თავდაცვის სამინისტროში საკადრო და სისტემური პრობლემები გრძელდება

17 აგვისტო, 2013

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სისტემური პრობლემების შესახებ მინისტრ ირაკლი ალასანიას კიდევ ერთხელ მიმართავს.

ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს სამინისტროში არსებულ საკადრო პრობლემებსა და შეიარაღებულ ძალებში შექმნილ ვითარებაზე. კერძოდ, როგორც „ახალგაზრდა ადვოკატებს“ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრებმა აცნობეს, შეიარაღებული ძალების სამხედრო ნაწილებში ინფექციური დაავადებების რიცხვმა იმატა. საუბარია ჩუტყვავილას მასობრივ გავრცელებაზე გორის სამხედრო ბაზაზე დისლოცირებულ ვაშლიჯვრის სპეცნაზმის მოსამსახურეებში.

მიღებული ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეების მიმართ, სამედიცინო დახმარების აღმოჩენის პროცესში, დაშვებულ იქნა შეცდომა. ჩუტყვავილას ვაქცინაციის ნაცვლად, განხორციელდა სხვა ვირუსული დაავადების საწინააღმდეგო სამედიცინო დახმარება.

„ახალგაზრდა ადვოკატებს“ მიგვაჩნია, რომ უკვე მერამდენედ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, სისტემურ და საკადრო პრობლემებს აქვს ადგილი. ორგანიზაცია მიუთითებს, რომ ასეთი შემთხვევები არაპროფესიონალიზმზე და სისტემაში საკადრო პოლიტიკის ხარვეზებზე მიუთითებს. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, შესწავლილ იქნეს, როგორც გორის სამხედრო ბაზაზე მომხდარი ფაქტი, ასევე მინისტრმა გადახედოს საკადრო პოლიტიკას. პასუხს მოითხოვს პრესაში გამოქვეყნებული ინფორმაციაც. რომლის თანახმადაც, თავდაცვის სამინისტროში, დღემდე, მაღალ თანამდებობებს, კოდ–ის და სოდი–ის ყოფილი მაღალი უფლებამოსილების მქონე პირები იკავებენ.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მიმართავს თავდაცვის მინისტრს, რათა უზრუნველყოს უწყების ყველაზე მნიშვნელოვანი – უსაფრთხოების დაცვა სწორი საკადრო პოლიტიკით. ამ თვალსაზრისით, პასუხს საჭიროებს საკადრო პოლიტიკა სამხედრო პოლიციაშიც. არსებული ინფორმაციით, სწორედ სამხედრო პოლიციაა დაკომპლექტებული კუდ–ისა და სოდ–ის ყოფილი თანამშრომლებით. აგრეთვე, საუბარია საკადრო პოლიტიკის მიმართულებით არსებულ ნეპოტიზმის ფაქტებზე, რაც საერთო ჯამში, სერიოზულ გადახედვას საჭიროებს. სამინისტროს მხრიდან, ამ მიმართულებით, უპასუხოდაა დატოვებული 2013 წლის 9 აგვისტოს, გაზეთ „რეზონანსში“გამოქვეყნებულ პუბლიკაციაც, რომლიც საკადრო პოლიტიკის შეცდომებზე კონკრეტულ ფაქტებს შეიცავს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ კიდევ ერთხელ მივმართავთ საქართველოს თავდაცვის მინისტრს, რათა დროულად მიიღოს გადაწყვეტილებები სფეროში არსებული საკადრო, საორგანიზაციო და სისტემური პრობლემების დარეგულირებისთვის. სამწუხაროა, როდესაც სამინისტრო დღემდე უპასუხოდ ტოვებს ორგანიზაციის მიერ გახმაურებულ ფაქტს, სენაკის სამხედრო ბაზაზე, 52 ჯარისკაცის საკვებით მოწამვლის შესახებ. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული შემთხვევაც, სწორედ არასწორი მმართვის მენეჯმენტისა და საკადრო პოლიტიკის შედეგია.



კომენტარები