ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისის მთავრობასა და კომპანია C.T.PARK“ შორის დადებული ხელშეკრულების გასაჯაროებას მოითხოვს. კომპანიასა და თბილისის მერიას შორის, 2007 წლის 7 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, კომპანიას თბილისის მერიამ დედაქალაქში პარკირების სფეროს მართვის უფლება იჯარით 2024 წლის 31 დეკემბრამდე გადასცა, კონფიდენციალურია, რაც არღვევს საჯარო ინტერესს და კითხვებს აჩენს შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის, ანა კიკნაძის განცხადებით, თბილისის მთავრობასა და კომპანია C.T.PARK“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მხარეები ვალდებულნი არიან არ გაამჟღავნონ ყველა დოკუმენტაციის შინაარსთან დაკავშირებული ნებისმისერი ინფორმაცია. ორგანიზაციამ ხელშეკრულების მოწოდებაზე თბილისის მთავრობასაც მიმართა, თუმცა მოთხოვნილი ინფორმაცია არც დედაქალაქის მერიამ გაასაჯაროვა.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ მიმართ გამოგზვანილ წერილში, კომპანია C.T.PARK პასუხს არ სცემს საზოგადოებრივად მაღალი ინტერესის მქონე შეკითხვებს და მითითებს, რომ ინფორმაციის გაცემის შემთხვევაში, თბილისის მერიასთან დადებულ ხელშეკრულებას დაარღვევს.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ მონიტორინგის ფარგლებში, კომპანია C.T.PARK–ს შემდეგი მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით მიმართა:
- 2014 წლის იანვრის მდგომარეობით, რამდენი მოქალაქე ფლობდა ქ. თბილისის ტერიტორიაზე პარკირებისთვის დადგენილ ერთწლიანი მომსახურების პაკეტს, რომელიც შეადგენს 50 ლარს?!
- 2014 წლის იანვრის მდგომარეობით, რამდენი მოქალაქე ფლობდა ქ. თბილსის ტერიტორიაზე პარკირებისთვის დადგენილ 6–თვიან მომსახურების პაკეტს, რომელიც შეადგენს 25 ლარს?!
- 2014 წლის იანვრის მდგომარეობით, რამდენი მოქალაქე ფლობდა ქ. თბილსის ტერიტორიაზე პარკირებისთვის დადგენილ 1–კვირის მომსახურების პაკეტს, რომელიც შეადგენს 4 ლარს?!
- როგორია შპს “სი-ტი პარკ”–ის ერთი სტატისტიკური თვის მაჩვენებელი – არსებული მონაცემით, ერთი თვის მანძილზე, რამდენი ავტომობილის მიმართ ხდება საჯარიმო ღონისძიების გატარება?!
- არსებული მონაცემით, ერთი თვის მანძილზე, რამდენს შედგენს საჯარიმო ღონისძიების შედეგად მიღებული თანხა?
გეგმავს თუ არა “სი-ტი პარკი“, 2014 წლის მანძილზე, თბილისში ახალი საპარკინგო ზოლის შექმნას, როგორია კომპანიის მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმა თბილისში საპარკინგო ზოლის განვითარებასთან დაკავშირებით და რამდენი პარკირების ადგილი არსებობს თბილისის მასშტაბით?
„ახალგაზრდა ადვოკატები“ მიუთითებენ, რომ თბილისის მერიასა და კომპანია C.T.PARK– ს შორის მოქალაქეების ინტერესის საწინააღმდეგოდ დადებული ხელშეკრულება კაბალურია. შესაბამისად, არ ხდება დოკუმენტის გასაჯაროება და უცნობია, რა ფარულ გარიგებებს შეეხებოდეს საქმე. მხოლოდ თბილისის მერიის წერილის თანახმად, კომპანია C.T.PARK–მა, 2011–2013 წლების მონაცემებით, ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ, 15 451 658,42 ლარი გადაიხადა.
ორგანიზაცია შენიშნავს, რომ ასეთი ფინანსური მაჩვენებელი იმ რეალობის გათვალისწინებითაა, როდესაც თბილისში, ფაქტობრივად, პარალიზებულია საპარკინგო სისტემის ფუნქციონირება, მძღოლები ყიდულობენ პარკირების პაკეტს, თუმცა საპარკინგო ადგილი იმდენად მცირეა, შეუძლებელი ხდება მომსახურების მიღება, კამათის საგანს იწვევს კომპანიის მხრიდან მძღოლების დაჯარიმების ფაქტების სამართლიანობაც, მაშინ, როდესაც 2014 წლის 22 მარტის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, უკონანოდ იქნა ცნობილი სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ სადგომზე გადაყვანა და გაუქმდა საჯარიმო ქვითარი, რადგანაც C.T.Park-ი მხედველობაში არ იღებდა გარემოებას, ფერხდებოდა თუ არა საგზაო მოძრაობა, ან ექმნებოდა თუ არა პრობლემა გზის უსაფრთხოებას, რითაც მნიშვნელოვნად აზიანებდა სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეთა ინტერესებს, მათ შორის აყენებდა მატერიალურ ზიანს, რაც ცალსახად წარმოადგენდა კომპანიისთის შემოსავლის გაზრდის მთავარ საშუალებას.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ მიუთითებს, რომ არც თბილისის მერიას, რომელიც პასუხისმგებელია დედაქალაქში ალტერნატიული საპარკინგო სისტემის შექმნით, არ გააჩნია მოკლევადიანი სტრატეგია, თუ რა ფორმით შეიძლება მოხდეს ქალაქში მოძრაობის განტვირთვა. მერიის წერილის თანახმად, არსებობს მხოლოდ გრძელვადიანი ხედვა, რომელიც თბილისში ახალი საპარკინგო ზოლის გაჩენას ცენტრალური რკინიგზის გადატანის შემდგომ ითვალისწინებს.
ორგანიზაცია თბილისის მთავრობასა და კომპანია C.T.PARK“ შორის დადებული ხელშეკრულების გასაჯაროებას დაუყოვნებლივ მოითხოვს და მათ შორის, მიმართავს თბილისის საკრებულოს, რათა მოხდეს საკითხის შესწავლა და დადებული ხელშეკრულების სამართლებრივი ექსპერტიზა.