„ახალგაზრდა ადვოკატები“ 9 აპრილს დაზარალებული ოჯახებისთვის კომპენსაციის გაცემას მოითხოვს

9 აპრილი, 2014

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს და 9 აპრილს დაზარალებული ოჯახებისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნას მოითხოვს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის, ანა ბარათაშვილის განცხადებით, 9 აპრილს დაზარალებული ოჯახები, ფაქტობრივად, სოციალური დაცვის გარეშეა დარჩენილი, რადგანაც საკითხი საკანონმდებლო რეგულაციებს ახლებურად მოითხოვს, კანონის არსებული რეგულაციები კი სოციალური დაცვის გარანტიებს ვერ ქმნიან.

ორგანიზაცია, ამ მიმართულებით, საკითხის სპეციალურ მოწესრიგებას „ქ.თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარების და მათი სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში მოითხოვს, რომელიც პარლამენტმა 1999 წელს მიიღო.

ორგანიზაცია მთავრობას და პარლამენტს მიმართავს და მოუწოდებს, აღადგინოს კანონში ადრე არსებული სოციალური დახმარებები – დენის, გაზის და სხვა სახის კომუნალური გადასახადების შეღავათები. გარდა ამისა, გაეზარდოს სახელმწიფო პენსია, რომელიც დღევანდელი მდგომარობით, 22 ლარს შეადგენს. კომპენსაცია გაიცეს არამარტო კანონის მიხედვით განსაზღვრული სოციალური სტატუსის პირებზე, როგორიცაა „სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირი,“ „ღატაკი ოჯახი“ ან „უსახლკარო“, არამედ ყველა იმ პირზე, რომელიც დარეგისტრირებულია შესაბამის ორგანოში, 9 აპრილის დარბევის შედეგად დაზარალებულად.  მოქმედი რედაქციით, სწორედ „სოციალური დახმარების შესახებ“ კანონშია აღნიშნული, რომ 9 აპრილს დაზარალებული პირები კომპენსაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებენ, თუკი ისინი განეკუთვნებიან სპეციალური მზრუნველობის საჭიროების პირებს, ღატაკ ოჯახს ან უსახლკაროს.

ორგანიზაციის განცხადებით, 2006 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ძალადაკარგულად გამოცხადდა 1989 წლის 9 აპრილს დაზარალებულთათვის განკუთვნილი კომპენსაციების უმეტესი ნაწილი, მათ შორის გაზის, დენის და სხვა შეღავათები კომუნალურ გადასახადებზე. ამასთან, „სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონით განისაზღვრა, რომ კომპენსაცია გაიცემა მხოლოდ 9 აპრილს დაღუპულთა ოჯახის წევრებზე, თუმცა კანონში არაფერია ნათქვამი იმ პირების ოჯახის წევრებზე, რომლებმაც, ამ დარბევის შედეგად, მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგეს შრომისუნარიანობა.  



კომენტარები