„ახალგაზრდა ადვოკატები“, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის, პროექტ „ერთად ევროპული არჩევანისთვის“ ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონის მარნეულის მუნიციპალიტეტსა და სამცხე–ჯავახეთის რეგიონის ახალციხის მუნიციპალიტეტში შეხვედრას გამართავს. ორგანიზაცია შეხვედრებს 1 ივლისს ახალციხეში, ხოლო 3 ივლისს მარნეულში გამართავს. ორგანიზაცია გამართავს საჯარო ლექციას საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ და რეგიონის სამოქალაქო ჯგუფებთან ფართო დიალოგის ფონზე, წარმოაჩენს საქართველოს ევროპული არჩევანის ინსტიტუციურ მდგრადობას და უპირატესობას.
„ახალგაზრდა ადვოკატები“, პროექტის განხორციელების პროცესში, უზრუნველყოფს აქტიურ კომუნიკაციას არაქართულენოვანი რეგიონის საგანამნათლებლო დაწესებულებებთან, პროფესიულ სასწავლებლებთან, ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან. მოამზადებს მათთან შეხვდრებს, თემაზე გაიმართება საჯარო ლექცია, გამოიცემა საინფორმაციო გაზეთი საქართველოს ევროპული არჩევანის შესახებ, პროექტში მონაწილე წევრები გაზეთის გავრცელებას თავად მოახდენენ ადგილობრივ მოსახლეობაში. ამასთან, ორგანიზაცია თემაზე: „საქართველო ევროკავშირის გზაზე“, გამოაცხადებს ანალიტიკური სტატიების კონკურსს, ფორმირებას გაუკეთებს საკონკურსო კომისიას და მოამზადებს დასკვნით კონფერენციას შერჩეულ რეგიონებში. ორგანიზაცია, კონკურსის შედეგად გამოსცემს გამარჯვებული ნაშრომების კრებულს და დააჯილდოვებს წარმატებული თემის ავტორებს. ამასთან, პროექტის ფარგლებში.
პროექტს მხარდაჭერა უკვე გამოუცხადეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა, სამცხე ჯავახეთისა და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატმა, მარნეულისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების საკრებულოებმა, ადგილობრივმა საგანმანათლებლო რესურსენტრებმა. ამ დრომდე, ორგანიზაცია თანამშრომლობაზე თანხმობას ელოდება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოში ევროკავშირისა და ევროსაბჭოს წარმომადგენლობებისგან.
პროექტით გათვალისწინებულ მუნიციპალიტეტებში შეხვედრის შემდგომ, გამოცხადდება კონკურსი, ხოლო სექტემბერში გამოვლინდებიან გამარჯვებული ავტორები.
ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოს ევროპული არჩევანი საპასუხისმგებლო, ისტორიული მომენტია, ამ პროცესში კი ახალგაზრდების ჩართულობა ახალი საზოგადოებრივი თვითშეგნების, მართლწესრიგისა და სოციალური გარემოს შექმნისთვის ერთ–ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი. პროექტის მომზადება სწორედ ამ მიზნებით გახდა აუცილებელი, რადგანაც ჯერ კიდევ სათანადოდ არ ხდება, მათ შორის ეთნიკურად უმიცრესობაში მყოფი ახალგაზრდების ინფორმირება, თუ რა პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. პრობლემის დაძლევისთვის საჭიროა ახალგაზრდებს ჰქონდეთ ინფორმაცია ევროპული არჩევანის სიკეთეებისა და მნიშვნელობის შესახებ.
ორგანიზაცია პროექტს „ერთად ევროპული არჩევანისთვის“ 05/05/2014 – 05/09.2014 შუალედში განახორციელებს. ორგანიზაცია, აღნიშნულ ინიციატივას, სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის“ საგრანტო პროექტის ფარგლებში ახორციელებს.