„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ უზენაეს სასამართლოში კიდევ ერთი საქმე მოიგო

15 აპრილი, 2014

უფლებადაცვითმა ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ წარმოამდგენლობით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, წარმატებით კიდევ ერთი საქმე დასრულდა.

საკასაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება, ხოლო კასატორის საჩივარი, როგორც დაუშვებელი, განუხილველი დატოვა. დავის საგანს 10 100 ევროს ოდენობით თანხის დაკისრება წარმოადგენდა, ორგანიზაციის წარმომადგენლობით კი, სასამართლომ გაიზიარა დასაბუთება, რომლის მიხედვითაც, ნ. ჯ–ის მოთხოვნა სხვადასხვა დროს განხორციელებული გზავნილების უკუმოთხოვნის თაობაზე, სამართლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე, ეწინააღმდეგება კანონის დანაწესს, როგორც ზნეობრივი მოვალეობის შესრულების უკან დაბრუნების დაუშვებლობა. შესაბამისად, გაზიარებულ იქნა საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 976–ე მუხლის მე–2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დებულება, რომლის თანახმადაც, „უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია, თუ შესრულება შეესაბამება ზნეობრივ მოვალეობებს“.

მოსარჩელე ნ. ჯ–მ თბილისის საქალაქო სასამართლოს თანხის დაკისრების მოთხოვნით, 2012 წლის 2012 წლის 12 დეკემბერს მიმართა. დავის საგნად მითითებული იქნა თანხის დაკისრება. მოპასუხე ნ. ჯ–მ სარჩელი არ სცნო და მიუთითა, რომ ადგილი არ ჰქონდა სესხის ხელშეკრულებას. ასეთი გარემოების შემთხვევაში, ნ. ჯ. ნ. ჯ–სგან იტალიიდან გადმოგზვანილ ფულად გზავნილებს არ მიიღებდა. პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა მოპასუხისთვის 10 100 ევროს დაკისრების მოთხოვნა. სასამართლომ ვერ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რომ მოპასუხეს 10 100 ევრო გადასცა სესხის სახით. ამასთან, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება, რომ მოსარჩელისგან მიღებული 10 100 ევრო წარმოადგენდა სარჩოს სახით მიღებულ თანხას. სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი ვალდებულება მომდინარეობდა უსაფუძვლო გამდიდრებიდან. კერძოდ, მოსარჩელემ მოპასუხეს ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადასცა 10 100 ევრო. ამიტომაც, მოპასუხეს ეკისრებოდა თანხის დაბრუნების ვალდებულება.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქმისწარმოების პროცესში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ეტაპზე ჩაერთვნენ. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ნ. ჯ–ს მიერ იტალიიდან გამოგზვანილი თანხების ოდენობა და გამოგზავნის პერიოდულობა ნ. ჯ–სთვის წინასწარ არასოდეს იყო ცნობილი და ყოველი კონკრეტული თანხის გამოგზვანის თარიღის და ოდენობის შესახებ, მისთვის ცნობილი ხდებოდა სატელეფონო ზარის შემდგომ უშუალოდ თანხის გამოგზვანის წინ. შესაბამისად, გაზიარებულ იქნა საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 976–ე მუხლის მე–2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის გარემოება, რომლის მიხედვითაც, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია, თუ ეს შესრულება შეესაბამება ზნეობრივ მოვალეობებს. მხარემ სასამართლოს გზვანილი თანხების მიზნობრიობის დასასაბუთებლად, ზნეობრივი მოვალეობის შესრულების კონკრეტული ფაქტები წარუდგინა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ წარმომადგენლობით, სააპელაციო და საკასაციო ეტაპზე, საქმეზე დაცვა ორგანიზაციის თანადამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განახორციელა. 2014 წელს, ორგანიზაციამ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, უკვე 2 საქმე მოიგო.

 

 



კომენტარები