ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართავს და მოითხოვს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, ჯარისკაცების საკვებით მოწამვლის ფაქტები, კვლავ „გრიფით საიდუმლო“ კატეგორიას განეკუთვნება თუ შესაძლებელია, ხელმისაწვდომი იყო საქმეებთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებების შედეგები.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ორგანიზაციამ აღნიშნულ ინფორმაციაზე, საჯარო უწყებიდან გამოხმაურება ვერ მიიღო, რაც ტოვებს ვარაუდს, რომ ჯარისკაცების მოწამვლის საქმეები, კვლავ „გრიფით საიდუმლოს“ სტატუსით სარგებლობს. მეტიც, სამხედრო მოსამსახურეების კვებითი უსაფრთხოებაში კვლავ პრობლემებია და ამ მიმართულებით, თავდაცვის სამინისტროში სისტემური ჩავარდნები გრძელდება.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ მოითხოვს დაჩქარდეს გამოძიება და საზოგადოება ფლობდეს ინფორმაციას, 2014 წლის მანძილზე, შეიარაღებულ ძალებში, სხვადასხვა ქვეით ბრიგადაში, 200–ზე მეტი ჯარისკაცის მოწამვლის ფაქტებთან დაკავშირებით. გავრცელებული ინფორმაციით, უხარისხო საკვებით, სხვადასხვა პერიოდში, ჯარისკაცები მოიწამლნენ მე–4 ბრიგადაში, ალგეთის პოლიგონის 23–ე ბრიგადაში და უფლისციხეში, ლოჯისტიკის სამხედრო ნაწილში. უფლისციხის შემთხვევა 2014 წლის 24 მარტს მოხდა, სადაც 20–მდე სამხედრო პირი მოიწამლა. ორგანიზაციის შფასებით, ფაქტებთან დაკავშირებით, საქმის გამოძიება ჭიანურდება და არაეფექტურია.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ სამინისტროს კვებითი უსაფრთხოების მიმართულებით კონტროლის გაძლიერებისკენ ისევ მიმართავს, რათა მოხდეს კვებით უზრუნველყოფაზე კონტრაქტორი კომპანიების პასუხისმგებლობა, ვინაიდან ღიად რჩება საკითხი, თუ როდემდე უნდა გრძელდებოდეს ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტები და მათზე არ ხდებოდეს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირების პასუხიმგებლობის საკითხის დასმა.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ მინისტრ ირაკლი ალასანიას, თავდაცვის სფეროში გამოცხადებული ტენდერების გამჭვირვალობის მიმართაც მოუწოდებს და მოითხოვს განმარტებებს, რამდენად არსებობს შერჩევითი პრინციპი, როდესაც ტენდერებში გამარჯვებული კომპანიის ხელმძღვანელი პირები მინისტრთან დაახლოებული პირები არიან, ხოლო დამოუკიდებელი მოთამაშეები, სახელმწიფო ტენდერების მიღმა რჩებიან. ორგანიზაცია, ამ თვალსაზრისით, ყურადღებას დაუთმობს, ცნობილ შემთხვევას, რა დროსაც, თავდაცვის სამინისტროს არასაცხოვრებელი შენობების რეკონსტრუქციასა და კაპიტალურ რემონტს განახორციელებს შპს „არქიტექტურული ბიურო“ (ს/ნ 404393483), რომლის ერთ–ერთი დამფუძნებელი და დირექტორი, თამარ ვალიშვილი, ირაკლი ალასანიასთან დაახლოებული პირია. ამასთან, არსებობს კითხვები, თავდაცვის სამინისტროს კიდევ ერთ ტენდერში, თუ რამდენად დასაბუთებულად ვერ მიიღო გამარჯვება კომპანია „დელტაკომმა“, რომლის დამფუძნებელი, IBED-–ის პარტნიორი, „კავკასიის განვითარების ფონდია“.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“, არა ერთხელ მიმართეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, რათა დროულად მომხდარიყო გადაწყვეტილებები სფეროში არსებული საკადრო, საორგანიზაციო და სისტემური პრობლემების დარეგულირებისთვის, თუმცა სამინისტრომ ორგანიზაციას ინსტიტუციური დიალოგის ფორმატში თანამშრომლობაზე უარი განუცხადა. ორგანიზაცია, რომელმაც 2013 წლის მანძილზე, საჯარო გახადა შეიარაღებულ ძალების ლოჯისტიკის სფეროში არსებული დარღვევები, სურვილის მიუხედავად, ვერ აღმოჩნდა იმ არასამთავრობო ორგანიზაციათა სამუშაო ჯგუფში, რომელიც თავდაცვის სამინისტროს შემადგენობაში შეიქმნა.