ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, სამართლებრივ საკითხებზე მომზადებული სამეცნიერო ჟურნალის პრეზენტაცია გამართეს. სამეცნიერო ჟურნალი ორგანიზაციის სახელწოდების ქვეშ გამოიცა, რომელიც სამართლის სფეროში მოღვაწე ახალგაზრდა სპეციალისტებს, ახალგაზრდა ადვოკატებს, დამწყებ თუ მოქმედ იურისტებს შესაძლებლობას მისცემს მნიშვნელოვან სამართლებრივ თემებზე, საკუთარი პუბლიკაციები და სტატიები, ჟურნალის მეშვეობით, ფართო მკითხველამდე მიიტანოს.
ჟურნალის რედაქტორ მარიკა არევაძის განცხადებით, ჟურნალი 6 თვეში ერთხელ გამოიცემა და შემდგომ გამოცემაში ადგილი დაეთმობა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და ევროსასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების გაშუქებასაც. ამასთან, ჟურნალის გამოცემა ნავარაუდევია ინგლისურ ენაზეც. მარიკა არევაძის თქმით, ორგანიზაციამ უკვე მიმართა ეროვნული ბიბლიოთეკის ISBN-ISSN კოდების განყოფილებას და სამეცნიერო ჟურნალისთვის პერიოდული გამოცემის ISSN კოდის მინიჭება მოითხოვა.
ორგანიზაციის მიერ მომზადებულ სამეცნიერო ჟურნალის პირველ ნომერში გამოქვეყნებუოლ იქნა ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტის დოქტორანტ კახაბერ ურიადმყოფელის სტატია: „კეთილსინდისიერების პრინციპი ადმინისტრაციულ სამართალში და მისი გამოვლენის ფორმები“, კავკასიის უნივერსიტეტის დოქტორანტ მარიკა გოგოლაძის სტატია: „ნოტარიატის განვითარების ისტორიიდან“, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის დოქტორანტ ნანი ბალახაძის სტატია: „საერთაშორისო სამართლით დაცული ეთნიკურ და ენობრივ უმცირესობათა უფლებები“, სამართლის მაგისტრ სოფიო ბერიანიძის სტატია: „დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების მნიშვნელობა და ძირითადი მახასიათებლები“ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტ მაია კვირიკაშვილის სტატია: „სასამართლო–სატელეფონო საუბრების მიყურადებისას პირადი ცხოვრების დაცვის გარანტი“.