„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ კომპანია „სილქნეტს“ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში უჩივლეს

14 აპრილი, 2014

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, კომპანია „სილქნეტის“ მიმართ, საჩივარი შეიტანეს.

უფლებადამცველი ორგანიზაციის თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი კომპანიას სახელშეკრულებო ურთიერთობების უხეშ დარღვევაში ადანაშაულებს და კომპანიისგან „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას მოითხოვს.

საუბარია კომპანიასთან გაფორმებულ 2013 წლის 26 ივნისის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებების შეუსრულებლობასთან. კერძოდ, ს.ს. „სილქნეტს“, ქ. თბილისში, ვაზისუბნის ქუჩა #7–ში უნდა უზრუნველეყო ინტერნეტის მიწოდება, თუმცა ხელშეკრულების გაფორმებიდან, 6 თვის განმავლობაში, კომპანიამ ვერ შეძლო ხელშემკვრელი მხარისთვის ინტერნეტის ხარისხის გაუმჯობესება და მისი შეუფერხებელი მიწოდება. პრობლემამ სისტემური დარღვევის სახე მიიღო, რაც  კომპანიამ გამოხმაურების გარეშე დატოვა. ს.ს. „სილქნეტმა“, 6 თვის მანძილზე, ცხელი ხაზზე დატოვებული შეტყობინებების მიმართ სრული უყურადღებობა და დაუდევრობა გამოიჩინა.

ორგანიზაციამ 2013 წლის 13 დეკემბერს ს.ს. „სილქნეტის“ გენერალურ დირექტორ ლევან ბუჩუკურს ღია წერილით მიმართა და ხელშეკრულებით არსებული ვალდებულებების შესრულება მოსთხოვა. კომპანიამ სწორედ ამის შემდგომ მიიღო გადაწყვეტილება, ცენტრალური ოფისიდან, საავარიო ადგილას სპეციალური ჯგუფი მოევლინა, ხოლო 2014 წლის თებერვლის წერილში, ინტერნეტთან წვდომის აღდგენის ფაქტის საპასუხოდ განმარტა, რომ „2013 წლის დეკემბრის თვეში, კომპანიის მიერ ჩატარდა შემდეგი სახის სამუშაოები: 10.12.2013–ში შეიცვალა წყვილი გამანაწილებელ კაბელში, 18.12.2013–ში და 19.12.2013–ში შეიცვალა მოდემი“, თუმცა „ახალგაზრდა ადვოკატებმა“, რომელმაც ინტერნეტით მომსახურებისთვის, 6 თვის მანძილზე, 1500–ზე მეტი ლარი გადაიხადეს, კომპანიისგან დასაბუთებული პასუხი ვერ მიიღეს, 2013 წლის 26 ივნისიდან 2013 წლის 19 დეკემბრის მდგომარეობით, რა ტექნიკური ხარვეზი არსებობდა, რამ განაპირობა ხარვეზის წარმოქმნა და შეიძლებოდა თუ არა პრობლემების დროული აღმოფხვრა. მეტიც, კომპანიამ უარი განაცხადა იმ სატელეფონო ზარების მიწოდებაზეც, რომელიც ორგანიზაციიდან ცხელ ხაზზე ფიქსირდებოდა, 2014 წლის 19 მარტის წერილით კი, ს.ს. „სილქნეტის“ კომერციულმა დირექტორმა ნუგზარ ჩინჩალაძემ, ხელშემკრელ მხარეს მოუწოდა, „თავი შეეკავებინა შემდგომი პერმანენტული და არაფრისმთქმელი მიმოწერისგან.“ (სტილი დაცულია)

„ახალგაზრდა ადვოკატების“ თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან ს.ს. „სოლქნეტის“ მიმართ სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან წარმოშობილი მოქმედებების კანონიერების შესწავლას, კეთილსინდისიერების ფაქტის შეფასებას და მიყენებული ზიანის დადგენას მოითხოვს. კომპანიის მიმართ წაყენებული პრეტენზია, სულ 5 მოთხოვნისგან შედგება.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ს.ს. „სილქნეტის“ კეთილსინდისიერების საკითხის შესწავლის მიზნით, საქართველოს სართო სასამართლოებიდან, 2014 წლის 31 მარტის მდგომარეობით, სტატისტიკაც გამოითხოვეს, რა დროსაც, მოძიებულ იქნა 7 სამოქალაქო საქმე, სადაც მოსარჩელე ან/და მოპასუხე მხარეს ს.ს. „სილქნეტი“ წარმოადგენს. აქედან 4 საქმე დაბრუნებულია პირველი ინსტანციის სასამართლოში, 1 გადაგზავნილია საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ხოლო 2 საქმე იმყოფება თბილისის სააპელაციო სასამართლოში. ორგანიზაცია, ინტერნეტ პროვაიდერთან სახელშეკრულებო გამოცდილებიდან გამომდინარე, საქართველოში არსებული ინტერნეტ-პროვაიდერების მიერ მომხმარებელთათვის შეთავაზებული სერვისებისა და მომხმარებელთა ინტერესების, ნდობისა და უპირატესობის საკითხებითაც დაინტერესდა. შესაბამისად, სამართლის ჯგუფი საკითხთან დაკავშირებით მონიტორინგს დაიწყებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელ არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ს.ს. „სილქნეტის“ მოქმედებები კანონდარღევითი ხასიათისაა და პასუხისმგებლიანი კომპანიის მხრიდან მიუღებელია წერილებში გამოხატული აბონენტის მიმართ დაფიქსირებული შეურაცხმყოფელი ტონიც. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის გადაწყვეტილების შემდეგ, რომელსაც კომპანიასთან მიმოწერის ყველა დოკუმენტი გადაეცა, ს.ს. „სილქნეტთან“ დავა სასამართლოში გაგრძელდეს.



კომენტარები