„IC GROUP“ მომხმარებლის უფლებებს უხეშად არღვევს

20 ივნისი, 2014

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“, სადაზღვევო კომპანია „IC GROUP“–ის მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სარჩელი შეიტანა, რითაც სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის, 4643.75 ლარის ანაზღაურებას მოითხოვს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ თანადამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ორგანიზაცია კომპანია „IC GROUP“–ისგან 2013 წლის 30 სექტემბრიდან დღემდე, უშედეგოდ მოითხოვს თორნიკე რომანაძის მიმართ სადაზღვევო ხელშეკრულებითი ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, თუმცა კომპანიის გენერალურ დირექტორ თემურ მერზურნიშვილის მიმართ გაგზავნილ არც ერთ წერილობით მიმართვას, შედეგი არ მოჰყოლია, „IC GROUP”-ის სამედიცინო დაზღვევის რისკების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა, თამარ მესხიძემ კი, თავისი წერილით, ორგანიზაციას პროფესიული ღირსება შეულახა. „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ „IC GROUP“–ის მიმართ საქმის სასამართლოში გაგრძელების გადაწყვეტილებაც, კომპანიის მხრიდან გამოვლენილი გულგრილობისა და დაზარალებულის საუკეთესო ინტერესებიდან გამოდმინარე მიიღეს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, სადაზღვევო ბაზარზე კომპანია „IC GROUP“ ერთადერთი არ არის, რომლის მიმართაც, დაზღვეული მოქალაქეების მხრიდან, საფუძვლიანი პრეტეზიები გამოითქმის. სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის გამო, თორნიკე რომანაძემ „IC GROUP”-თან სახელშეკრულებო ურთიერთობების გაგრძელებაზე უარი უკვე განცხადა. მოქალაქე ბათუმიდან თბილისში, 2012 წლის 21 დეკემბერს, ჯანმრთელობის გართულების უკიდურესი ფორმებით იქნა გადმოყვანილი, რასაც ადასტურებს „მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა", მაგრამ დავის პროცესში, „IC GROUP“ არ იზიარებს სინამდვილეს, თითქოსდა თორნიკე რომანაძის მიმართ სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარებული ჩარევები ყოფილიყო გადაუდებელი და საჭირო. მკურნალობამ მოიცვა 2012 წლის 21 დეკემბრიდან 2013 წლის 14 იანვრის ჩათვლით პერიოდი. აღსანიშნავია, რომ თორნიკე რომანაძის, შემდგომ პერიოდში, აღარ დასჭირვებია სამედიცინო ჩარევა, ვინაიდან მიღებულმა სწორმა მკურნალობამ, მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა გადაარჩინა.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ სასამართლოს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ყველა დოკუმენტური მტკიცებულება წარუდგინეს. მხარემ, რომელმაც კლინიკას გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების მიზნით, 2012 წლის 21 დეკემბერს მიმართა, კომპანიასთან არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობების პირობების დაცვით, სტაციონარში განთავსებიდან 24 საათის ვადაში, უშუალოდ დაუკავშირდა კომპანიას, იმყოფებოდა ოფისში და დატოვა შეტყობინება თორნიკე რომანაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის, თბილისში გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციისა და გაწეული ხარჯის ანაზღაურების შესახებ. მეტიც, მოსარჩელის დედა, სულ 5–ჯერ იმყოფებოდა მზღვეველი კომპანიის ოფისში, ვინაიდან არც ერთ ეტაპზე, კომპანიამ არ მოახდინა გამოხმაურება, არ აანაზღაურა გაწეული სამედიცინო მომსახურების წარდგენილი ხარჯი, გარდა 21 დეკემბრის სამედიცინო მომსახურების შემთხვევისა, რომელიც შემდგომში კომპანიის კეთილ ნებად დასაბუთდა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ სარჩელს კომპანია „IC GROUP“–ის მიმართ, მოსამართლე ლევან გვარამია განიხილავს, პირველი სხდომა კი 23 ივნისს გაიმართება. დაზარალებულის ინტერესებს არჩილ კაიკაციშვილი და ანა რაიბული დაიცავენ. 



კომენტარები