახელმწიფოს მხრიდან, საჭიროა, ახლებური მიდგომების ჩამოყალიბება დეკრეტული შვებულების ანაზღაურებასთან დაკავშირებით და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადგენილი მინიმალური სტანდარტების იმპლემენტაცია.
ორგანიზაციამ კვლევაში მონაწილეობა შემდეგ კომპანიებს შესთავაზა: სს “ქართული ლუდის კომპანია” (ლუდსახარში ზედაზენი), სს „საქართველოს ბანკი“, სს „თიბისი ბანკი“, სს „ლიბერთი ბანკი“, სს „ბანკი რესპუბლიკა“, სს „ბანკი კონსანტა“, შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო“, შპს „ავერსი კლინიკა“, ს.ს. „ჩაჩავას კლინიკა“, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“, შპს „ტელეიმედი“, შპს „სტუდია მაესტრო“, სს „ჯი პი სი“, შპს „ეი-ბი-სი ფარმაცია“ (ფარმადეპო), შპს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, შპს „თ და კ რესტორნები“ (მაკდონალდსი), შპს „აჭარა +“ (სასტუმრო ჰოლიდეი ინნ) შპს „ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტ“ (სასტუმრო „რედისონი“), სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ და სს „სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი“. კვლევის პროცესში მხოლოდ შემდეგმა კომპანიებმა ითანამშრომლეს: სადაზღვევო კომპანია „ჯი პი აი ჰოლდინგი“, „ჩაჩავას კლინიკა“, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედო“, „ქართული ლუდის კომპანია”, „საქართველოს ბანკი“ და „თიბისი ბანკი".
კვლევაში, აგრეთვე ყურადღება დაეთმო დასაქმებული დედების უფლებრივი მდგომარეობას საერთაშორისო გამოცდილებას. ამ მიმართულებით, ვრცლად იქნა განხილული კანადის, ნორვეგიისა და ესტონეთის შრომის სამართლის კოდექსები, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მინიმალური სტანდარტებს დასაქმებული დედების შესახებ და ევროპის სოციალურ ქარტიას.