ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ახალი რექტორის არჩევა, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცედურების დაცვით მოხდა. დაცული იქნა ხმის მიცემის ფარულობა და არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, პრეტენზია ან შენიშვნა, რომლითაც საარჩევნო კომისიის მუშაობა ან/და საარჩევნო დღე უარყოფითად შეფასდებოდა. უნივერსიტეტის რექტორი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შედეგად იქნა არჩეული. თსუ–ში, 2004 წლის შემდეგ, პირველი თავისუფალი არჩევნები ჩატარდა.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ყურადღება დაუთმო, უნივერსიტეტში, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში მდგომარეობას, ასევე არჩევნების დღის პროცედურულ ნაწილს. ორგანიზაციამ მოახდინა რექტორის არჩევნების მონიტორინგი და დაკვირვება. მონიტორინგის ფარგლებში, ორგანიზაციამ რექტორობის რეგისტრირებულ 14 კანდიდატთან წერილობითი კომუნიკაცია და მათი ანკეტური გამოკითხვა მოახდინა, ხოლო დაკვირვების ეტაპზე, შეფასდა საარჩევნო დღის პროცედურული მხარე და არჩევნების შედეგები. ორგანიზაციამ მოამზადა დოკუმენტი, რომელიც უნივერსიტეტში არჩევნების გამჭვირვალობის საკითხებს ეხება. კვლევაში მონაწილეობა, სულ რექტორობის 10 კანდიდატმა მიიღო.
I კითხვაზე: „როგორ ფიქრობთ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2013 წლის 16 აგვისტოს რექტორის არჩევნებისთვის უზრუნველყოფილია თუ არა არჩევნების გამჭვირვალობის საკითხი?“, პასუხი ასე გადანაწილდა: უზრუნველყოფილია გამჭვირვალობა (7 კანდიდატი); არ არის უზრუნველყიფილი გამჭვირვალობა (2 კანდიდატი); შეფასებისგან თავი შეიკავა (1 კანდიდატი)
II კითხვაზე: „წინასაარჩევნო პერიოდში, გქონდათ თუ არა შესაძლებლობა თქვენი საარჩევნო პროგრამა გაგეცნოთ უნივერსიტეტის სამეცნიერო, აკადემიური და სტუდენტური საზოგადოებისათვის? გთხოვთ, ფაქტობრივი გარემოებებით გაამყაროთ თქვენი შეფასება?“, პასუხი ასე გადანაწილდა: არსებობდა შესაძლებლობა (8 კანდიდატი); არ ჰქონდა შესაძლებლობა (1 კანდიდატი); ნაწილობრივ მიეცა შესაძლებლობა (1 კანდიდატი)
III კითხვაზე: „თქვენი აზრით, რექტორის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდისთვის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოქმედი რექტორატისა და ადმინისტრაციის მხრიდან ხომ არ ყოფილა რექტორობის რომელიმე კანდიდატის მიმართ უპირატესობის მინიჭება? რა ფაქტობრივ გარემოებებს ემყარება თქვენი შეფასება“, პასუხი ასე გადანაწილდა: რექტორობის რომელიმე კანდიდატის მიმართ უპირატესობა არ ყოფილა (6 კანდიდატი); პასუხისგან თავი შეიკავა (2 კანდიდატი); რექტორობის ერთი კანდიდატის მიმართ უპირატესობა იყო (2 კანდიდატი)
IV კითხვაზე: „თქვენი აზრით, რამდენად ეფექტურად მუშაობს თსუ–ის რექტორის არჩევნებისთვის შექმნილი საარჩევნო კომისია? როგორ შეფასდება საარჩევნო კომისიის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და კომპეტენტურობის საკითხი?“, პასუხი ასე გადანაწილდა: საარჩევნო კომისიის ეფექტური მუშაობა არსებობდა (7 კანდიდატი); საარჩევნო კომისია არაეფექტურად მუშაობდა (2 კანდიდატი); საარჩევნო კომისიის ეფექტურ მუშაობის შეფასებისგან თავი შეიკავა (1 კანდიდატი)
V კითხვაზე: „როგორ ფიქრობთ, რამდენად მაღალია თსუ–ის აკადემიური საბჭოს ნდობისა და დამოუკიდებლობის ხარისხი?“, პასუხი ასე გადანაწილდა: აკადემიური საბჭოს ნდობა და დამოუკიდებლობა არსებობს (4 კანდიდატი); აკადემიური საბჭოს ნდობისა და დამოუკიდებლობის შეფასებისგან თავი შეიკავა (4 კანდიდატი) აკადემიური საბჭოს მიმართ უნდობლობა (2 კანდიდატი)
ორგანიზაციამ მონიტორინგის პროცესში, წინასაარჩევნო პერიოდში სხვადასხვა პრობლემების იდენტიფიცირებაც მოახდინა. კერძოდ,
- რექტორობის კანდიდატების წინასაარჩევნო შეხვედრების იდენტური დრო, რომელიც მეორე კანდიდატს ხელს უშლიდა საკუთარი პროგრამის უფრო ფართო აუდიტორიის წინაშე წარდგენაში;
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში რექტორობის რამდენიმე კანდიდატის მიმართ დათმობილი უფრო ვრცელი საგაზეთო ფართი;
- ქართული მედიაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის წინასაარჩევნო პერიოდის მიმართ გამოვლენილი ნაკლები ყურადღება;
- სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის შეუძლებლობა და რექტორის არჩევნების გამართვის საზაფხულო პერიოდი, უნივერსიტეტისთვის დასვენებისა და შვებულებების პერიოდში;
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიცილაური ვებ–გვერდის მიერ დაგვიანებული, ხშირ შემთხვევაში ინფორმაციის ნაკლებობა რექტორობის კანდიდატების შეხვედრების გრაფიკისა და შეხვედრების შემდგომი გაშუქებისათვის;
- რექტორობის კანდიდატებთან სტუდენტების მხირდან შეხვედრების ნაკლები ინიციატივა.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, იმ ტექნიკური და საორგანიზაციო სახის საკითხებმა, რომლებსაც ადგილი ჰქონდა წინასაარჩევნო პერიოდში, გავლენა ვერ იქონია არჩევნების შედეგებზე. ანკეტური გამოკითხვით დადასტურდა, რომ რექტორობის კანდიდატობის უმრავლესობას შესაძლებლობა ჰქონდა ეწარმოებინა წინასაარჩევნო კამპანია და წარმსდგარიყო საკუთარი პროგრამით აკადემური საბჭოს წინაშე. რექტორობის კანდიდატების უმრავლესობის შეფასებებმა ცალსახად მიუთითეს თსუ–ის არჩევნების დეპოლიტიზირების ნამდვილობაზე. უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები თავისუფალი აღმოჩნდა პოლიტიკური პარტიების ინტერესებისგან. 2013 წლის რექტორის არჩევნები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გამოარჩევდა 2004–2010 წლებში ჩატარებულ ყველა მმართველობის დონის არჩევნების პროცესს, რომელიც ნაკარნახევი იყო ხელისუფლების მხრიდან უნივერსიტეტის ავტონომიაში უხეში ჩარევით და უნივერსიტეტის გადაწყვეტილებების პროცესში გავლენის მოპოვებით.