საპროცესო შეთანხმების რეფორმამ დაზარალებულის მხარედ წარმოდგენაც უნდა უზრუნველყოს

30 აპრილი, 2014

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, საპროცესო შეთანხმების ძირითად პირობად სასჯელზე შეთანხმება აღარ იქნება.

ორგანიზაციის იურისტის, ლევან ბერაძის განცხადებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ პარლამენტში წარდგენილი საკანონმდბელო წინადადება, საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის მეტ სამართლებრივ გარანტიებს ქმნის და პროცესის მონაწილეების უფლებრივ მდგომარეობას მკვეთრად აუმჯობესებს. საპროცესო შეთანხმების საფუძველი იქნება არა სასჯელზე, არამედ ბრალზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და სასჯელზე უთანხმდება პროკურორს. მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებამ უნდა უზრუნველყოფს ბრალდებულის მხრიდან ბრალის აღიარება  ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ძალადობით გარეშე, რომელსაც ადგილი ჰქონდა საპროცესო ინსტიტუტის ფარგლებში. განხილული კანონპროექტის წარმატებულ მხარედ უნდა ჩაითვალოს პროკურორის მიერ დამატებითი ფაქტორების გათვალისწინებაც. კერძოდ, სახელმწიფოს სამართლებრივი პრიორიტეტები, მოსალოდნელი სასჯელის სიმძიმე, ბრალეულის საზოგადოების საშიშროება, ბრალეულობის ხარისხი, დანაშაულის ხარისხი, ნასამართლეობა, გამოძიებასთან თანამშრომლობა და სხვა, მაშინ, როდესაც, მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, პროკურორი საპროცესო შეთანხმების დადებისას მხოლოდ  სასჯელის სიმძიმეს, ქმედების მართლწინააღმდეგობას და ბრალეულობის ხარისხს ითვალისწინებს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“, ცვლილებების პროცესში, ყურადღებას დაუთმობს საპროცესო ინსტიტუტის გაუმჯობესების კიდევ ერთ ახალ დებულებას, რომლის მიხედვითაც, პროცესის მონაწილეებს შორის გაფორმდება საპროცესო შეთანხმების ოქმი, სადაც აისახება ბრალდებულსა და პროკურორს შორის მოლაპარაკების პროცესი და დოკუმენტი ხელმისაწვდომი იქნება ბრალდებულისთვის და მისი კანონიერი ინტერესების დამცველებისათვის.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის რეფორმის პროცესში, იმ აუცილებელი, სხვა სამართლებრივი გარანტიების შექმნასაც მოითხოვენ, რომელიც პროცესში მონაწილე მხარეს დაზარალებულის სტატუსს მიანიჭებს. ორგანიზაცია, მართალია, საპროცესო შეთანხმების დადების პროცესში, დაზარალებული მხარის უფლებების გაზრდას დადებით მოვლენად მიიჩნევს, თუმცა სრულყოფილი კანონის არსებობისთვის, დაზარალებულის მხარედ წარმოდგენის აუცილებლობაზეც მიუთითებს. ვიდრე დაზარალებულს არ დაუბრუნდება საპროცესო უფლება და არ გახდება მხარე, მხარეს მუდმივად ექნება პრეტენზია სახელმწიფოსთან, რადგანაც პროცესის მონაწილე მხარისთვის, პრიორიტეტია არა მხოლოდ კომპენსაცია, არამედ იმის ცოდნა, რამდენად სრულად დაიცვა სახელმწიფომ მისი კანონიერი ინტერესები.

ორგანიზაცია საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის რეფორმის პროცესში, ფართო საზოგადოებრივი დისკუსიის უზრუნველყოფასაც მოითხოვს, რათა ცვლილებების კანონიერ ძალაში შესვლამდე, სათანადოდ შეფასდეს 2003–2012 წლების მმართველობის მკაცრი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკა („ნულოვანი ტოლერანტობა“) და გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები იდენტიფიცირებული პრობლემების აღმოსაფხვრელად.  



კომენტარები